თსუ ევროპის მცოდნეობის ფაკულტეტზე ახალ სტუდენტებს წელს ვეღარ მიიღებს
აბიტურიენტების იმ ნაწილმა, რომლებმაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპის მცოდნეობის ფაკულტეტი აირჩია, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან მიიღეს შეტყობინება, რომ აღნიშნული ფაკულტეტი ხელმისაწვდომი აღარ არის, შესაბამისად, ახალგაზრდებმა სხვა ფაკულტეტი უნდა დააპრორიტეტონ.
შესაბამისად 1300 აბიტურიენტს მოუწევს სხვა პროფესია ან უნივერსიტეტი შეარჩიოს. მიზეზი აკრედიტაციასთან დაკავშირებული პრობლემა აღმოჩნდა. უნივერსიტეტში აცხადებენ, რომ მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც პროგრამას აკრედიტაცია 2029 წელს უნდა გაევლო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ვადა 2026 წელს იწურებოდა.
უნივერსიტეტში აცხადებენ, რომ ამის შესახებ მათთვის ინფორმაცია არ მიუწოდებიათ.
ევროპის მცოდნეობის ფაკულტეტის ხელმძღვანელი, ნინო ლაპიაშვილი იმედოვნებს, რომ სტუდენტების მიღებას მომავალ წლს შეძლებენ და აკრედიტაციის პრობლემა მოიხსნება.
2026 წლის 7 აგვისტოს, განათლების ცენტრმა გაუგზავნა შეტყობინება პროგრამაზე მიღების შეჩერების შესახებ იმ 1300 აბიტურიენტს ვისაც არჩეული ჰქონდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპის მციდნეობის საბაკალავრო პროგრამა 50 საკონკურსო ადგილზე. მანმადე ერთი თვით ადრე, 29 ივნისს ჩვენ დაგვიკავშირდა ცენტრი და შეგვატყობინეს, რომ 24 საათში პროგრამას გასდიოდა აკრედიტაციის ვადა. მაშინ როდესაც მთელი წლის განმავლობაში, როცა ამ საკითხს ვაზუსტებდით, გვპასუხობდნენ, რომ პროგრამა გადასულია 2029 წლის კლასტერული აკრედიტაციის ჯგუფში. ბუნებრივია, ჩვენ 24 საათის განმავლობაში, სასწრაფო რეჟიმში შევიტანეთ საკრედიტაციო დოკუმენტაცია, 31 ივლისს განხორციელდა აკრედიტაციის ექსპერტთა ვიზიტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. თუკი აკრედიტაციის ექსპერტები დროულად ვერ მოასწრებდნენ დასკვნის დაწერას, მაშინ შეიქმნებოდა ერთგვარი იურიდიული კაზუსი, რომელიც ხელს შეუშლიდა ბაკალავრების ახალი ნაკადის მიღებას. როდესაც დღის წესრიგში დგება კანონის განმარტება, ნაცვლად ფორმალური სამართლებრივი განმარტებისა, ყოველთვის არის საშუალება მხედველობაში მიიღონ კონსტიტუციის დაცული ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები. თუ პოლიტიკური ნება არსებობს, დრო იმისი, რომ ეს გაუგონარი გადაწყვეტილება შეცვალონ, ისევ არსებობს" - აცხადებს ლაპიაშვილი.
განათლების სამინისტროში ამბობენ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივესიტეტში აკრედიტაციის ვადის გასვლის შესახებ იცოდნენ, შესაბამისად, აკრედიტაციის გაგრძელებისთვის საჭირო შესაბამისი დოკუმენტები უნდა წარედგინათ, რაც მათი თქმით, არ მოხდა.
რაც შეეხება განათლების ექსპერტებს, სპეციალისტების თქმით, ახლა ისრების ერთმანეთისკენ გადატანის დრო არ არის, რადგან 1300-მდე აბიტურიენტის უფლებები ირღვევა.