დავა დაფინანსების გარშემო - "ოცნების" ხელისუფლება დანაპირებს ცვლის
"ქართული ოცნების" ხელისუფლება, რომელიც მთელი წელი საზოგადოებას არწმუნებდა, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა სრულიად უფასო იქნებოდა, ახლა დანაპირებს ცვლის. აღმოჩნდა, რომ სტუდენტებს წინაპირობების დაკმაყოფილება მოუწევთ. მთავრობის დადგენილებით ირკვევა, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტებს მხოლოდ ერთი წლის საფასური დაუფინანსდებათ უპირობოდ. ყოველი მომდევნო სემესტრის განმავლობაში 100%იანი დაფინანსების შესანარჩუნებლად კი ვალდებული იქნებიან, კრედიტების 80%ზე მეტი მოიპოვონ, წინააღმდეგ შემთხვევაში თანხის ნახევრის გადახდა თავად მოუწევთ.
აბიტურიენტებმა, ვისაც ეგონათ რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრულიად უფასოდ ისწავლიდნენ, გამოცდების ჩაბარების მერე გაიგეს, რომ მოტყუებული აღმოჩნდნენ. განათლების სფეროს წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ მათ კარგად იცოდნენ რომ ეს მხოლოდ ფასადური დაპირება და კარგად დაგეგმილი პროპაგანდა იყო, რომლის მიზანიც არა ხარისხის გაუმჯობესება, არამედ პროტესტის შენელება იყო.
სწავლის საფასურის სრულად დაფინანსება ახლა დამსახურებაზე იქნება დამოკიდებული, მაგალითად, თუ სემესტრული დატვირთვა არის 30 კრედიტი, სტუდენტს სჭირდება მინიმუმ 24 კრედიტის დაგროვება. რაც იმას ნიშნავს რომ 1 საგანზე მეტი ჩუაბარებელი არ უნდა დარჩეს. შესაბამისად, ლექტორებმა უნდა გადაწყვიტონ დაუწერენ თუ არა სტუდენტებს მინიმალურ გამსვლელ 51 ქულას და ჩაუთვლიან თუ არა საგანს ჩაბარებულად, რაც ექსპერტების შეფასებით, კორუფციის რისკებს ზრდის.