დღეს თუ ვინმესგან არის დასაცავი ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, ეს თავად "ოცნებაა" - ოპოზიცია

31.07.26 19:05
დღეს თუ ვინმესგან არის დასაცავი ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, ეს თავად "ოცნებაა" - ოპოზიცია

 

 

ეროვნული ფასეულობების დაცვის მიზნით შექმნილ ახალ საინიციატივო ჯგუფს ოპოზიციაში ეხმაურებიან. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ მოქმედი კანონმდებლობა რელიგიისა და ეკლესიის დაცვის მექანიზმებს უკვე ითვალისწინებს, ხოლო პრობლემად ხელისუფლების დამოკიდებულებას კულტურული და რელიგიური მემკვიდრეობის მიმართ ასახელებენ.

"ლეო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ფიქრია ჩიხრაძე აცხადებს, რომ ეკლესიისა და რელიგიური სიწმინდეების დაცვის სამართლებრივი საფუძვლები ქვეყანაში უკვე არსებობს. მისივე თქმით, ყურადღება იმ პრობლემებზე უნდა გამახვილდეს, რომლებიც, მისი შეფასებით, კულტურულ მემკვიდრეობას წლების განმავლობაში შეექმნა. 

თავისთავად ძალიან უცნაურია რას იცავენ, იმიტომ, რომ თუ საკანონმდებლო დონეზე დაცვაზეა ლაპარაკი, საქართველოს ეკლესიას იცავს საქართელოს კონსტიტუცია კონკორდატით, რომელიც არის კანონთა შორის ერთ-ერთი ყველაზე მარალი. მე, მაგალითად, ერთი ძალიან მძიმე ამბავი ვიცი, რომ ამ წლების განმავლობაში გელათი, ჩვენი უნიკალური ძეგლი რელიგიური თვალსაზრისით, კულტურული თვალსაზრისით, სამეცნიერო თვალსაზრისით არის უმძიმეს მდგომარეობაში და ამაში "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებს მიუძღვით ძალიან დიდი წვლილი, - ამბობს ფიქრია ჩიხრაძე. 

ანალოგიურ პოზიციას აფიქსირებს გახარიას გუნდის წევრი გიგა ფარულავაც. მისი თქმით, ინიციატივის ავტორებმა, პირველ რიგში, იმ პრობლემებზე უნდა ისაუბრონ, რომლებიც, მისი შეფასებით, კულტურული მემკვიდრეობისა და ეროვნული ღირებულებების დაცვას უკავშირდება. 

საინტერესოა, ეს ადამიანები, ამთ თუი შესწევთ ძალა და უნარი, თავად "ოცნებისგან" დაიცვან ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, ჩვენი რელიგია და ეროვნული ღირებულებები. საინტერესოა რა იდეები აქვთ ამ მიმართულებით. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, დღეს თუ ვინმესგან ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, რელიგია და ეროვნული ღირებულებებია დასაცავი, ეს არის თავად "ოცნება", - ამბობს  გიგა ფარულავა.

კიდევ ერთი საინიციატივო ჯგუფი იქმნება ე.წ. ეროვნული ფასეულობების დაცვის მიზნით. ჯგუფის წევრები „ქართულ ოცნებას“ ეკლესიის, რელიგიური სიწმინდეების, ისტორიული გმირებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვის მიმართულებით კანონმდებლობის გამკაცრებისკენ მოუწოდებენ. მათი განცხადებით, ინიციატივა ბრიტანული კანონმდებლობის ანალოგს ეფუძნება, რომელიც სამეფო ოჯახის შეურაცხყოფას ეხება. 

მსგავსი სიახლეები