თინა ბოკუჩავა "ნაციონალური მოძრაობის" ბოლო პოლიტსაბჭოს არალეგიტიმურად მიიჩნევს
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, თინა ბოკუჩავა თვლის, რომ პოლიტიკური საბჭოს სხდომა, რომელიც 30 ივლისს ჩატარდა, "არალეგიტიმურია".
განცხადება თინა ბოკუჩავამ TV პირველის გადაცემა "დღის ამბებში" გააკეთა. პოლიტიკოსი ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, სხდომას არც ერთი მისი მოადგილე და რეგიონალური ლიდერი არ დასწრებია.
"პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე იმყოფებოდა 40-მდე ადამიანი, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს სხდომა არ იყო უფლება-მოსილი"- თქვა ენმ-ის მოქმედმა ლიდერმა.
თინა ბოკუჩავას თქმით, მან პარტიის გენერალურ მდივანს, პეტრე ცისკარიშვილს დაუყოვნებლივ სთხოვა, შესაბამისი დოკუმენტები, სხდომის ოქმი და ხელმოწერები გადმოეგზავნა, რაც ბოკუჩავას განცხადებით ამ დრომდე არ მომხდარა.
„ყრილობის ჩატარებამდე, მე ვასრულებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის თავმჯდომარის მოვალეობას. გარდა იმისა, რომ გუშინდელი პოლიტიკური საბჭოს სხდომას არ ვესწრებოდი მე, მას არ ესწრებოდა თავმჯდომარის არც ერთი მოადგილე, არ იმყოფებოდნენ ასევე ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონული ლიდერები და მეტიც, რაც კიდევ უფრო საგანგაშოა, გუშინდელ სხდომაზე იმყოფებოდა 40-მდე ადამიანი, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს სხდომა არ იყო საერთოდ უფლებამოსილი, იმიტომ რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭო შედგება 130 ადამიანისგან. უნდა იყოს კვორუმი, რომ სხდომა იყოს უფლებამოსილი გადაწყვეტილებების მისაღებად, მათ შორის, ყრილობის თარიღის ჩასანიშნად და შესაბამისი დელეგატების განსასაზღვრად და ყველა იმ პროცედურის დასადგენად, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ ყრილობა ყველა წესით და კანონის დაცვით იყოს მოწვეული. თუ არალეგიტიმური პოლიტსაბჭოს სხდომის საფუძველზე ხდება ყრილობის მოწვევა, ეს ძალიან დიდი გამოწვევების და ძალიან დიდი საფრთხის წინაშე აყენებს პარტიას. კვორუმით მანიპულირება და პოსტ- ფაქტუმ ხელმოწერების შეგროვება და იმის მტკიცება, თითქოს კვორუმი სხდომაზე ფიზიკურად არ მყოფი და დისტანციურად ჩართული ადამიანებით შედგა, ძალიან ჰგავს იმ „ქოცურ“ მეთოდებს, რომლითაც ივანიშვილი ოპერირებს ბოლო 14 წლის განმავლობაში"- თქვა TV პირველის ეთერში თინა ბოკუჩავამ.
ამასთან, თინა ბოკუჩავას თქმით, "პეტრე ცისკარიშვილმა პრეზიდენტ სააკაშვილისგან მიიღო დავალება, რაც შეიძლება სწარაფად ჩატარებულიყო ყრილობა, იმისთვის, რომ ის ცვლილებები, განხორციელდეს, რაც მას დასახული აქვს".
პეტრე ცისკარიშვილმა მიიღო დავალება პრეზიდენტ სააკაშვილის მხრიდან, რომ რაც შეიძლება მალე ჩატარებულიყო ყრილობა, იმისთვის, რომ ის ცვლილებები განხორციელდეს, რაც მას აქვს დასახული და ეს მისი გადასაწყვეტია. მე ყოველთვის ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ, რომ ეს არის მიშას პარტია, ყოველთვის იყო მიშას პარტია და ყოველთვის იქნება მიშას პარტია, ამიტომ მას აქვს სრული ლეგიტიმური უფლება, რომ ის ცვლილებები გაატაროს, რაც მას სურს, მაგრამ ამ შემთხვევაში მან თუ გასცა ასეთი დავალება და ბრძანება, რომ ჩაინიშნოს ყრილობა, როგორც მინიმუმ, იმის უზრუნველყოფა უნდა მოეხდინა მთავარ პასუხისმგებელ პირს, რომ წესის, რიგის და კანონის დაცვით მომხდარიყო ეს და არა გაყალბებული ხელმოწერების ხარჯზე. ელემენტარულს ვამბობ, „ქოცებთან“ ბრძოლაში „ქოცებს“ ხომ ვერ დავემსგავსებით“- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
პოლიტიკოსი ამბობს, რომ გადაწყვეტილი არ აქვს, დაესწრება თუ არა 5 აგვისტოს ჩანიშნულ ყრილობას - ბოკუჩავამ აღნიშნა, რომ ეს დამოკიდებული იქნება იმ პასუხებზე, რასაც ის პარტიის გენერალური მდივნისგან, პეტრე ცისკარიშვილისგან მიიღებს.
მნიშვნელოვანია, ის კითხვის ნიშნები მოიხსნას, რაც მე თქვენს ეთერში გავაჟღერე და რასთან დაკავშირებითაც ჯერ კიდევ გუშინ მქონდა კომუნიკაცია პარტიის გენერალურ მდივანთან. მათ შორის ამაზეც არის დამოკიდებული ჩემი გადაწყვეტილება. ბუნებრივია, მე ახლა ვერანაირ სიყალბეში მონაწილეობას ვერ მივიღებ. დიახ [ველოდები პარტიისგან გამოხმაურებას]"- დასძინა თიბა ბოკუჩავამ.
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭო 30 ივლისს გაიმართა - როგორც სხდომის დასრულების შემდეგ პეტრე ცისკარიშვილმა თქვა, პოლიტიკურმა საბჭომ გადაწყვიტა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ყრილობა 5 აგვისტოს ჩატარდება, რომელზეც აირჩევენ პარტიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს.
ენმ-ში აცხადებენ, რომ თავმჯდომარეობის მოვალეობის შემსრულებელი პარტიას ექვსი თვით, გარდამავალ პერიოდში უხელმძღვანელებს.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი თინა ბოკუჩავა, პოლიტსაბჭოს სხდომას არ დასწრებია.