გია ბარამიძე არ გამორიცხავს, რომ დააკავებენ

08.08.26 14:20
გია ბარამიძე არ გამორიცხავს, რომ დააკავებენ

გია ბარამიძე არ გამორიცხავს, რომ მას დააკავებენ. "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერს აქვს ეჭვი, რომ მის წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანიაა დაწყებული. ბარამიძე ამბობს, რომ აფხაზეთის ომის შესახებ გაკეთებულ მის განცხადებას პროპაგანდა კონტექსტიდან ამოგლეჯილად ავრცელებს. "თუ უნებლიედ გული ვატკინე ვინმეს, ბოდიშს ვუხდი"- დაწერა ბარამიძემ სოციალურ ქსელში.   

ქოცური პროპაგანდა, რა ქოცური პროპაგანააა, რომ არ მოიტყუოს და სიტყვა კონტექტიდან არ ამოგლიჯოს?! კი, ნამდვილად ვახსენე სიტყვა "დახვრეტა", მაგრამ ადამიანი ომში, როცა ოჯახი გყავს ამოწყვეტილი, მეგობარი, მამა თუ დედა, დახვრიტავ, ესვრი, მოკლავ... სამწუხაროდ, ომში ეს ხდება. ეს ვთქვი მე, რომ პირველ პერიოდში განსაკუთრებით, ქაოსი იყო. მოხალისეები "მხედრიონი" სხვები. ეს სიტუაცია იყო და ეს რა დასამალია. რა შუაში იმასთან, რასაც კუდი მოაბეს, თითქოს მე ვადანაშაულებ ზოგადად საქართველოს, ქართულ ჯარს, ქართულ სახელმწიფოს და ეს თითქოს რაღაცნაირად ცუდად დაგვიტრიალდება ჩვენ სადმე. თითქოს ვიღაცეებს ვიყვანდით, გვერდზე გაგვყავდა და ვხვრეტდით. ასეთი რამ არ მითქვასმს, ეს არის ტყუილი, ეს არის ცილისწამება და ეს არის ის რუსულ-ქოცური პროპაგანდა, რომ საქართველოს პარტიოტს ამ მართლა მოღალატეებმა დაუძახონ, შენ ხარ მოღალატე და თურმე თავი უნდა ვიმართლო, რომ მოღალატე არ ვარ"- თქვა ბარამიძემ. 

გამოხმაურება "ქართულ ოცნებაში"

  • "გიორგი ბარამიძის განცხადება მორალურად არის ამაზრზენი და სამარცხვინო, სამართლებრივ მხარეს რაც შეეხება, ამას შესაბამისი უწყებები დაადგენენ", - თქვა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან. 
  • "ბარამიძეს შეფუთული მისდის, რა უნდა თქვას, საფიქრალი ის არის, საიდან მოდის ეს დავალება, რატომ ალაპარაკეს ის, რაც ილაპარაკა"- თქვა შალვა პაპუაშვილმა. 
  • ბარამიძის განცხადებას "მოღალატეობრივი" უწოდა დეპუტატმა სოზარ სუბარმა და ყველაფერი "დიფ-სთეითს" დაუკავშირა:  "სწორედ ეს არის „დიფ სთეითის“ მართვის სტილი, რასაც მეტ-ნაკლები წარმატებით იყენებს სხვადასხვა ქვეყანაში. ამ სცენარში პირდაპირ ჯდება რამდენიმე დღის წინ გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებული მოღალატეობრივი განცხადება, რომელმაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლ ქართველ პატრიოტებს დააბრალა, თითქოს მათ აფხაზეთში ომის დროს ტყვეები არ აჰყავდათ, რადგან პირდაპირ ხვრეტდნენ მოწინააღმდეგე მხარის მებრძოლებს, მაშინ როცა, მისივე თქმით, ჩვენ წინააღმდეგ მებრძოლი რუსები ასე არ იქცეოდნენ. ეს არის პირდაპირი ღალატი ჩვენი სამშობლოს ინტერესების, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ბოლო წლებში შეინიშნება ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შორის ნდობის აღდგენის ტენდენცია"- თქვა მან.

რა თქვა გიორგი ბარამიძემ აფხაზეთის ომზე და რას ედავება მას გამოძიება

  • გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით პროკურატურა გამოძიებას სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლებით აწარმოებს. გამოძიების დაწყება სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა მოითხოვა. 

2026 წლის 18 ივლისს YouTube-ზე გამოქვეყნდა იაგო ხვიჩიას გადაცემა „საქართველოს დაბადების“ ეპიზოდი

ტყვეების გაცვლის საკითხის განხილვისას ბარამიძემ თქვა, რომ ომის დასაწყისში ქართულ მხარეს ტყვეები არ ჰყავდა იმიტომ, რომ მათ "ხვრეტდნენ."

ბარამიძე: აღარ გვაძლევდნენ ისინი ტყვეებს და ჩვენ ტყვეები არ გვყავდა. ჩვენებს ტყვეები არ აჰყავდათ.

ხვიჩია: რატომ?

ბარამიძე: ხვრეტდნენ

ხვიჩია: ჩვენები?

ბარამიძე: ჩვენები.

ხვიჩია: რატომ იყო ეს აუცილებელი?

ბარამიძე: აუცილებელი არ იყო აბსოლუტურად, რა თქმა უნდა, მაგრამ როცა ადამიანს… ბიძაშვილს მოგიკლავენ, ძმას მოგიკლავენ, მეგობარს მოგიკლავენ, ხო? იქ ემოციის შეკავება ძალიან ძნელია და ახლა მე ისე კი არ ვამბობ, ვინც ხვრეტდა ახლა…

ხვიჩია: იქითა მხრიდანაც ხო იგივე ხდებოდა?

ბარამიძე: იქ დისციპლინა იყო. იმიტომ, რომ იქ იყო რუსული დისციპლინა. და ისინი იყვანდნენ ტყვეებს. გაცილებით მეტს და იქიდან ბესლან კობახია იყო ჩემი, ასე ვთქვათ, მეორე მხარე, ეგრეთ წოდებული სეპარატისტების მხარე, რუსების მხარე რეალურად, რომელიც მეუბნებოდა, კაი, მე 10-ს მოგცემ, მაგრამ შენ ერთი ხომ უნდა მომცე.