მედიკოსები ექიმ გოგი ჩახუნაშვილს სთხოვენ დათანხმდეს საპროცესო შეთანხმებას დადაუბრუნდეს პაციენტებს

01.08.26 15:45
მედიკოსები ექიმ გოგი ჩახუნაშვილს სთხოვენ დათანხმდეს საპროცესო შეთანხმებას დადაუბრუნდეს პაციენტებს

პედიატრ გოგი ჩახუნაშვილს კოლეგები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ დათანხმდეს საპროცესო გარიგებას - მედიკოსებს მიაჩნიათ, რომ უდანაშაულო ადამიანის პატიმრობაში ყოფნა  უსამართლობაა, ამიტომ საჭიროდ მიიჩნევენ, რომ პენსიონერი ამ დათმობაზე წავიდეს.

დღეს აკადემიკოსს მრავალწიანი სტაჟით, კოლეგებმა შეუთვალეს, რომ გარეთ მისი პაციენტები ელოდებიან და მათ ის სჭირდებათ.

 „ჩვენ და საღად მოაზროვნე თითოეულ მოქალაქეს გვჯერა თქვენი სიმართლის და უდანაშაულობის. პატივს ვცემთ თქვენს შინაგან სიმტკიცეს, ღირსებას და უფლებას, დაიცვათ საკუთარი პოზიცია.

ამავე დროს, როგორც თქვენი კოლეგები და მეგობრები, გულწრფელად გთხოვთ, დაფიქრდეთ იმ გზებზე, რომლებიც შესაძლოა მოგცემთ შესაძლებლობას, კვლავ დაუბრუნდეთ თავისუფლებას - თქვენს ოჯახს, თქვენს პაციენტებს, თქვენს სტუდენტებსა და სამეცნიერო საქმიანობას.

გთხოვთ, სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე პროცესისას კიდევ ერთხელ აწონ-დაწონოთ საპროცესო შეთანხმების შესაძლებლობა, როგორც ერთ-ერთი გზა, რომელმაც შესაძლოა მოგცეთ საშუალება, მალე დაუბრუნდეთ იმ საქმეს, რომელსაც მთელი თქვენი ცხოვრება მიუძღვენით“ - წერია მიმართვაში. 

სასამართლოში 4 ოქტომბრის მორიგ საქმეზე განხილვა 19 ივნისს დასრულდა, მოსამართლე გიორგი გელაშვილმა,  ჩახუნაშვილთან ერთად განაჩენი გამოუცხადა დავით ჟღენტს, კახაბერ მჟავანაძეს, დავით სტურუას, კოსტანტინე კოკაიას,  ზაქრო ალბუთაშვილსა და ია დარახველიძეს. 

 გოგი ჩახუნაშვილი და ია დარახველიძე საქმის განხილვის პერიოდში ეს თვეები გირაოს სანაცვლოდ გარეთ იყვნენ. მათი პატიმრობა დაკავების დღიდან აითვლება.