გზავნილი ვაშინგტონიდან: საქართველოს ხელისუფლებაზე მიზნობრივი ზეწოლა უნდა გაიზარდოს

31.07.26 14:05
გზავნილი ვაშინგტონიდან: საქართველოს ხელისუფლებაზე მიზნობრივი ზეწოლა უნდა გაიზარდოს

საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადებას საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი იან კელი და სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე დევიდ კრამერი ავრცელებენ. მათ მიერ Just Security-ში გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ აშშ-მ და ევროკავშირმა საქართველოს ხელისუფლების მიმართ მიზნობრივი ზეწოლა უნდა გააძლიერონ, რათა, მათი განცხადებით, თავიდან აიცილონ ოპოზიციური პარტიების შესაძლო აკრძალვა და მათი ლიდერების დაპატიმრება.

სტატიის ავტორები წერენ, რომ, მათი შეფასებით, მმართველი პარტიის მიზანია ქვეყანაში ერთპარტიული მმართველობის ჩამოყალიბება. ისინი ასევე საუბრობენ სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და ოპოზიციის მიმართ განხორციელებულ ნაბიჯებზე და აცხადებენ, რომ დასავლეთმა საქართველოს საკითხს მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს.

იან კელი და დევიდ კრამერი მიიჩნევენ, რომ ვაშინგტონმა სანქციების გამოყენება უნდა განიხილოს იმ ქართველი ოფიციალური პირების მიმართ, რომლებიც, მათი შეფასებით, დემოკრატიული ინსტიტუტების შესუსტებაში მონაწილეობენ, ხოლო ევროკავშირს ანალოგიური ზომების მიღებისკენ მოუწოდებენ.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ დასავლელი დიპლომატების შეფასებები ხელისუფლების ბოლო ნაბიჯებს ასახავს. „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ გეგელია მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლების მიმართ საერთაშორისო ზეწოლა კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტი და მეტი ყურადღება და კონკერტულად რეჟიმის წინააღმდეგ ზეწოლა განხორციელდეს მანამ, სანამ ეს რეჟიმი ამ პოლიტიკურ კურსს მიჰყვება. იტაცებს არჩევნებს, სახელმწიფოს, ატერორებს ადამიანებს, მისდევს პოლიტიკურ მართლმსაჯულებას და იღებს იმ ტიპის კანონმდებლობას, რომელიც ყოველკვირეულად აშორებს ჩვენს სახელმწიფოს ნორმალურ, ცივილიზებულ მსოფლიოს. ამიტომაც, რა თქმა უნდა, მეტი და მეტი წნეხი, ზეწოლა, მეტი განპიროვნებული ტარგეტირებული სანქციები და მეტი პოლიტიკური ყურადღება ამ რეჟიმის მავნე ანტიქართულ აქტივობებზე, - ამბობს გრიგოლ გეგელია.  

ანალოგიურ პოზიციას იზიარებს "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრი გიორგი ბუტიკაშვილიც. მისი თქმით, დასავლეთის მხრიდან სანქციების შესახებ მოწოდებები "ოცნების"  ხელისუფლების მიერ გადადგმილ ნაბიჯებს უკავშირდება. 

იმის საპირწონედ, რომ "ქართულმა ოცნებამ" გადადგას დემოკრატიისკენ ნაბიჯები, საპირისპიროდ იქცევა, შესაბამისად, მსგავის მოწოდებები, რაც ამ სტატიაშია მოთხრობილი, ბუნებრივად წარმოიშვება, ვინაიდან "ქართული ოცნების" ერთი გადადგმული ნაბიჯი ანტიდემოკრატიული სისტემის, რეჟიმის ჩამოყალიბების მიმართ იქნება სანქციებში ასახული. ეს "ქართულმა ოცნებამ" ძალიან კარგად იცის, მათ სანქციების ეშინიათ და მათ სანქციები არ სურთ და ცდილობენ დასავლეთის დისკრედიტაციას და აი, ის მცდელობა, რომ თითქოს სანქციებს ჩალკის ფასი აქვს, რასაც "ქართული ოცნება' ხშირად იმეორებს, სწორედ ამ შიშით არის განპირობებული. ამიტომ დასავლურმა სამყარომ შანსი მისცა "ქართულ ოცნებას", მაგრმ ამ შანსის გამოუყენებლობასთან ერთად იზრდება უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის და იმ ბიზნესების სანქცირება, რომელიც ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს უწყობს ხელს,  - ამბობს გიორგი ბუტიკაშვილი.  

მსგავსი სიახლეები