თანამდებობის შენარჩუნების უბადრუკი მცდელობა - ენმ-ში თინა ბოკუჩავას უპასუხეს
თანამდებობის შენარჩუნების უბადრუკი მცდელობა - ასე ეხმაურება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ანა წითლიძე პარტიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, თინა ბოკუჩავას ხმაურიან განცხადებებს.
როგორც ანა წითლიძე, ბოკუჩავას სკანდალური ინტერვიუს შემდეგ, სოციალურ ქსელში წერს, "პოლიტიკოსს წასვლა ღირსეულად უნდა შეეძლოს".
„ამ ჩემს მრავალჭირგამოვლილ, ნაბრძოლ პარტიას ბევრი რამ უნახავს, მაგრამ თანამდებობის შენარჩუნების ასეთი უბადრუკი მცდელობა ნამდვილად პირველად ვნახე.
როდესაც ზღვაზე დასვენება უფრო დიდი პრიორიტეტია, ვიდრე პოლიტიკური პატიმრები, მიხეილ სააკაშვილის მოწოდება და ბრძოლა, ან პოლიტიკური საბჭოს სხდომა, ხოლო მთელი ენერგია პოლიტიკური საბჭოს სხდომის კვორუმის დათვლაზე იხარჯება, ეს ბევრ რამეზე მეტყველებს.
სამწუხაროა. ძალიან არ მინდა უფრო მეტის თქმა და ნუ მაიძულებთ. თორემ ესეც შეგვიძლია. ღირსეულად უნდა შეგეძლოს პოლიტიკოსს წასვლაც“, - წერს ანა წითლიძე.
თინა ბოკუჩავას უპასუხა პეტრე ცისკარიშვილმაც, რომელიც TV პირველისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში პოლიტიკოსმა ახსენა და თქვა, რომ "პეტრე ცისკარიშვილმა პრეზიდენტ სააკაშვილისგან მიიღო დავალება, რაც შეიძლება სწარაფად ჩატარებულიყო ყრილობა".
"არასაწორია ინფორმაცია, რასაც ქალბატონი თინა საუბრობს. ჩვენს პოლიტსაბჭოში არა 130, არამედ 119 ადამიანია, შესაბამისად, ქვორუმი იყო და უფლება-მოსილია, ეს პოლიტსაბჭოს სხდომა მიიღოს გადაწყვეტილებები.
მაგის [თინა ბოკუჩავას] ჩამოსვლასთან დაკავშირებით გადავდეთ თვითონ ყრილობა, მას უნდოდა ყრილობას დასწრებოდა. ყრილობა ისე გადავდეთ, რომელიც ახლა ივლისის ბოლოს უნდა ჩაგვეტარებინა, რომ ის ქალაქში ყოფილიყო. ძალიან დიდი ბოდიში მაგრამ წესი და კანონი გვავალდებულებს, რომ ყრილობის წინ, პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართოს და შესაბამისად ეს პოლიტსაბჭო იყო წინამოსამზადებელი სხდომა ყრილობისთვის, რომელი ყრილობაც დავუმიზნეთ ქალბატონი თინას თბილისში ყოფნას. ქალაქგარეთ რომ არის, ნახევარი პოლიტსაბჭო რეგიონიდან ჩამოვიდა ბოლო-ბოლო! წესით, ჩვენ 8 ივლისს, რომ გაგვივიდა ვადა, ვგეგმავდით ამ ყრილობას და სადღაც უწევდა, ივლისის ბოლო, ამ დღეებში უნდა ჩატარებულიყო, მართალია, დაგვირეკა და გვითხრა, 3 აგვისტომდე ქალაქში არ ვარ და იქნებ ისე გავაკეთოთ რომ 4-5 ში ჩატარდეს ყრილობაო, დავეთანხმეთ და გადავწიეთ 5-მდე. ამ ყრილობას რომ პოლიტსაბჭო უწევს, ჩვენი ბრალი არ არის. თავად კითხეთ გაემიჯნა თუ არა თავად პარტიას" - თქვა ცისკარიშვილმა.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, თინა ბოკუჩავა თვლის, რომ პოლიტიკური საბჭოს სხდომა, რომელიც 30 ივლისს ჩატარდა, "არალეგიტიმურია".
განცხადება თინა ბოკუჩავამ TV პირველის გადაცემა "დღის ამბებში" გააკეთა. პოლიტიკოსი ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, სხდომას არც ერთი მისი მოადგილე და რეგიონალური ლიდერი არ დასწრებია.
"პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე იმყოფებოდა 40-მდე ადამიანი, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს სხდომა არ იყო უფლება-მოსილი"- თქვა ენმ-ის მოქმედმა ლიდერმა.
თინა ბოკუჩავას თქმით, მან პარტიის გენერალურ მდივანს, პეტრე ცისკარიშვილს დაუყოვნებლივ სთხოვა, შესაბამისი დოკუმენტები, სხდომის ოქმი და ხელმოწერები გადმოეგზავნა, რაც ბოკუჩავას განცხადებით ამ დრომდე არ მომხდარა.