თსუ ხელს მიშლის იმაში, რომ საფუძვლიანი განათლება მივიღო - ზვიად ცეცხლაძე

01.08.26 18:36
თსუ ხელს მიშლის იმაში, რომ საფუძვლიანი განათლება მივიღო - ზვიად ცეცხლაძე

თსუ მაქსიმალურად ხელს მიშლის იმაში, რომ საფუძვლიანი განათლება მივიღო, რისი სრული უფლებაც გამაჩნია საქართველოს კონსტიტუციითა და პენიტენციური კოდექსით - ამის შესახებ აქციაზე დაკავებული ზვიად ცეცხლაძე ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს. 

ციხეში მყოფი სტუდენტი აღნიშნავს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტმა არ ისურვა მისთვის შემეცნებით-სამეცნიერო ლექციების გამოგზავნა.

უფრო კონკრეტულად, ცეცხლაძის განცხადებით, ციხის ადმინისტრაციამ ნება დართო მეხსიერების ბარათით ვიდეოლექციები იქონიოს - "ერთადერთი, რასაც პენიტენციური სამსახური ითხოვს არის ის, რომ ვიდეო მასალა (ლექციები) უნივერსიტეტმა გაუგზავნოს პენიტენციური სამსახურის სოციალურ მუშაკს, უნივერსიტეტის საკონტაქტო პირის მეშვეობით", თუმცა როგორც ცეცხლაძე წერს,  თბილისის სახემწიფო უნივერსიტეტმა, რომლის სტუდენტიცაა, ვიდეოლექციების მიწოდებაზე უარი უთხრა. 

ჩვენი საზოგადოება უაღრესად მძიმე მდგომარეობაშია - ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა მოახერხა ის, რომ ბევრ ჩვენს თანამოქალაქეს ადამიანური დამოკიდებულებები ან შეურყვნა, ან საერთოდ გაუნადგურა და გაუქრო.

ჩემდა სამწუხაროდ, მსგავსი დამოკიდებულება ჩემივე დედა-უნივერსიტეტიდან მივიღე. ბევრს, ალბათ, მოგეხსენებათ, რომ ციხიდან ვაგრძელებ უნივერსიტეტში სწავლას, რაც საკმაოდ რთულად მიდის, რადგან არ არსებობს სწავლის ონლაინ სისტემა და სასწავლო მასალები მხოლოდ ბეჭდვითი ფორმით შემოდის. შესაბამისად, თუ რამის სწავლას ვახერხებ, ისიც მამაჩემის დახმარებით. ის ჩემთვის არა მხოლოდ მამა, არამედ ერთგული მეგობარი, თანამებრძოლია და ახლა უკვე ლექტორის ფუნქციაც შეითავსა.

გასაოცარია, რომ ამ სირთულეების მთავარი წყარო არა ციხე, არამედ ჩემივე უნივერსიტეტი გახლავთ (თსუ), რომელიც მაქსიმალურად ხელს მიშლის იმაში, რომ საფუძვლიანი განათლება მივიღო, რისი სრული უფლებაც გამაჩნია საქართველოს კონსტიტუციითა და პენიტენციური კოდექსით.

ამ მიზნით, პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციას შევუთანხმდი და ნება დამრთეს, ვიქონიო მეხსიერების ბარათი, სადაც პენიტენციური სამსახური ჩამიტვირთავს საგანმანათლებლო ლექციებს, როგორც უშუალოდ ჩემი ფაკულტეტისთვის დამახასიათებელს, ასევე, ზოგად შემეცნებითს. ერთადერთი, რასაც პენიტენციური სამსახური ითხოვს არის ის, რომ ვიდეო მასალა (ლექციები) უნივერსიტეტმა გაუგზავნოს პენიტენციური სამსახურის სოციალურ მუშაკს, უნივერსიტეტის საკონტაქტო პირის მეშვეობით.

2 თვეა ვცდილობთ თსუ-სთან გავიაროთ ეს საკითხები, რასთან დაკავშირებითაც კონსულტაციებს აწარმოებდა მამაჩემი, როგორც ჩემი მინდობილი პირი ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე. ორჯერ შეხვდა ფაკულტეტის დეკანს, ასევე უნიუვერსიტეტის რექტორს. ავუხსენით, რომ თავად ციხემ დაგვრთო ნება, ნებისმიერი სახის შემეცნებითი ლექცია მიეღოთ და მოეწოდებინათ ჩემთვის, რომ უნივერსიტეტის მხრიდან ზედმეტი სიფრთხილე (ანუ, შიში ჩემთან რაიმე სახის კონტაქტის ქონის), იყო გადაჭარბებული, თუმცა უნივერსიტეტმა ძალიან თავშეკავებული პოზიცია დაიჭირა და არ ისურვა ჩემთვის შემეცნებით-სამეცნიერო ლექციების გამოგზავნა.

დასაწყისში გვითხრეს, რომ მხოლოდ ფაკულტეტის საგნებთან დაკავშირებული ლექციების გამოგზავნა შეეძლოთ. შემდგომში თქვეს, რომ არც ზოგად ლექციებში იყო პრობლემა, ახლა კი საერთოდ უარით გამოგვისტუმრეს. გვითხრეს, რომ უნივერსიტეტი არ არის ვალდებული ასეთი ღონისძიება განახორციელოს.

ის, რომ მე მაქვს სრულფასოვანი განათლების მიღების უფლება, განმტკიცებულია საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით. შესაბამისად, იურიდიული ფაკულტეტის დეკანის და უნივერსიტეტის რექტორის მხრიდან მსგავსი დამოკიდებულება არა მხოლოდ შემაშფოთებელი და შეურაცხმყოფელია, არამედ უკანონოც არის და უსამართლოც.

გასაოცარი ფაქტია - ციხე დავითანხმეთ, რომ ლექციები მოეწოდებინათ და საკუთარი უნივერსიტეტი - ვერა.

ძალიან მძიმეა, როცა ჩემ საყვარელ უნივერსიტეტს - თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს - ასეთ სამარცხვინო მდგომარეობაში ვხედავ.

ერთდ დროს, როცა ქვეყანას სჭირდებოდა, თავად ივანე ჯავახიშვილი გამოვიდა და მოუწოდა მისსავე სტუდენტებს, რომ დროებით კალამი გადაედოთ გვერდით და სამშობლოს დასაცავად გამოსულიყვნენ. დღეს კი მისი სახელით გამოდის უნივერსიტეტი (თსუ) და სამშობლოს დაცვის სულისკვეთების გამო დაჭერილი სტუდენტისთვის, რექტორი, პოლიტიკური ხელისუფლების შიშის გამო, საგანმამათლებლო ლექციის ჩაწერასა და გაგზავნას ვერ ბედავს. ეს არა მხოლოდ ჩემი, როგორც სტუდენტის, არამედ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ივანე ჯავახიშვილის სულის შეურაცხყოფაა.”- წერს ზვიად ცეცხლაძე ციხიდან გავრცელებულ წერილში.