კუპრაძე: მოსახლეობას 6 მლრდ ინვესტიციას ჰპირდებოდნენ და არაფერი ჩანს - არაბული ინვესტიციები, რეალურად, არ არსებობს
"ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კუპრაძე აცხადებს, რომ არაბულ საინვესტიციო პროექტთან დაკავშირებით „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა. მისი განცხადებით, ხელისუფლების მიერ დაანონსებული 6 მილიარდიანი ინვესტიცია ამ დრომდე არ განხორციელებულა, ხოლო გასაიდუმლოებული ხელშეკრულება კითხვებს აჩენს.
„ანტიქართული ოცნების“ ე.წ. პრემიერმა საზოგადოებას თავი არაბული სამშენებლო კომპანიის „პრომობიჭუნად“ დაამახსოვრა. ყველა პირობა დაირღვა. მოსახლეობას 6 მილიარდიან ინვესტიციას ჰპირდებოდნენ და არაფერი ჩანს - არც 6 მილიარდი, არც ინვესტიცია, არც ინფრასტრუქტურა. არაბული ინვესტიციები, რეალურად, არ არსებობს. ამიტომაც გაასაიდუმლოვა „ქართულმა ოცნებამ“ ხელშეკრულება, რომ დაემალა, როგორ გაძარცვა რეალურად, თქვენი სიმდიდრე. საქართველოს შუაგულში, დედაქალაქთან ძალიან ახლოს, ვიღაც არაბულ კომპანიას აჩუქა [ტერიტორიები], რომლის უკანაც, თითქმის დარწმუნებული ვარ, თავად ივანიშვილი, კობახიძეები და სხვები დგანან. არ არსებობს არანაირი რაციონალური არგუმენტი, როგორ შეიძლებოდა კომპანიისთვის გეჩუქებინა ასეთი დიდი სიმდიდრე, 6 მილიარდი ინვესტიციის დაპირება ყოფილიყო და არაფერი შემოსულიყო. 1 წელი გავიდა, არანაირი ინვესტიცია არ შემოსულა. ინვესტორთა ქვეყნების ჩამონათვალში არც კი ფიგურირებს ის არაბული მხარე, რომელსაც უკვე უნდა შემოეტანა ამ ქვეყანაში მინიმუმ, ასეულობით მილიონი ინვესტიცია. ეს არის მძიმე ტყუილი, რასაც თან ახლავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები და აუცილებლად დაისჯება თითოეული ადამიანი იმ ძარცვისთვის, რაც საქართველოს ამ გასაიდუმლოებული ხელშეკრულების პირობებში გაუკეთეს,“ - განაცხადა კუპრაძემ.