"ოცნების" წევრების განცხადებები რუსული ინტერვენციის 18 წლის თავზე და კობახიძის სტატუსის გაგრძელება

05.08.26 17:41
"ოცნების" წევრების განცხადებები რუსული ინტერვენციის 18 წლის თავზე და კობახიძის სტატუსის გაგრძელება

ირაკლი კობახიძის გუშინდელ სტატუსს, სადაც ის რუსული ინტერვენციის 18 წლის თავზე ე.წ. გლობალური ომის პარტიაზე და "რუსიფობიაზე" საუბრობს, "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში, პარტიის წევრების მხრიდან გაგრძელება მოჰყვა. 

ივანიშვილის გუნდის წევრები დღეს ამბობდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ "რუსეთს მოსახერხებელი ვითარება შეუქმნა ოკუპაციის დაკანონებისთვის". 

"ქართული ოცნების" დეპუტატის, გია ვოლსკის განცხადებით, "რუსეთს 2008 წლის პერიოდში სტრატეგიული რეგიონების ოკუპაცია სურდა, რასაც მაშინდელმა საქართველოს ხელისუფლებამ ხელი შეუწყო თავისი მოქმედებებით". 

გია ვოლსკი ამტკიცებს, რომ "იმ პერიოდში არავის არ ენაღვლებოდა საქართველო და სააკაშვილიც ძალიან თავისუფლად გრძნობდა თავს". ხოლო რუსეთის შეტევა თბილისის მიმართულებით საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიერ "მოგონილი ამბავია". 

რეალობაში ხდებოდა ის, რომ რუსეთს, რომელიც დაპირისპირებაში იყო დასავლეთის გარკვეულ ძალებთან იმ პერიოდში, სურდა სტრატეგიული რეგიონების ოკუპაცია, ასეთი სურვილი ჰქონდა, მაგრამ ელოდებოდა მოსახერხებელ ვითარებას და ეს მოსახერხებელი ვითარება სააკაშვილმა შეუქმნა თავისი მოქმედებებით. ზუსტად იცოდა, რაც მოხდებოდა და მობილიზებას აკეთებდა, რათა მნიშვნელოვანწილად ხელი შეეწყო რუსეთის ოკუპაციის დაკანონებისათვის. ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რათა რუსეთს კომფორტულად ეგრძნო თავი. იმ პერიოდში არავის არ ენაღვლებოდა საქართველო და რასაკვირველია, სააკაშვილიც ძალიან თავისუფლად გრძნობდა თავს, თავის სასახლეში იყო, რუსეთის შეტევა თბილისის მიმართულებით, ეს მის მიერ მოგონილი ამბავია. რუსეთმა მიიღო ის რაც უნდოდა და რასაკვირველია, იმ პერიოდის დასავლეთს სჭირდებოდა გარკვეული გადატვირთვა რუსეთთან ურთიერთობაში. დღეს სხვა შეკვეთაა, ასე რომ შეკვეთას სახელმწიფოს ინტერესებთან არავითარი კავშირი არ აქვს," - განაცხადა გია ვოლსკმა. 

"ოცნების" კიდევ ერთი წევრის, ირაკლი კირცხალიას თქმით, "ნაციონალურმა მოძრაობამ" 2008 წელს სამშობლო გაყიდა", ხოლო მისი ხელისუფლების პირობებში "ღირსება დაიბურეს". 

ჩემი გუნდის, ჩვენი ხელისუფლების პერიოდში არის დაბრუნებული ღირსება ჩვენ ქვეყანაზე, როდესაც ღალატი ჩამოვრეცხეთ და მოღალატეზე როგორ არ ვისაუბრო, რომელმაც თავისი ქვეყნის ტერიტორიები გაყიდა პირდაპირი მნიშვნელობით. მეუბნებით ხალხზე, რომელიც 100%-ით ჯერ თავის სამშობლოში, თავის ქვეყანაში სისხლი დაღვარა თავისი ხალხის, გადაუფორმა პირდაპირ, მერე ყველაფერი გააფორმა რეზოლუციებში და ამ ყველაფრის შემდეგ მეკითხები,რომ როგორ საუბრობ "ნაციონალურ მოძრაობაზო" - აბა ვისზე ვისაუბრო. სამშობლო გაყიდეს 2008 წელს, ქვეყნის ტერიტორიები გადააბარეს, არ გამოვრიცხავ, შეიძლება რამე მერკანტილური სურვილებიც ჰქონოდათ," - ამბობს ირაკლი კირცხალია. 

ივანიშვილის გუნდის წევრი, ლევან მაჭავარიანი ირაკლი კობახიძის სტატუსის შინაარს იმეორებს და ამტკიცებს, რომ "აგენტურამ უკრაინაზე აგრესიის განხორციელების შემდეგ, მესიჯბოქსი შეიცვალა". 

როდესაც დღის წესრიგი შეიცვალა და გლობალური ძალებისთვის უკვე მნიშვნელოვანი გახდა რუსების და რუსეთის გაშავება, აგენტურამ უკვე სხვა მესიჯბოქსი მიიღო და ეს მესიჯბოქსი ჩაიშალა მას შემდეგ, რაც აგრესია განხორციელდა უკვე ამ შემთხვევაში უკრაინაზე. შესაბამისად ეს აგენტურული ოპოზიცია თავის მდიდარ NGO-ებთან ერთად აბსოლუტურად დამოკიდებულია გარე ძალების მითითებებზე," - თქვა ლევან მაჭავარიანმა. 

იხილეთ ასევე:

მსგავსი სიახლეები