ბარამიძის განცხადებაზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, პროკურატურაში გამოკითხვების სერია გრძელდება

08.08.26 14:59
ბარამიძის განცხადებაზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, პროკურატურაში გამოკითხვების სერია გრძელდება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის განცხადებაზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვების სერია გრძელდება.

უწყებს ჩვენებას აძლევენ პოლიტოლოგი, პაატა ზაქარეიშვილი, აფხაზეთის მეომართა კავშირის თავმჯდომარე, ანზორ მარგიანი, აფხაზეთის ომის ვეტერანი, დავით ღვინჯილია.

ანზორ მარგიანი ამბობს, რომ შესაძლოაპოლიტიკოსს ამ განცხადების გაკეთების დავალება ჰქონდა მიღებული, ან არეულობა სჭირდებოდა.

ტყვეების დახვრეტა მაგან სად ნახა? ჩვენ ტყვეებს არ ვხვრეტდით. მე ერთ ტყვეში 3-4 ქართველი გამომყავდა. როგორ დავხვრეტდით ტყვეებს? თვითონ აფხაზებმა დახვრიტეს ჟიული შარტავა, გენო ადამია, გურამ გაბისკირია, მამია ალასანია. ბარამიძე ცრუობდა, ან დავალება ჰქონდა ვიღაცის, ან არეულობა ჭირდებოდა.

ეს განცხადება როგორ არ შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულს? თავდაცვის მინისტრი იყო, შინაგან საქმეთა მინისტრი იყო და ასეთი რამ როგორ უნდა ელაპარაკა, ამას მეორეკლასელი ბავშვი ალბათ არ ილაპარაკებდა.

ალბათ დავალება ჰქონდა ვიღაცისგან, თორემ როგორ შეიძლებოდა ამის თქმა? ტყუილის თქმა, ჯერ ერთი, რომც იყოს სიმართლე, არ უნდა თქვას ამხელა კაცმა, რომელსაც ამხელა თანამდებობები ჰქონდა“,- განაცხადა ანზორ მარგიანმა.

ბარამიძის განცხადებაზე კომენტარი გააკეთა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის აფხაზეთის სამმართველოს უფროსმა დავით ღვინჯილიამ.

ვეტერანი ამბობს, რომ ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა "ქვეყანა დააზარალა, მაგრამ თავისი თავი დააზარალა, ყველაზე მეტად".

ეს ჯერ ერთი არაკაცური საქციელი, ტყუილები და მერე თავის მართლება, საცოდაობა იყო მისი თავის მართლება,- თქვა მან პროკურატურაში, გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ. 

„ძირითადად კითხვები ჰქონდათ, თუ რა აზრი მქონდა იმ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც ბარამიძემ გაავრცელა და მე რა ინფორმაცია მქონდა. მე ომის პერიოდში ვიყავი ქვედანაყოფის მეთაური. ჯერ ეს მიუღებელი განცხადება იყო, როგორც პიროვნულად, ეს არა მარტო მე მეხებოდა, არამედ ეხებოდა მთლიანად ვეტერანებს, ომის მონაწილეებს და არა მარტო მათ, არამედ მთლიანად ჩვენს ქვეყანას. მე ავუხსენი, არანაირი დამაჯერებლობა არა აქვს მის სიტყვებს, ვინაიდან ტყუილი არის ყველაფერი, რაც იმან თქვა.

მე წავიკითხე მისი სხვა განცხადებები, ეს კიდევ უარესი გამოვიდა. ესე იგი, ვითომ ადგილობრივები იყვნენ განსხვავებულები, ესე იგი და ადგილობრივმა გააკეთა, რაც სისულელეა, რაც წარმოუდგენელი რაღაცა იყო.

მისი ნათქვამი დაუჯერებელია. ქვეყანა დააზარალა, მაგრამ თავისი თავი დააზარალა, ყველაზე მეტად. ეს ჯერ ერთი არაკაცური საქციელი, ტყუილები და მერე თავის მართლება, საცოდაობა იყო მისი თავის მართლება. მისმა განცხადებამ, ქვეყანა დააზიანა და მებრძოლებს და ვეტერანებს შეურაცხყოფა მიაყენა“,- განაცხადა დავით ღვინჯილიამ.

შეგახსენებთ, რომ ოპოზციონერი პოლიტიკოსის წინააღმდეგ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მიხლით დაიწყო. 

საქმე ეხება, ბარამიძის მიერ იაგო ხვიჩიასთვის მიცემულ ინტერვიუს, სადაც ის პოლიტიკოსი ამბობს, რომ აფხაზეთში ომის დროს „ჩვენ ტყვეები არ გვყავდა, ჩვენებს ტყვეები არ აჰყავდათ, ჩვენები ხვრეტდნენ“.

ბარამიძემ განმარტება უკვე გააკეთა, თქვა, რომ მდგომარეობა, რომელზეც ის საუბრობს, მოგვიანებით, მისი ჩასვლის შემდეგ შეიცვალა “რომ არ შეცვლილიყო, ისინი ვერ შეძლებდნენ ქართველი 200 ტყვის გაცვლას სეპარატისტულ მხარესთან”.

ამასთან, გია ბარამიძე არ გამორიცხავს, რომ მას დააკავებენ. "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერს აქვს ეჭვი, რომ მის წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანიაა დაწყებული. ბარამიძე ამბობს, რომ აფხაზეთის ომის შესახებ გაკეთებულ მის განცხადებას პროპაგანდა კონტექსტიდან ამოგლეჯილად ავრცელებს. "თუ უნებლიედ გული ვატკინე ვინმეს, ბოდიშს ვუხდი"- დაწერა ბარამიძემ სოციალურ ქსელში.   

მსგავსი სიახლეები