სემეკ-ის წევრი ამტკიცებს, რომ შუქის გათიშვა ტესტირებას უკავშირდება - მოსახლეობა არავის გაუფრთხილებია
სემეკ-ის წევრი ამტკიცებს, რომ შუქის გათიშვა ტესტირებას უკავშირდება. ამის შესახებ გიორგი ფანგანი სოციალურ ქსელში წერს.
მისი ცნობით, ელექტროსისტემა ენგურჰესის აგრეგატებზე აწარმოებდა დაგეგმილ ტესტირებას, რომლის მიზანი იყო 24 და 25 ივლისის ავარიების გათვალისწინებით სისტემაში არსებული სუსტი წერტილების გამოვლენა და შეფასება.
გიორგი ფანგანის მტკიცებით, ტესტირების მიმდინარეობისას მოხდა საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის სრულად გათიშვა.
მინდა გაცნობოთ, რომ დღეს სახელმწიფო ელექტროსისტემა ენგურჰესის აგრეგატებზე აწარმოებდა დაგეგმილ ტესტირებას, რომლის მიზანი იყო 24 და 25 ივლისის ავარიების გათვალისწინებით სისტემაში არსებული სუსტი წერტილების გამოვლენა და შეფასება.
ტესტირების ფარგლებში, სხვა ღონისძიებებთან ერთად, გათვალისწინებული იყო საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის იზოლირებულ რეჟიმში მუშაობაც. აღნიშნული რეჟიმი დაკავშირებული იყო მნიშვნელოვან ტექნიკურ რისკებთან, მათ შორის, ელექტროენერგეტიკული სისტემის სრულად გათიშვის შესაძლებლობასთან.
როგორც უკვე ცნობილია, ტესტირების მიმდინარეობისას მოხდა საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის სრულად გათიშვა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მომხდარის დეტალური ანალიზი და შესაბამისი შეფასება, რათა დადგინდეს ავარიის ზუსტი მიზეზები და შემდგომში თავიდან იქნეს აცილებული მსგავსი შემთხვევების განმეორება," - წერს გიორგი ფანგანი.
ცნობისთვის, დღეს, 5 აგვისტოს მთელ საქართველოში დენი ისევ გაითიშა.
შეგახსენებთ, რომ 24 ივლისს ელექტროენერგია ქვეყნის მასშტაბით სრულად გაითიშა. შუქი ჩაქრა 25 ივლისის დილითაც. სუს-მა 24 და 25 ივლისს ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო. 30 ივლისს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ პირველადი შედეგი გამოაქვეყნა.