1-ელი აგვისტო სუს-ის დაარსების დღეა - რაზე ისაუბრეს სიტყვით გამოსვლისას ლიდერებმა

01.08.26 13:37
1-ელი აგვისტო სუს-ის დაარსების დღეა - რაზე ისაუბრეს სიტყვით გამოსვლისას ლიდერებმა

1-ელი აგვისტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსების დღეა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

დამსწრეებს სიტყვით მიმართა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გეკა გელაძემ, მიხეილ ყაველაშვილმა, ირაკლი კობახიძემ და შალვა პაპუაშვილმა.

გეკა გელაძემ ხაზი გაუსვა სამსახურის დაარსების ისტორიულ მნიშვნელობას და განაცხადა, რომ ამ უწყებას უდიდესი წვლილი შეაქვს საქართველოში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში, რაც  ქვეყნის დემოკრატიული და მდგრადი განვითარების მყარ საფუძველს ქმნის.

„განსაკუთრებული პატივი და ამავდროულად, უდიდესი პასუხისმგებლობაა, იდგე სახელმწიფო უსაფრთხოების სადარაჯოზე და ყოველდღიური, დაუღალავი შრომით ემსახურებოდე იმ დიდ საქმეს, რასაც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა ჰქვია. ამ უწყებას კი ნამდვილად ჰყავს მაღალი პროფესიონალიზმით გამორჩეული გუნდი, რომელიც პირნათლად ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფით ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.

დიდ მადლობას გიხდით თქვენ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პირად შემადგენლობას, ჩვენი ქვეყნის ღირსეული და ერთგული სამსახურისთვის. ჩემთვის უდიდესი პატივია, ვხელმძღვანელობდე ამ ძლიერ ინსტიტუციას და თქვენთან ერთად, ყოველდღიურად ვშრომობდე საქართველოში მშვიდობიანი და სტაბილური გარემოს განმტკიცებისთვის,“- განაცხადა გეკა გელაძემ.

ღონისძიებაზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გმირულად დაღუპული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოფიცრების ხსოვნას.

ღონისძიების ფარგლებში გეკა გელაძემ თანამშრომლები უწყებრივი მედლებითა და სამკერდე ნიშნებით დააჯილდოვა. მაღალი პროფესიონალიზმისთვის, სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისა და სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესების დაცვაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის წელს პირველად გაიცა სახელმწიფო უსაფრთხოების ეროვნული ჯილდო.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსების 11 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა ირაკლი კობახიძეც. 

11 წლის წინ შეიქმნა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური -ინსტიტუტი, რომელიც უმთავრეს როლს ასრულებს საქართველოს კონსტიტუციური წყობილების, სახელმწიფო სუვერენიტეტის და თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების დაცვის საქმეში, - თქვა კობახიძემ. 

მისი თქმით, ქვეყნის დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებისა და წინსვლის უმთავრესი ფუნდამენტი მშვიდობა და სტაბილურობაა, რაც სწორედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეული თანამშრომლის ყოველდღიურ ძალისხმევას ეფუძნება.

“მშვიდობის სადარაჯოზე დგომა ყოველდღიურად მაღალ რისკს უკავშირდება. პატივს მივაგებ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული გმირი ოფიცრების ხსოვნას.
 
დღეს მსოფლიოში არსებული რთული გეოპოლიტიკური ვითარებისა და ჩვენს რეგიონში უსაფრთხოების სერიოზული გამოწვევების ფონზე, უცხოური სპეცსამსახურებისა და დესტრუქციული ძალების მცდელობები, გამოეწვიათ ქვეყნის დესტაბილიზაცია და ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა, წარმატებით აღიკვეთა. თუმცა, საფრთხეები არ გამქრალა.
 
ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად რჩება საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. ჩვენი ხელისუფლების უპირველესი პრიორიტეტია საოკუპაციო ზოლის გასწვრივ დესტრუქციულ ქმედებებზე მყისიერი რეაგირება და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები თანამოქალაქეების ფუნდამენტური უფლებების დაცვა”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მიხეილ ყაველაშვილმა კი  საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ თანამედროვე მსოფლიოში ეროვნული უსაფრთხოება გაცილებით ფართო ცნებაა, ვიდრე ოდესმე და ტრადიციული გამოწვევების გარდა მოიცავს ჰიბრიდულ საფრთხეებთან, საინფორმაციო ომთან, კიბერშეტევებსა და ფსიქოლოგიურ ზეწოლასთან ბრძოლას, რომელთა მიზანიც საზოგადოების დაყოფა და სახელმწიფოს დასუსტებაა.

მიხეილ ყაველაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ასეთ პირობებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ეფექტიან საქმიანობას, რადგან ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა პირდაპირ უკავშირდება კონსტიტუციური წესრიგის, შიდა სტაბილურობისა და საზოგადოების ნდობის განმტკიცებას.

მან ყურადღება გაამახვილა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის როლზე ტრანსნაციონალურ დანაშაულთან, ტერორიზმსა და კორუფციასთან ბრძოლაში, ასევე, ქვეყნის დესტაბილიზაციისა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობების პრევენციის მიმართულებით.

სიტყვით გამოსვლის დასასრულს, ყაველაშვილმა პატივი მიაგო იმ თანამშრომლების ხსოვნას, რომლებმაც ქვეყნის მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვას საკუთარი სიცოცხლე შესწირეს, ხოლო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს პროფესიონალიზმისა და ქვეყნის სამსახურში გამოჩენილი თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა.