"უცნაური ტექსტი"; "არაადეკვატურ პროპაგანდა"; "აბსოლუტური ბოდვა" - როგორ აფასებს ოპოზიცია კობახიძის განცხადებას
ოპოზიციის ლიდერები ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურებიან, რომელმაც რუსული ინტერვენციის 18 წლის თავზე ე.წ. გლობალური ომის პარტიაზე და "რუსიფობიაზე" ისაუბრა.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების თქმით, კობახიძის განცხადება კიდევ ერთ "უცნაურ ტექსტად", "მენტალურ სპეცოპერაციად" და "არაადეკვატურ პროპაგანდად" შეაფასეს.
კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებას "უდროოს" და "აბსოლუტურ ბოდვას" უწოდებს. მისი აზრით, კობახიძის დღევანდელი განცხადება შემთხვევეითი არ არის და სავარაუდოდ, რაიმე გაგრძელება ექნება.
უცნაური ტექსტია, ძალიან უდროო და ვერ ვხვდები საერთოდ რაზე არის ეს ტექსტი. არ მგონია, რომ ეს შემთხვევითი ტექსტი იყოს და რაიმე გაგრძელება ამას არ ჰქონდეს. აბსოლუტური ბოდვა არის ყველაფერი, თარიღები არეული, ცნებები ერთმანეთში გადაზელილი და ახლა "ქართული ოცნების" მხრიდან "ნაციონალური მოძრაობის" და გინდა ნებისმიერი ადამიანის, ვინც მაშინ ხელისუფლებაში იყო და დღემდე რუსეთს ებრძვის, როგორც ამ ქვეყნის მთავარ და ერთადერთ მტერს, პირიქით ქოცების მხრიდან, ვინც გაწოლილია რუსეთს და ყველაფერს აკეთებს, რომ ეს ქვეყანა რუსეთის ნაწილი გახდეს, ეს ახლა სასაცილოდ გამოიყურება ერთი შეხედვით," - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, შეუძლებელია 7 აგვისტომდე "რუსოფობიაზე" წუწუნი შემთხვევითი იყოს.
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილი მთელ მსოფლიოში ცნობილია, როგორც პუტინის წინააღმდეგ მებრძოლი და "ზახაროვას და ლავროვის მიერ ყოველდღე შექებული კობახიძე" ამბობს, რომ "თურმე სააკაშვილმა რუსეთთან რაღაც გააკეთაო".
შეუძლებელია ოკუპირებულ საქართველოში "რუსოფობიაზე" წუწუნი რამდენიმე დღით ადრე, 7 აგვისტომდე, იყოს შემთხვევითი. ეს არის გამიზნული, კიდევ ერთი მენტალური სპეცოპერაცია, პროპაგანდისტული სპეცოპერაცია, რომელსაც ქართველ ხალხს უწყობენ, თუმცა უნდა შეეგუონ, რომ ქართველ ხალხში ანტისაოკუპაციო განწყობებს ვერ აჩლუნგებენ და ვერ ანგრევენ.
ეს არის საერთოდ არაადეკვატური პროპაგანდა იმიტომ, რომ კაცი ცნობილი არის, როგორც პუტინის წინააღმდეგ მებრძოლი, მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ამ ადამიანზე ზახაროვას და ლავროვის მიერ ყოველდღე შექებული კობახიძე და მისი დამქაშები იძახიან, რომ თურმე რუსეთთან რაღაც გააკეთაო," - თქვა ირაკლი ფავლენიშვილმა.
"ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ გეგელიას თქმით, ირაკლი კობახიძე ქვეყნის ისტორიაში შევა, როგორც რუსეთის საგარეო დაზვერვის სპეცოპერაციის გამტარი პოლიტიკოსი.
მე ნამდვილად ვერ ვიტყვი, ვინ როდის გახდა "რუსოფობი", შემიძლია ვთქვა, რომ "ლელო - ძლიერი საქართველოს" პოლიტიკურ ლიდერებს და ამ გუნდს ყოველთვის ჰქონდა ძალიან თანმიმდევრული პოზიცია რუსეთის ფაშისტურ ფედერაციასთან დაკავშირებით, თუმცა შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, რომ ირაკლი კობახიძე მაშინაც და ახლაც იყო და არის რუსოფილი და ის არის სამარცხვინო პრემიერ-მინისტრი, რომელიც ამ ქვეყნის ისტორიაში შევა, როგორც რუსეთის საგარეო დაზვერვის სპეცოპერაციის გამტარი პოლიტიკოსი, ქართველების წინააღმდეგ მოქმედი პოლიტიკოსი და ქართული სახელმწიფოს ეროვნული, სუვერენული ინტერესებისთვის, რუსეთის დავალებით, ძირის გამომთხრელი პოლიტიკოსი. აი ეს დანამდვილებით შემიძლია ვთქვა," - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
პარტია "გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი შარაშიძე იხსენებს, რომ როდესაც მათ პარლამენტში ოკუპაციის და ანექსიის გასაპროტესტებლად რეზოლუცია დააიონიცირა, "ოცნების" გუნდმა ამ რეზოლუციას "პოლიტიკური მატრაკვეცობა" უწოდა.
თუ დღეს ირაკლი კობახიძეს და "ოცნებას" სურს დაადასტუროს და დაუმტკიცოს ქართველ ხალხს, რომ ის ნამდვილად არის პატრიოტი ხელისუფლება და არა მისი გამოგონილი რაღაც მითებით, ამიტომ პირველ რიგში ხმა უნდა ამოიღოს ამ ანექსიის წინაღმდეგ, რასაც "ქართული ოცნება" არ აკეთებს.
როდესაც ჩვენმა გუნდმა პარლამენტში ამ ოკუპაციის და ანექსიის გასაპროტესტებლად რეზოლუცია დააიონიცირა, "ოცნების" გუნდმა ამ რეზოლუციას პოლიტიკური მატრაკვეცობა უწოდა. ეს ახსნას ირაკლი კობახიძემ, რას ნიშნავს პოლიტიკური მატრაკვეცობა და ზოგადად რას აპირებს ის და "ქართული ოცნება" იმისთვის, რომ ხმა ამოიღოს, მათ შორის სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასება მისცეს რუსეთის მიერ დაჩქარებულ ანექსიურ პროცესებს ჩვენს ისტორიულ ტერიტორიაზე, სამაჩაბლოში," - ამბობს გიორგი შარაშიძე.