"ოცნებაში" "ინტერ რაოს" სანქცირებაზე ერთმანეთისგან განსხვავებული გზავნილები კეთდება

07.08.26 16:08
"ოცნებაში" "ინტერ რაოს" სანქცირებაზე ერთმანეთისგან განსხვავებული გზავნილები კეთდება

"ინტერ რაოსთან" ერთად არიან სხვა მესაკუთრეებიც, შესაბამისად ერთმანეთში გაერკვევიან" - ამის შესახებ კახა კალაძემ განაცხადა და ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, "თელასზე" "ინტერ რაოს" სანქციები ვრცელდება.

მისი თქმით, ბიზნესი საქართველოში ხელშეუხებელია და სახელმწიფო იმ შემთხვევაში გადადგამს შესაბამის ნაბიჯებს "აუცილებლობა იქნება". 

რაც შეეხება "ინტერ რაოს" დასანქცირებას, "ინტერ რაოსთან" ერთად არის სხვა მესაკუთრეებიც, მე როგორც ვიცი, ქართველები, შესაბამისად ერთმანეთში გაერკვევიან. ეს ბიზნეს საქმიანობა არის და სახელმწიფოს მხრიდან უხეში ჩარევა, ეს რა თქმა უნდა, ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს, რომელიც ჩვენ გვაქვს გაჟღერებული. თუ საჭირო აუცილებლობა იქნება სახელმწიფოს მხრიდან რაიმე ტიპის მოქმედებები, რა თქმა უნდა ჩვენ გადავდგამთ შესაბამის ნაბიჯებს, თუმცა ბიზნესი, რა თქმა უნდა, არის ხელშეუხებელი და დარწმუნებული ვარ, რომ თვითონ მოაგვარებენ და დალაგდებიან," - განაცხადა კახა კალაძემ. 

ცნობისთვის, მანამდე, 5 აგვისტოს, "ქართული ოცნების" წევრმა, გია ვოლსკიმ განაცხადა: "ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სანქციებმა საქართველოს მოსახლეობაზე არ იმოქმედოს".  

"ინტერ რაოს" დასანქცირების შემდეგ, "ოცნების" ლიდერმა, გია ვოლსკიმ თქვა, რომ მიმდინარეობს უცხოელ პარტნიორებთან გარკვეული კონსულტაციები, რათა საქართველო ელექტროენერგიის გარეშე არ დარჩეს. 

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის პრესსამსახურმა BMG-ისთვის გაგზავნილ ოფიციალურ წერილში დაადასტურა, რომ თუ მთავარი კომპანია შავ სიაში ხვდება, შეზღუდვები ავტომატურად ეხება მის შვილობილ კომპანიებსაც. რუსული ენერგოგიგანტი კი "თელასის" 75 პროცენტს ფლობს. 

მსგავსი სიახლეები