"რატომ წვალობენ, პირდაპირ შექმნან მდინარაძის სამინისტრო" - გია ხუხაშვილი

29.07.26 21:55
"რატომ წვალობენ, პირდაპირ შექმნან მდინარაძის სამინისტრო" - გია ხუხაშვილი

"რატომ წვალობენ, პირდაპირ შექმნან მდინარაძის სამინისტრო" - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი მამუკა მდინარაძის ახალ თანამდებობაზე დანიშვნას. 

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ქართულ პოლიტიკაში დენდროლოგიური პარკი შექმნა - "ხეს დარგავს, მერე მორწყავს, მერე ეს ხე იზრდება, თუ მოწონს ძალიან სახლთან ახლოს დარგავს, მერე რაღაც თვალში არ მოუვა, მობეზრდება აქედან ამოთხრის, იქიდან გადარგავს". 

გია ხუხაშვილი აღნიშნავს, რომ რეალურად "ქართულ ოცნებაში" არანაირი გუნდი არ არსებობს და საკადრო გადაწყვეტილებებს ერთი ადამიანი და მისი გარემოცვა იღებს. 

რატომ წვალობენ, გაუგებარია, პირდაპირ შექმნან მდინარაძის სამინისტრო და რაც უნდათ მერე ის დაავალონ, ხან ის დაავალონ, ხან ეს და რათ უნდა ამდენი გადაადგილება, მდინარაძის სახელმწიფო სამინისტრო და მორჩება, დაისვენებს ისიც და დავისვენებთ ჩვენც. 

რაც შეეხება თვითონ ამ პროცესს, არანაირი გუნდი რეალურად არ არსებობს, საკადრო გადაწყვეტილებები არანაირ გუნდში არ მიიღება, იღებს ერთი ადამიანი და მისი გარემოცვა და ეს გარემოცვა შეიძლება სულაც არ იყოს თანამდებობებზე, გარემოცვა შეიძლება იყოს ბიძაშვილი, მამიდაშვილი, ვიღაც ახლობელი, აი მაგალითად ვისთან რა შეეშალა კულტურის მინისტრს ჩვენ ხომ არ ვიცით, ვიღაცაზე ძვირფასი ჩანთით გაიარა სადღაც შეიძლება და ვიღაცას ეს არ მოეწონა, ჩემზე ძვირიანი ჩანთა ამას რატომ უჭირავსო, ან ეს ჩანთა მე მინდოდა და ამას რატომ აქვსო, ან ვირაცისნაირი კაბა ჩაიცვა, რაღაც ასეთი შეეშალა და მერე ამბავი მიუტანეს, ვინც ამ გადაწყვეტილებას იღებს და იმან ფეხები დააბაკუნა. 

მდინარაძესთან, თქვენ იცით მე მას რა დავარქვი თავის დროზე, ქართული პოლიტიკის რობინზონ კრუზო, მარკო პოლო შეიძლება ვუწოდოთ. საქმე იმაში გახლავთ, რომ ეს მანკიერი სისტემა, რომელშიც თანამდებობისთვის კი არ ეძებენ პერსონებს, არამედ პერსონებისთვის ეძებენ თანამდებობებს, ეს ავტორიტარიზმისთვის დამახასიათებელია, მით უმეტეს, როდესაც არჩევანი მაინც და მაინც დიდი აღარაა, სულ ვიწროვდება ყოველდღიურად და გამომდინარე იქიდან, რომ ნდობის ფაქტორზეა აგებული მხოლოდ საკადრო გადაწყვეტილებები, ასეთი ხალხი ახლა ცოტა დარჩა, შემოეცალა, შემოეფერთხა და გლახაობენ რაღაცას. 

ბიძინასთვის გუნდი არ არსებობს, ბიძინამ ქართულ პოლიტიკაში, ხელისუფლებაში შექმნა ერთგვარი დენდროლოგიური პარკი, იცით თქვენ, რომ ხეები, მცენარეები უყვარს, ცოცხალი არსებები არ უყვარს ბიძინას და ახლა ამით არის დაკავებული, ხეს დარგავს, მერე მორწყავს, მერე ეს ხე იზრდება, თუ მოწონს ძალიან სახლთან ახლოს დარგავს, მერე რაღაც თვალში არ მოუვა, მობეზრდება აქედან ამოთხრის, იქიდან გადარგავს. ჩვენ ხელისუფლება კი არ გვყავს, ეს არის დენდრო პარკი," - განაცხადა გია ხუხაშვილმა. 

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა იქმნება. აღნიშნულ თანამდებობას მამუკა მდინარაძე შეითავსებს. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.  

ამასთან, კულტურის მინისტრმა თანამდებობა დატოვა. შესაბამის განცხადება თიკა რუხაძემ გუშინ სოციალურ ქსელში გაავრცელა. 

რუხაძემ გადადგომის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა და თქვა, რომ მას საგანგებო კურსის გავლა ესაჭირეობა, რის გამოც “მინისტრის მოვალეობას ჯეროვნად ვეღარ შეასრულებს."

დღეს ასევე „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა გიორგი სიორიძემ განაცხადა, რომ თინათინ რუხაძის თანამდებობის დატოვება ხელისუფლებაში არსებულ სისტემურ კორუფციაზე მიუთითებს. მისი შეფასებით, კორუფცია ხელისუფლების ყველა დონეზეა გავრცელებული და ამ პრობლემას ცალკეული მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობაში მიცემა ვერ მოაგვარებს.

მსგავსი სიახლეები