ყაველაშვილმა 2008 წელს რუსთაველის გამზირზე გამართულ მიტინგს "ტაშ-ფანდური" უწოდა

08.08.26 12:04
ყაველაშვილმა 2008 წელს რუსთაველის გამზირზე გამართულ მიტინგს "ტაშ-ფანდური" უწოდა

მიხეილ ყაველაშვილი დღეს, 8 აგვისტოს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ავიდა და მედიას რუსეთ-საქართველოს ომის 18 წლისთავთან დაკავშირებით კომენტარი მისცა. 

პრეზიდენტმა მომხდარზე პასუხისმგებლობა „ნაციონალურ მოძრაობას“ დააკისრა.

ყაველაშვილისთვის „ტაშ-ფანდურა“ რუსთაველზე გამართული მიტინგი, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ თბილისში ჩამოსული პოლონეთის, ესტონეთის, ლიეტუვისა და უკრაინის პრეზიდენტები

„500-მდე ადამიანია გარდაცვლილი, 120-მდე ჩვენი სოფელი დაკარგული, აღიარებული ტერიტორიები, უბრძოლველად დათმობილი კოდორის ხეობა, ქაოსი - მათი ქმედებებიდან გამომდინარე, ასეთი ტრაგედია ვითარდებოდა ჩვენს საქართველოში. ამ ადამიანებს, რომლებმაც პირდაპირი მნიშვნელობით ასეთი დანაშაული ჩაიდინეს, სულ რამდენიმე წელში, ჯერ იმავე დღეებში, ტაშ-ფანდური ჰქონდათ რუსთაველზე, როცა ჯერ კიდევ, ჩემს უკან დაკრძალული საქართველოს გმირების ცხედრები გაციებული არ იყო, მათ ტაშ-ფანდური ჰქონდათ რუსთაველზე“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ყაველაშვილმა კომენტარის დიდი ნაწილი წინა ხელისუფლების კრიტიკას დაუთმო და აღნიშნა, რომ "მაშინ, როცა ანწუხელიძეს აწამებდნენ, მაშინდელი ხელისუფლება რუსეთთან დათმობის პოლიტიკას აწარმოებდა".

ის ვაჟბატონი, ხან ოდისევსი რომ არის, ხან ნელსონ მანდელა, ხან ილია ჭავჭავაძე და დავით აღმაშენებელი, სინამდვილეში, ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, ერთი საცოდავი, მხდალი პიროვნებაა. არ ახსენდება არც ერთ ქართველ ადამიანს და არ ვიცი, არც სხვაგან არ მახსენდება, ლიდერი ისე მოიქცეს, საკუთარ დაცვას გაასწროს, უმნიშვნელო, თვითმფრინავის ხმაზე, სტუმარი ჰყავდა - საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ისე სამარცხვინოდ მოიქცა, ეს მის ინსტინქტებს აჩვენებს.

დღეს ჩვენ ვართ გაძლიერებული, დღეს ვართ ხელისუფლება, რომელიც არაფრის დიდებით დავუშვებთ მსგავს დღეებს საქართველოსთვის“, - განაცხად მან. 

ყაველაშვილმა გაიმეორა "ქართული ოცნების" ნარატივი და თქვა, რომ "2008 წელს რეზოლუციით მაშინდელმა ხელისუფლებამ აღიარა, რომ ქართველმა სამხედრო ძალებმა დაიწყეს ფართომასშტაბიანი შეტევა და დაბომბვა ცხინვალის".

მას შემდეგ კი რაც კრიტიკულმა მედიამ ყაველაშვილს უთხრა, რომ არაზუსტ ციტირებას ახდენდა, ყაველაშვილმა მოითხოვა რეზოლუციის ტექსტი. "მომაწოდეთ, რეზოლუციის ტექსტი, უნდა წავუკითხო ამათ", თუმცა კომენტარი ისე დაასრულა, რომ დოკუმენტი არ წარუდგენია.

საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის ამ რეზოლუციის შესახებ. ამ ძალების მიერ შეუძლებელია ამაზე სხვა პასუხი არსებობდეს. თავად მოაწერეს ხელი. შეუძლებელია იმის უარყოფაც, რომ ლარსზე იდგა მაშინდელი პრეზიდენტი და ეპატიჟებოდა რუს ტურისტებს საქართველოში. შეუძლებელია იმის უარყოფა, რომ სტრატეგიული ობიექტები მიყიდეს რუსეთს, შეუიძლებელია იმის უარყოფა, იმისი რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანოზაციაში დაუშვა და გააწევრიანა მაშინდელმა... მე ვსაუბრობ მაშინდლ ხელისუფლებაზე, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული საქართველოს წინაშე, რომელიც გამოძიებულია და აცილებლად აგებენ პასუხს. ეს არის მთავარი საკითხი"- თქვა მან. 

  • ცნობისთვის, რეზოლუციის ტექსტში 7 აგვისტოსთან მიმართებით საუბარია არა ომის დაწყებაზე, არამედ ესკალაციის ახალ ეტაპზე გადასვლაზე. 

მიხეილ ყაველაშვილის თქმით, "დღეს, როგორც არასდროს, საქართველო დამოუკიდებელია, ჰყავს თავისუფალი ხელისუფლება". პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ "ქართული ოცნების" გაცხადებულ მიზანს წარმოადგენს "მშვიდობიანი გზით მოვახერხოთ ჩვენი ოსი და აფახაზი და-ძმების შემორიგება და ერთიან სახელმწიფოში გავაგრძელოთ ურთიერთთანაცხოვრება მშვიდობიანად და განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა". 

ამ მძიმე დღეებში ჩვენმა ქვეყანამ დაკარგა ტერიტორიები, მტერმა მოახდინა ოკუპაცია ჩვენი ტერიტორიების, დავკარგეთ სოფლები, ადამიანები და, სამწუხაროდ, ეს ოკუპაცია დღემდე გრძელდება.

მაგრამ მინდა საზოგადოებას განვუცხადო, რომ დღეს, როგორც არასდროს, საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, მას ჰყავს თავისუფალი, ეროვნული ინტერესის მატარებელი ხელისუფლება, რომელიც ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ აღდგეს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, საქართველო გაერთიანდეს. ჩვენ გვაქვს მიზანმიმართული პოლიტიკა. სწორედ ეს პოლიტიკა ემსახურება იმას, რომ ჩვენ მშვიდობიანი გზით მოვახერხოთ ჩვენი ოსი და აფახაზი და-ძმების შემორიგება და ერთიან სახელმწიფოში გავაგრძელოთ ურთიერთთანაცხოვრება მშვიდობიანად და განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა. ეს არის ჩვენი მიზანი.

მე დარწმუნებული ვარ, რომ უფრო და უფრო მეტი ადამიანი გაიზიარებს იმ სულისკვეთებას, რომელიც დღეს აქვს ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენს ხელისუფლებას. კონფლიქტის იქით მაცხოვრებელ ადამიანებს ჩვენ გულწრფელად ვუწვდით ხელს და გვჯერა, რომ არიან მათში ადამიანები, ვინც ჩვენნაირად ფიქრობენ იმიტომ, რომ თუნდაც აზრი ჩვენს რეალობაში, ან ვირტუალურშიც თუ გინდა, არ არსებობს რეალობა, სადაც ვინმეს წარმოუდგენია, რომ აფხაზეთის და სამაჩაბლოს გარეშე იარსებებს საქართველო"- თქვა ყაველაშვილმა.

მსგავსი სიახლეები