ბათუმის თეატრის დირექტორი, რომელიც სიწმინდეების დაცვის ინიციატივით გამოდის, იესოზე ანეკდოტის გამო კრიტიკის სამიზნე გახდა
ბათუმის დრამატული თეატრის დირექტორი კოტე მჟავია სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს გამო კრიტიკის სამიზნე გახდა. ვიდეო, რომელიც ტელეეთერშია ჩაწერილი, აჩვენებს, როგორ ჰყვება მჟავია იესო ქრისტეს შესახებ ანეკდოტს.
ვიდეო მას შემდეგ გახდა განხილვის საგანი, რაც კოტე მჟავიამ განაცხადა, რომ რელიგიური სიწმინდეების დაცვის მიზნით მოძრაობას ქმნის. ამ განცხადების შემდეგ სოციალურ ქსელში სწორედ მისი ძველი ჩანაწერი გაავრცელეს.
"პირველები" თავად კოტე მჟავიას დაუკავშირდა და ჰკითხა, როგორ აპირებს რელიგიის დაცვას მაშინ, როდესაც თავად ხუმრობს აღნიშნულ თემაზე.
ბათუმის თეატრის დირექტორი ამბობს, რომ საქმე არა ხუმრობაში, არამედ ბილწსიტყვაობაშია, რომელიც უკვე აგრესიაში გადაიზარდა და რომლის შეჩერებაც მნიშვნელოვანია.
არა, არა არსწორად არის, მემგონი, მაინც გაგებული. აქ რელიგიაზე არ არის, აქ არის, როგორ გითხრათ, ბილწსიტყვაობაზე საუბარი, რომელიც მერე, სამწუხაროდ, ქუჩაში გადმოდის... ხუმრობაზე არ არის საუბარი, აქ ბილწსიტყვაობაზეა საუბარი, რომელიც შეიძლება, რომ არ გადმოინაცვლოს ქუჩაში და აგრესია რომ არ გიაზარდოს. ამდენი აგრესია ძალიან მაფიქრებს, სად დაგროვდა ეს ამდენი აგრესია, - ამბობს მჟავია.
კიდევ ერთი საინიციატივო ჯგუფი იქმნება ე.წ. ეროვნული ფასეულობების დაცვის მიზნით. ჯგუფის წევრები „ქართულ ოცნებას“ ეკლესიის, რელიგიური სიწმინდეების, ისტორიული გმირებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვის მიმართულებით კანონმდებლობის გამკაცრებისკენ მოუწოდებენ. მათი განცხადებით, ინიციატივა ბრიტანული კანონმდებლობის ანალოგს ეფუძნება, რომელიც სამეფო ოჯახის შეურაცხყოფას ეხება.