წითლიძე: თუ სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის შექმნით ჩვენ ტერიტორიული ერთიანობა ხელვყავით, "ოცნებამ" რატომ არ გააუქმა ის 13 წლის განმავლობაში?
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე დაინტერესდა, რატომ არ გააუქმა „ქართულმა ოცნებამ“ სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაცია 13 წლის განმავლობაში, თუ ის ანტიკონსტიტუციური იყო.
- ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შეიქმნა დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის შექმნაზე, როგორც სამშვიდობო პროცესის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებათა მაგალითზე საუბარია წულუკიანის კომისიის დასკვნაში, რომელიც პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელის მთავარი მტკიცებულებაა.
მან ხაზი გაუსვა, რომ 2012 წელს ხელისუფლებაში მოსულმა „ოცნებამ“ არათუ გააუქმა დროებითი ადმინისტრაციის შექმნის კანონმდებლობა, არამედ 13 წლის განმავლობაში იყენებდა მას.
"13 წლის განმავლობაში ნიშნავდნენ ხელმძღვანელებს და მე-14 წლის თავზე უცებ გაახსენდათ, რომ ეს ყველაფერი ანტიკონსტიტუციურია", - განაცხადა წითლიძემ.
- ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული 2007 წელს შეიქმნა და 2026 წლამდე ფუნქციონირებდა „ოცნების“ ხელისუფლებაშიც. სააკაშვილის დანიშნული დიმიტრი სანაკოევი 2024 წლამდე ხელმძღვანელობდა ადმინისტაციას.
მოსარჩელეს გამოტანილი აქვს ასეთი საკითხი - 2007 წელს საქართველოს იმჟამინდელმა ხელისუფლებამ სამაჩაბლოს იმ ტერიტორიაზე, რომელზეც საქართველოს კონტროლი ვრცელდებოდა, დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის შექმნით სამართლებრივად აღადგინა 1990 წელს გაუქმებული ავტონომიური ოლქის საზღვრებიო. მოსარჩელე ამას სახელმწიფოს ინტერესების ღალატად აფასებს. ეს არის ტყუილი.
რეალურად, 2007 წელს, მიღებული კანონის საფუძველზე შეიქმნა ჩვეულებრივი ადმინისტრაციული ერთეული, მუნიციპალიტეტის მსგავსი და არა პოლიტიკურ-სამართლებრივი სუბიექტი, როგორიც არის ავტონომიური ოლქი. თუ ეს ქმედება ღალატი იყო, მაშინ მაინტერესებს, (ალბათ, თქვენც გაინტერესებთ), რა იყო ამ კანონის ბედი?2013 წელს კანონში შევიდა ცვლილებები, რომლებიც მმართველობის ფორმის ცვლილებით იყო გამოწვეული და პირიქით, გაძლიერდა მთავრობის ხელმძღვანელის როლი. უფრო მეტიც, 2024 წელს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დროებითი ადმინისტრაციული ერთეულის ახალ ხელმძღვანელად წარადგინა თამაზ ბესტაევი. ანუ, ეს კანონი ქართული ოცნებისთვის 13 წლის განმავლობაში პრობლემა არ იყო. 13 წლის განმავლობაში ნიშნავდნენ ხელმძღვანელებს და მე-14 წლის თავზე უცებ გაახსენდათ, რომ ეს ყველაფერი ანტიკონსტიტუციურია. თუ ჩვენ ტერიტორიულ ერთიანობა ხელვყავით ამით, მაშინ ამ 13 წლის განმავლობაში, რა არგუმენტი ჰქონდათ, რომ არც ერთხელ არ გახსენებიათ ამ კანონის არაკონსტიტუციურობა? არცერთხელ არ მოუმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის?“, - განაცხადა წითლიძემ.
საკონსტიტუციო სასამართლოში მეხუთე დღეა „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა, რომლითაც მოთხოვნილია ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადება და აკრძალვა.
პროცესი ახსნა-განმარტებების ეტაპზეა გადასული.
საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: - “ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; “კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია მელია გირჩი დროა“; “ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, “ფედერალისტური პარტია“ და პარტია “გახარია საქართველოსთვის“.