ამათ ჯიბის პროკურატურაში არ მივალ - გიორგი ბარამიძე
გიორგი ბარამიძე პროკურატურაში გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს.
ენმ-სი ლიდერი ამბობს, რომ ის მხოლოდ სასამართლოში, მოსამართლესთან მივა და იქ იტყვის იმას, რაც სათქმელია.
მისივე თქმით, მას არც დაჭერის ეშინია და არც ტყვიის, სხვა შემთხვევაში საქართველოში ამ დრომდე არ იქნებოდა.
მე რომ ამათი მეშინოდეს ან დაჭერის, ან ფიზიკური ანგარიშსწორების, ან ცილისწამების, ან ტყვიის, მაშინ საქართველოში არ ვიქნებოდი და ამ რეჟიმის წინააღმდეგ დღემდე არ ვიბრძოლებდი. თუ დამიბარებენ პროკურატურაში, რა თქმა უნდა, ამათ ჯიბის პროკურატურაში არ მივალ. მოსამართლესთან სასამართლოში მივალ და რაც სათქმელია, ვიტყვი. ომი იმიტომაა ცუდი, რომ ადამიანები ადამიანებს კლავენ. რა გასაკვირია, რომ ოჯახამოწყვეტილმა, ძმამ თუ დედამოკლულმა ადამიანმა ტყვე არ აიყვანოს და მტერი მოკლას. მტერს კლავ ომში, ეს არ არის კარგი, სახარბიელო, მაგრამ როცა კლავ ომში, ეს არ არის დანაშაული. პირიქით, შენ სამშობლოს იცავ და მტერს კლავ. დახვრეტა დაარქვი თუ მოკვლა. დასაწყისში ეს ასე ხდებოდა. შემდეგ დავალაგეთ ეს ამბავი და უფრო მეტი ტყვე გვყავდა, რომ გაცვლა განგვეხორციელებინა. ის 200 ადამიანი, შევძელით მე და ჩემმა მოადგილემ და გავათავისუფლეთ რუსების, სეპარატისტების ტყვეობიდან. აბა, ისე თუ არ გვეყოლებოდა ტყვეები, ვის-ვისზე გავცვლიდით. ამას უნდა მიმხვდარიყო ყველა, მაგრამ ქოცურმა პროპაგანდამ ისე მოატრიალა, რომ თითქოს, ჩვენ, ქართველები პირსისხლიანები ვიყავით და ყველას ვხვრეტდით და არავინ ტყვე არ გვყავდა არასდროს, აბსურდია. მაგრამ რადგან ამის განმარტება გახდა საჭირო, იმედია, თქვენი მეშვეობითაც გაიგებს, - განაცხადა ბარამიძემ.
- შეგახსენებთ, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. კერძოდ, საქმე ეხება, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის მიერ იაგო ხვიჩიასთვის მიცემულ ინტერვიუს, სადაც ის აღნიშნავს, რომ რომ აფხაზეთში ომის დროს „ჩვენ ტყვეები არ გვყავდა, ჩვენებს ტყვეები არ აჰყავდათ, ჩვენები ხვრეტდნენ“.