"საქართველოს ოკუპაციის ისტორიას ვერ გადაწერენ, სადაც თავად "ოცნება" რუს ოკუპანტებთან ერთად სირცხვილის ფურცლებს შეავსებს" - ელენე ხოშტარია

07.08.26 18:57
"საქართველოს ოკუპაციის ისტორიას ვერ გადაწერენ, სადაც თავად "ოცნება" რუს ოკუპანტებთან ერთად სირცხვილის ფურცლებს შეავსებს" - ელენე ხოშტარია

"საქართველოს ოკუპაციის ისტორიას ვერ გადაწერენ, სადაც თავად "ქართული ოცნება" რუს ოკუპანტებთან ერთად სირცხვილის ფურცლებს შეავსებს" - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია ციხიდან წერილს ავრცელებს და აგვისტოს ომის 18 წლისთავს ეხმიანება.

დაპატიმრებული ქალი პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ 7 აგვისტოს რუსული რეგულარული არმია უკვე საქართველოს ტერიტორიაზე იყო.

მისი თქმით, ვერც რუსები და ვერც ქართველი რუსები ისტორიას ვერ გადაწერენ.

7 აგვისტოს რუსული რეგულარული არმია უკვე საქართველოს ტერიტორიაზე იყო. გვქონდა მსხვერპლი. ვერც რუსები, ვერც ქართველი რუსები ისტორიას ვერ გადაწერენ. ვერ გადაწერენ გმირობის ისტორიას, ვერ დაგვავიწყებენ ქართველ სამხედროებს, ვერ დააკნინებენ ანწუხელიძეს. ვერც იმას ვერ გადაწერენ, რომ საქართველომ სახელმწიფოებრიობა შეინარჩუნა. მთავრობა არსად გაქცეულა, ბოლომდე იდგა, ქვეყანა არ ჩამოშლილა და საქართველო არ გაუქმებულა.

ვერც საქართველოს ოკუპაციის ისტორიას გადაწერენ, სადაც თავად "ქართული ოცნება" რუს ოკუპანტებთან ერთად სირცხვილის ფურცლებს შეავსებს.

რუსეთი ოკუპანტია, ქოცი რუსია.

გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს!" - წერს ელენე ხოშტარია. 

  • აგვისტოს ომის დაწყებიდან 18 წელი გავიდა - 2008 წლის 7 აგვიტოს საქართველოში რუსეთის რეგულარული არმიის დანაყოფები შემოიჭრნენ. არსებობს არაერთი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდა, რომ რუსეთის ჯარმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი სწორედ 7 აგვისტოს გადმოკვეთა.
  • ჰააგის სასამართლომ თქვა, რომ ომი რუსეთმა დაიწყო და ომის დანაშაულებიც საქართველოში რუსეთმა ჩაიდინა.
  • საქართველოს მთავრობა და რუსეთი 2008 წლის ომის დაწყებას კვლავინდებურად 8 აგვისტოს აღნიშნავენ.
  • 2008 წლის 12 აგვისტოს გაფორმდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელსაც რუსეთი ამ დრომდე არღვევს. 6-პუნქტიანი გეგმა, მათ შორის, იმასაც გულისხმობს, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები უნდა დაბრუნდნენ მათი ჩვეულებრივი დისლოკაციის ადგილებში; თუმცა, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის გამო ეს ვერ ხერხდება. რუსეთი აგრძელებს მცოცავ ოკუპაციას, ავლებს მავთულხლართებს, იტაცებს მიწებს, მოსახლეობის საქონელს და თავად ადამიანებსაც. 
  • რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, მათი დიდი ნაწილი კვლავ დევნილია.