ვინ არის პასუხისმგებელი ქვეყნის ჩაბნელებაზე?
სახელმწიფო ელექტროსისტემის გენერალური დირექტორი ვანო ზარდიაშვილი შვებულებაშია. მისი შვებულება სწორედ იმ დღეს დაიწყო, როცა სემეკმა ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის გათიშვასთან დაკავშირებით პირველადი დასკვნა გამოაქვეყნა და პასუხისმგებლობა სახელმწიფო ელექტროსისტემას დააკისრა. დავით ნარმანიას უწყების შეფასებით, ელექტროსისტემამ არსებული ინფრასტრუქტურით ავარიული გათიშვის პრევენცია ვერ უზრუნველყო.
სემეკის დასკვნის გასაჯაროების დღესვე ვანო ზარდიაშვილი შვებულებაში გავიდა - ეს ინფორმაცია „პირველებს“ სახელმწიფო ელექტროსისტემაში დაუდასტურეს. კომისიის შეფასებით, ელექტროსისტემას არ ჰქონდა სათანადოდ მომზადებული ინფრასტრუქტურა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით კასკადური გათიშვის თავიდან აცილებას შეძლებდა. სემეკი მიიჩნევს, რომ ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მოლოდინის ნაცვლად, შესაძლებელი იყო არსებული სისტემების ისე გადაკეთება, რომ ავარიას მთელი საქართველოს ჩაბნელება არ გამოეწვია. ჰქონდა თუ არა ზარდიაშვილთან კითხვები საგამოძიებო უწყებას ავარიის შემდეგ, უცნობია. თავად გენერალურ დირექტორს ჩვენს კითხვებზე პასუხი არ გაუცია.
იმ საკითხებზე, რომლებზეც სახელმწიფო ელექტროსისტემის ხელმძღვანელი განმარტებებს არ აკეთებს, საუბრობენ „ენერგო-პრო ჯორჯიაში“. კომპანიაში აცხადებენ, რომ ელექტროგადამცემი ხაზის „გეგუთის“ გათიშვა, რომელიც ავარიის ერთ-ერთ მიზეზად სახელდება, თავისთავად არ უნდა გამხდარიყო მთელი ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზი.
ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში.