კობახიძის განცხადება აშშ-ის საელჩოს მხრიდან კრიტიკაზე - რას ამბობენ ოპოზიციაში
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ირაკლი კობახიძის მიერ აშშ-ის საელჩოს მხრიდან კრიტიკაზე პასუხსა და საელჩოს განცხადებას ეხმაურებიან.
- ირაკლი კობახიძემ „აბსოლუტურად გაუგებარი“ უწოდა საქართველოში შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებას, სადაც ახლადდაარსებული „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო" გაკრიტიკებულია.
- როგორც ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აშშ-ის საელჩო, წინა ადმინისტრაციის პირობებში ერთ-ერთი მთავარი იყო, ვინც საქართველოში ხელოვნურად ცდილობდა სიძულვილის გაღვივებას და სიცრუის ტირაჟირებას.
"ლელო - ძლიერი საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ფიქრია ჩიხრაძე ამბობს, რომ "ქართული ოცნების" წვერები ყოველდღიურად დგამენ ნაბიჯებს, რომელი ნაბიჯებიც არანაირ დემოკრატიულ ჩარჩოში არ ეწერება.
მისი თქმით, ივანიშვილის გუნდს უნდა, რომ ურთიერთობები დაალაგოს აშშ-სთან, მაგრამ ისე, რომ "თვითონ თავიანთ ქმედებებში და თავიანთ ნაბიჯებში არაფერი არ შეცვალონ".
ურთიერთობის დალაგება უნდათ, მაგრამ უნდათ ისე, რომ თვითონ თავიანთ ქმედებებში და თავიანთ ნაბიჯებში არაფერი არ შეცვალონ. მათ უნდათ, რომ იყვნენ არადემოკრატიულები, ხალხს იჭერდნენ Facebook-ზე პოსტის გამოქვეყნების, ტროტუარზე დგომის გამო და ამავდროულად აშშ-სთანაც ჰქონდეთ კარგი ურთიერთობა. მათ იციან, რომ ანტიდასავლური პროპაგანდა მიმდინარეობს ამდენი ხანია, მაგრამ ხალხის განწყობა მაინც ამ მიმართულებით დიდად არ შეცვლილა, ისინი იძულებული არიან ამას ანგარიში გაუწიონ და თავისი ამომრჩევლისთვს ერთის მხრივ ამბობენ, რომ ყველაფერს აკეთებენ თითქოს სიტუაციის ნორმალიზებისთვის, მაგრამ რეალურად, ყოველდღიურად, პრაქტიკულად დგამენ ნაბიჯებს, რომელი ნაბიჯებიც არანაირ დემოკრატიულ ჩარჩოში არ ეწერება," - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.
"ჯერ საქართველოს" დამფუძნებლის, ვიქტორ ყიფიანის განცხადებით, ამ ვითარებაში გადატვირთვის მოლოდინი ძალიან მცირე შეიძლება ჰქონდეს "ქართულ ოცნებას".
როდესაც ლექსიკა გამოიყენება პოლიტიკური ოპონენტების დევნის საშუალებად და როდესაც დაცვის საშუალება შენ არ გაქვს, მიუკერძოებელი მართლმსაჯულების და სამართლის უზენაესობის სახით, რა თქმა უდნა, ეს უკვე იქცევა იარაღად და ინსტრუმენტად. ჩვენ ალბათ ეს უნდა ამოვიკითხოთ შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებაში, რომ ეს ყველაფერი უკავშირდება ქვეყნის კურსში მნიშვნელოვან კორექტირებას და მის სახეცვლილებას. რაც შეეხება პერსპექტივებს გადატვირთვის, ალბათ აქ ბანალური ვერ ვიქნები, თუ აღვნიშნავ, რომ რა თქმა უდნა არც არცერთი პოლიტიკური სისტემაა იდეალური, მაგრამ მაინც არის გარკვეული სტანდარტები, რომელიც ადამიანის უფლებებს უკავშირდება, მიუკერძოებელ მართლმსაჯულებას უკავშირდება, ჯანმრთელ პოლიტიკურ პროცესს უკავშირდება და ჩვენი პარტნიორების მითითება სწორედ ამაზე არის. ამ ვითარებაში, რა თქმა უნდა, შენ თან ერთს ამბობდე და მეორეს აკეთებდე და ფიცი მწამს და ბოლო მაკვრვებსო - რა თქმა უნდა, ამ ვითარებაში გადატვირთვის მოლოდინი ძალიან მცირე შეიძლება გქონდეს," - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.
ცოტნე კობერიძის თქმით, პარტნიორი, რომ Facebook-ზე პოსტების გამო მოქალაქეების დაჯარიმებაზე რომ შეწუხდება, გასაკვირი არ არის.
ძალიან ბუნებრივი კრიტიკა იყო და აშშ-იც არ სჭირდება ჩვენს ქვეყანაში მოქალაქეების უდიდესი ნაწილისთვის ისედაც კომიკური, სასაცილო და მიუღებელია, რომ ადამიანს Facebook-ზე პოსტების გამო აჯარიმებდნენ, აკავებდნენ და იარაღად იყოს გამოყენებული სიტყვის თავისუფლების შესაზღუდად და ამაზე რომ შეწუხდება პარტნიორი, რომელთანაც ახლა აპირებ ურთიერთობების დალაგებას, ამაში გასაკვირი არაფერი არ არის," - ამბობს ცოტნე კობერიძე.