"მეც ერთ-ერთი მათგანი ვიყავი, [ვინც ლიფტში გაიჭედა]" - ლევან მახაშვილი

06.08.26 13:28
"მეც ერთ-ერთი მათგანი ვიყავი, [ვინც ლიფტში გაიჭედა]" - ლევან მახაშვილი

 

 

"მეც ერთ-ერთი მათგანი ვიყავი, [ვინც ლიფტში გაიჭედა]" - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა, ლევან მახაშვილმა განაცხადა და ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის გათიშვას გამოეხმაურა. 

ივანიშვილის გუნდის წევრის თქმით, ქვეყანას სხვა დიდი მასშტაბის ენერგეტიკული ობიექტები სჭირდება. მახაშვილი საზოგადოებას იმ ადამიანებთან ამისამართებს, "ვინც თავის დროზე ახალი ჰესების მშენებლობას ეწინააღმდეგებოდა". 

მეც ერთ-ერთი მათგანი ვიყავი, ასე რომ, რა თქმა უნდა, მეც მაქვს კითხვები ამ თემებთან დაკავშირებით ზოგადად, მაგრამ ისიც მესმის, რომ ეს არის სტრატეგიული ობიექტი და დაანონსება იმის, რომ პირობითად 8-დან 10 საათამდე მთელი ქვეყანა იქნება გათიშული, ეს რა რისკებთან არის დაკავშირებული ალბათ ხვდებით, დანაშაულიდან დაწყებული შიგნით თუ გარეთ. 

ავტოსაგზაო შემთხვევები დენის დროსაც ხდება და დენის გარეთაც, ეს არ არის მთავარი მიზანი. პრევენციული მექანიზმები რამდენადაც შესაძლებელია უნდა იყოს ხოლმე და მთავარი დასკვნები, ჩემთვის პირადად, არის ის, რომ დღეს საქართველოს ენერგო სისტემას სასიცოცხლოდ ესაჭიროება ახალი, მსხვილი ობიექტები, შეიძლება არა იმ მასშტაბის, როგორიც არის ენგურჰესი, მაგრამ სხვა დიდი მასშტაბის ენერგეტიკული ობიექტები, რომლებიც უზრუნველყოფენ სწორედ იმას, რომ იყოს სტაბილურობა ჩვენ ენერგო სისტემაში. ყველა ადამიანი, ვინც თავის დროზე, საზოგადოებას ახსოვს ეს პერიპეტიები, ეწინააღმდეგებოდა ახალი ჰესების მშენებლობას, დღეს საზოგადოებამ მათ ჰკითხოს, რა პასუხი აქვთ ადამიანების წინაშე," - ამბობს ლევან მახაშვილი. 

ცნობისთვის, 5 აგვისტოს საქართველოს მასშტაბით დენი ისევ გაითიშა. სემეკ-ის წევრი ამტკიცებს, რომ შუქის გათიშვა ტესტირებას უკავშირდება.

ამასთან, დენი გამოირთო დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზეც. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ენგურჰესზე მომხდარი სისტემური ავარიის გამო აფხაზეთის მთელ ტერიტორიას ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. უწყების ცნობით, ამ დროისთვის ელექტრომომარაგების აღდგენის პროცესი უკვე დაწყებულია.

შეგახსენებთ, რომ 24 ივლისს ელექტროენერგია ქვეყნის მასშტაბით სრულად გაითიშა. შუქი ჩაქრა 25 ივლისის დილითაც. სუს-მა 24 და 25 ივლისს ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო. 30 ივლისს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ პირველადი შედეგი გამოაქვეყნა.

მსგავსი სიახლეები