ფავლენიშვილი ენმ-ის დროებითი მმართველობითი საბჭოს ხელმძღვანელი იქნება - ვინ მოხვდა საბჭოს შემადგენლობაში

05.08.26 16:54
ფავლენიშვილი ენმ-ის დროებითი მმართველობითი საბჭოს ხელმძღვანელი იქნება - ვინ მოხვდა საბჭოს შემადგენლობაში

ირაკლი ფავლენიშვილი ენმ-ის დროებითი მმართველობითი საბჭოს ხელმძღვანელი იქნება - შესაბამისი გადაწყვეტილება "ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე მიიღეს. 

 ვინ მოხვდა დროებითი მმართველობითი ორგანოს 8 კაციან შემადგენლობაში?

  1. პეტრე ცისკარიშვილი;
  2. ირაკლი ფავლენიშვილი;
  3. ანი წითლიძე;
  4. გიორგი ჩალაძე;
  5. ლაშა ფარულავა;
  6. გიორგი ბოტკოველი;
  7. ლევან ბეჟაშვილი;
  8. ირაკლი ნადირაძე;

რაც შეეხება თინა ბოკუჩავას, რომელიც დროებითი მმართველობითი საბჭოს წევრად განიხილებოდა, როგორც ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა,  პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ უარი განაცხადა საბჭოს საქმიანობაში მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით და პარტიის პოლიტსაბჭოს წევრად დარჩა.

რა ხდებოდა ყრილობაზე?

"ნაციონალური მოძრაობის" რიგით XIII ყრილობაზე შეკრებილებმა მოისმინეს პარტიის დამფუძნებლის, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ხმოვანი შეტყობინება. 

მიხეილ სააკაშვილის მიმართვა: 

მეგობრებო,

ჩემო მრავალ განსაცდელ გამოვლილო სახელმწიფოს აღმშენებელო, ერთგულო თანამებრძოლებო.

ისევ როგორც 2003-ში, 2008-ში გვეძახის ჩვენი ქვეყანა. ისევ ჩვენი გადასარჩენია საქართველოს არსებობა. რეპუტაცია და მომავალი.

თქვენ ხართ საოცარი ჯგუფი, რომელმაც თავის დროზე მსოფლიოში ყველაზე წარმატებულად დაამარცხეთ კორუფცია, კრიმინალი, უშუქობა, უიმედობა. მთელს რეგიონში შექმენით პროგრესის ტალღა, დაწერეთ საქართველოს ისტორიის ოქროს ფურცლები.

ახლა ჩვენი ქვეყანა უმძიმეს განსაცდელშია და ისევ ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ორი უმთავრესი ქართული ღირებულება - თავისუფლება და ევროპისკენ გეზი.
თავისუფალი ევროპული საზოგადოება არის ერთადერთი გარემო რომელშიც ქართული თვითმყოფადობა ,ეროვნული ნიჭი და გონიერება გაიფურჩქნება. ყველაფერი დანარჩენი არის თავსმოხვეული რუსული ჭაობი.

მეც უკვე 5 წელია ვუძლებ ციხის მძიმე პირობებს, იზოლაციას, გავუძელი წამებას, მოწამვლას, ორმხრივ ლანძღვას და შეურაცხყოფას, იმიტომ რომ ვგრძნობ თქვენს თანადგომას რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გითხრათ.

ასევე ხალხის სიყვარულის სწრაფად მზარდ ტალღას. რომელიც უკვე კალაპოტს არღვევს და მალე რეჟიმის ამოყვანილ ჯებირებსაც გაანგრევს და დიდი ენერგიით გვიბიძგებს ისევ თავისუფლებისკენ, ევროპულ ოჯახში დაბრუნებისკენ, აღმშენებლობისკენ!

ჩემი და ციხეში მყოფი ჩვენი თანამებრძოლების ამოცანაა არამხოლოდ პირადი თავისუფლება, არამედ ამაზე მეტად მნიშვნელოვანი საქართველოს გათავისუფლება, ხალხის თვალებში გამოხედვა, ქვეყნის გათავისუფლება ოკუპაციისგან და ჭაობისგან და აფხაზეთის დაბრუნება, ძალიან წარმატებული დიდი სახელმწიფოს შექმნა.

კი , ჩვენ ახლა ვცდილობთ გავუმკლავდეთ ყოველდღიურ გაჭირვებას, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენი უზენაესი დანიშნულება, ისევ ვიყოთ ძლიერები, ისევ გავაკვირვოთ მსოფლიო ჩვენი მიღწევებით და ავაფრიალოთ აფხაზეთში ჩვენი ხუთჯვრიანი თავისუფლების დროშა.

ყველანაირი მცდელობა ჩვენი დაყოფის და დემოტივაციის, შიდა დამყოფებს ცუდად შემოუბრუნდათ და ასევე მტრისთვის საბოლოო ჯამში არაფრით დასრულდა და ვერც მომავალში მიაღწევს ის ჩვენს თამაშგარედ დატოვებას. იმიტომ რომ ჩვენ ვართ სახელმწიფოებრიობის იდეის მატარებლები და შესაბამისად მთავარი ქართული პოლიტიკური ძალა და ყველაზე რთულ სიტუაციაშიც კი უნდა გვახსოვდეს ჩვენ ვართ გამარჯვებისთვის დაბადებული", - აღნიშნულია მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში.

დელეგატებს გააცნეს პატიმრობაში მყოფი ლიდერების, ირაკლი ნადირაძისა და ლევან ხაბეიშვილის მიმართვა. 

ირაკლი ნადირაძის წერილი: 

„მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო თანამებრძოლებო, სამშობლოზე უზომოდ შეყვარებულო ადამიანებო, ქვეყნის ერთგულო და გაუტეხელო ხალხო. მივესალმები საქართველოს მესამე პრეზიდენტს, პუტინისა და ივანიშვილის პირად ტყვესა და პოლიტიკურ პატიმარს მიხეილ სააკაშვილს, ასევე მივესალმები ჩემს გამორჩეულ, მამაც მეგობარსა და თანამებრძოლს, ასევე პოლიტპატიმარს ლევან ხაბეიშვილს.

რუსულმა რეჟიმმა, 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მომისაჯა, თუ ციხის კალენდარს გავყვებით გათავისუფლებამდე 6 წელი დამრჩა, მაგრამ ეგ არ მაფიქრებს, ქვეყნის გათავისუფლებამდე რამდენი დაგვრჩა მხოლოდ ესაა ჩემი საფიქრალიც და სადარდებელიც…

დიახ, რა თქმა უნდა, არაა მარტივი ბრძოლა, როდესაც ხედავ როგორ სპობს რუსული ავტოკრატია თავისუფლებისა და დემოკრატიის ყოველგვარ ნიშანწყალს, როგორ ანადგურებს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და სახელმწიფოებრიობას.

არაა მარტივი იბრძოლო იქ, სადაც პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს, სამოქალაქო აქტივისტებსა თუ რიგით მოქალაქეებს, რომლებსაც სამშობლო უყვართ, იჭერენ სიტყვის თქმის გამო, განსხვავებული აზრის გამო, ბანერზე გაკეთებული წარწერის, ტროტუარზე დგომის თუ „ფეისბუქ“ კომენტარის გამო. სადაც აუქმებენ პოლიტიკურ პარტიებს და ციხეში სვამენ მათ ლიდერებსა თუ წევრებს, სადაც აგენტებად აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებს, ებრძვიან და ცდილობენ გაანადგურონ თავისუფალი სიტყვა და მედია.

რუსულ რეჟიმს არასდროს შეუწყვეტია ბრძოლა საქართველოს წინააღმდეგ. არც 2003 წლამდე და არც შემდეგ, 2012 წლიდან კვლავ სრული ძალებით, უკვე მოღალატეთა ხელით, ამოქმედდა რუსული მანქანა, ქვეყნის ბოლომდე გასარუსებლად და საბჭოთა დიქტატურის აღსადგენად…

ბევრმა ვერ გაუძლო ამ ბრძოლას, ბევრი დანებდა, ბევრი გაიყიდა, ბევრმა დაყარა ფარ-ხმალი, მაგრამ ამ ბრძოლაში არასდროს ჩაუმუხლავს, არასდროს დანებებულა, არასდროს დაუხევია უკან და ჯერ კიდევ ფეხზე დგას. არ ნებდება და არასოდეს დანებდება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, მისი ერთგული, ქვეყნის პატრიოტი, მამაცი და თავდადებული ადამიანები. მათ სჯერათ, რომ საქართველო არ არის პატარა სოფელი, რომ საქართველო არ იქნება რუსეთის უკანა ეზო, რომ საქართველო არასდროს დანებდება და რომ აუცილებლად იქნება ერთიანი, წარმატებული, ძლიერი, ევროპული ქვეყანა!

დიახ, მე მჯერა, რომ თუ ვინმეს ძალუძს, ამ ქვეყნის რუსული ჭაობიდან ამოყვანა, თუ ვინმეს ძალუძს იყოს დიქტატურასთან ბრძოლის ავანგარდში - ეს არის მიხეილ სააკაშვილი და მისი პარტია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ეს ხართ თქვენ, ჩემო ძვირფასებო, ამ პარტიის და ამ ქვეყნის ერთგული, შეუპოვარი, გამოცდილი, ამაყი და თავდადებული ადამიანები!

მე მჯერა, რომ ჩვენ ერთად ყველაფერს შევძლებთ, ერთის მხრივ ამ პარტიის ძალიან გამოცდილი და დამსახურებული ადამიანებით და მეორეს მხრივ ახლად შემომატებული ადამიანებით, რომლებიც ყოველდღიურად გვემატებიან და დარწმუნებული ვარ მრავლად შემოგვიერთდებიან და შეემატებიან ჩვენს რიგებს.

დიახ, ძალა ერთობაშია და ეს სულ უნდა გვახსოვდეს!

უნდა გვახსოვდეს და ყველამ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ერთობა გახდეს კიდევ უფრო მყარი, კიდევ უფრო ქმედითი და კიდევ უფრო ბრძოლისუნარიანი!

დიახ, მხოლოდ ერთობით, ბრძოლით შევძლებთ დავამარცხოთ რუსი ოლიგარქი, რომელსაც სურს ჩვენი ქვეყანა გადააქციოს უპერსპექტივობისა და წარუმატებლობის რუსულ ჩიხად!

მაგრამ ჩემო ძვირფასებო, ახლა არაა სასოწარკვეთაში ჩავარდნის დრო! უიმედობის დრო! ხელების ჩამოშვების და დანებების დრო!

ეს ქვეყანა ყოფილა უარეს დღეშიც, ყოფილა მეტ უიმედობაში, უპერსპექტივობაში, სასოწარკვეთაშიც, მაგრამ ეს ქვეყანა ბოლოს მაინც გამოსულა თავაწეული, ამაყი და გამარჯვებული! გამოსულა თქვენისთანა შეუპოვარი, მამაცი, პატრიოტი და ძლიერი ადამიანების დახმარებით, რომელთაც სიცოცხლეზე მეტად უყვარდათ და უყვართ თავის საქართველო! ახლაც გამოგვივა! აუცილებლად გამოგვივა!

მთავარი ბრძოლა ბოლომდე და ბოლოს აუცილებლად ჩვენ მოვიგებთ! ყველანი მიყვარხართ და არცერთი ნაბიჯი უკან“,- აღნიშნავს ნადირაძე.

ლევან ხაბაიშვილის წერილი: 

„ნამდვილი ქართული, პატრიოტული პარტია არის „ნაციონალური მოძრაობა“. ჩვენ არჩეული გვაქვს აღმაშენებლის, თამარის, ილია ჭავჭავაძის, ამბროსი ხელაიას, იესოს გზა!

ჩვენს წინააღმდეგ კი არის ბოროტება, სიძულვილი! ავაზაკ ბარაბას, მოღალატე იუდას და ყაჩაღურ გზას ადგას ივანიშვილი!

მათ დაანგრიეს, ააფეთქეს საყდრისი - ჩვენ აღვადგინეთ ბაგრატი, ისინი ანგრევენ გელათს - ჩვენ ასობით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი აღვადგინეთ!

ჩვენ ავაშენეთ რიყის პარკი, დავამშვენეთ მსოფლიოში აღიარებული “დოქებით”, ისინი კი ანგრევენ, ანადგურებენ!

ჩვენ გერბზე ამოვტვიფრეთ ამოვტვიფრეთ “ძალა ერთობაშია” და ისინი კი ანგრევენ ყველაფერს, რის გარშემო გაერთიანებაც შეიძლება!

ჩვენთვის ანწუხელიძე გმირია, მათთვის კი არავინ - შეურაცხყოფენ მის სულს, საფლავს!

ჩვენთვის წმინდაა ჩვენი დროშა, ისინი კი ებრძვიან მას!

ჩვენ წმინდა გიორგის მონუმენტი აღვმართეთ თავისუფლების მოედანზე, ისინი კი ჯვრის მონასტერს ანგრევენ.

ჩვენ გვინდა სოხუმში ავაშენოთ ყველაზე დიდი აეროპორტი ევროპაში, ისინი კი ევროპულ პერსპექტივას, საქართველოს ერთიანობის იდეას კლავენ!

ჩვენ გვინდა საქართველოდან გადახვეწილი ჩვენი ხალხი დაბრუნდეს მის სანუკვარ ოჯახში და ესენი კი ხმის უფლებასაც კი ართმევენ!

ჩვენ გვინდა საქართველოში გათენდეს და მათ სურთ ბნელი და უკუნი!

მივესალმები თქვენს შრომას, ბრძოლას, გაუტეხელობას და ქედს ვიხრი თითოეული თქვენგანის წინაშე!

მადლობელი ვარ, რომ მქვია თქვენი მსახური.

არაფრის შეგეშინდეთ, არაფერმა გაგტეხოთ და მოვემზადოთ გადამწყვეტი ბრძოლისთვის!

ჩემი მოკითხვა მიხეილ სააკაშვილს, ჩემს ძმადნაფიც ირაკლი ნადირაძეს და ჩვენს წევრებს, რომლებიც საპყრობილეში სხედან.

მიიღეთ ჩემი სიყვარული და პატივისცემა!

ბოლოს, მინდა გთხოვოთ, გაუფრთხილდეთ ჩვენს დიდ ოჯახს - „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.

ყველა მოერიდოს საჯაროდ შეურაცხყოს ჩვენი ოჯახი. ყველამ გამოიჩინოს თმენის უნარი, გონიერება და ზიანი არ მოვუტანოთ ჩვენს გუნდს!

წყალსაც წაუღია ყველა თანამდებობა და რეგალია, გარდა ხალხის მსახურებისა!

ღმერთმა დალოცოს საქართველო!

დიდება გმირებს”, - წერს ხაბეიშვილი.

ფოტო: პუბლიკა

მსგავსი სიახლეები