21-ე საუკუნის სერგო ორჯონიკიძეები, საქართველოს აბრალებენ ომის დაწყებას - დათუნაშვილი "ოცნებაზე"

08.08.26 15:06
21-ე საუკუნის სერგო ორჯონიკიძეები, საქართველოს აბრალებენ ომის დაწყებას - დათუნაშვილი "ოცნებაზე"

21-ე საუკუნის სერგო ორჯონიკიძეები, საქართველოს აბრალებენ ომის დაწყებას - ასე აფასებს „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, თაზო დათუნაშვილი  მიხეილ ყაველაშვილისა და ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის წლისთავთან დაკავშირებით.

დათუნაშვილის შეფასებით, "21-ე საუკუნის სერგო ორჯონიკიძეები ვერ და არ ახსენებენ რუსეთს". 

მისი თქმით, ამ ადამიანების ყოფნა ამ თანამდებობებზე შეურაცხყოფს საქართველოს სუვერენიტეტსა და ეროვნულ ღირსებას.

„საქართველოში ტრაგიკული დღეებია. საქართველო პატივს მიაგებს თავის გმირებს, რომლებმაც საკუთარი სისხლით საკუთარი მიწა დაიცვეს. ტრაგიკული დღეებია, რადგან 21-ე საუკუნეში, საქართველოს ტერიტორიაზე რუსული ოკუპაციის, ომისა და გენოციდის 18 წლისთავს აღვნიშნავთ. ამ დროს კი ოფიციალური პირის ფორმაში გამოწყობილი სამშობლოს მოღალატეები იდგნენ იმ გმირების მემორიალთან, რომელთა ხსოვნას, ღირსებასა და სამხედრო შემართებასაც შეურაცხყოფენ, უმაღლესი თანამდებობის პირების ფორმაში გადაცმული მოღალატეები.

21-ე საუკუნის სერგო ორჯონიკიძეები, საქართველოს აბრალებენ ომის დაწყებას. 21-ე საუკუნის სერგო ორჯონიკიძეები ვერ და არ ახსენებენ რუსეთს. ისინი საქართველოსთვის ამ მძიმე დღეებში რუსოფობიასა და რუსულ იმპერიულ პროპაგანდაზე ესაუბრებიან და ქართველ ხალხს ციხით ემუქრებიან იმის გამო, რომ მათ მტერი სძულთ.

მტერი სძულს ყველას, ვინც პატივს სცემს საქართველოს გმირებს, ანწუხელიძეს, შინდისის გმირებსა და თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც ამ დღეებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად დაეცა. ამ ადამიანების ყოფნა ამ თანამდებობებზე შეურაცხყოფს საქართველოს სუვერენიტეტსა და ეროვნულ ღირსებას“,- განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

„ქართული ოცნება“ 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყების თარიღად 8 აგვისტოს მიიჩნევს - რუსული აგრესიის მე-18 წლისთავზე პარტიის ლიდერები ომში დაღუპულთა მემორიალთან დღეს, 8 აგვისტოს გამოჩნდნენ.

  • ოპოზიციური პარტიები გმირების მ მემორიალთან 7 აგვისტოს მიდიან. მათი თქმით 8 აგვისტოს ომის დაწყების მტკიცება რუსეთის ინტერესებში შედის - 7 აგვისტოს, პირველი რუსული შეიარაღებული ძალები შემოვიდნენ საქართველოს ტერიტორიაზე.

„ქართული ოცნების“ ლიდერებმა პოლიტიკური განცხადებები გააკეთეს და ომის დაწყებაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულეს მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება. ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული პარტიის ლიდერები ცდილობენ, "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლება საქართველოსგან გამიჯნონ.

  • 2024 წლის სექტემბერს, ბიძინა ივანიშვილმა “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების წარმომადგენლებს “ომის გამჩაღებლები” უწოდა.

მსგავსი სიახლეები