ირაკლი კუპრაძე კოალიციის წარმომადგენლებთან ერთად სოფელ ერგნეთში ჩავიდა
კოალიცია „ძლიერი საქართველო - ლელოს“ გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე და კოალიციის წარმომადგენლები საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ერგნეთში ჩავიდნენ.
ეს არის სოფელი, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომის კვალი დღემდე ყოველდღიურობის ნაწილია.
ლიდერებმა ადგილობრივებთან ერთად სოფლის დღევანდელ მდგომარეობასა და იმ გამოწვევებზე ისაუბრეს, რომლის წინაშეც საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობა წლებია დგას.
პრესსამსახურს ცნობით, ირაკლი კუპრაძის განცხადებით, სახელმწიფოს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა სწორედ ასეთ სოფლებზე ეკისრება.
მისი თქმით, ერგნეთი და სხვა სასაზღვრო სოფლები არ უნდა იცლებოდეს – ისინი სიცოცხლით, ეკონომიკური შესაძლებლობებითა და ახალგაზრდებით უნდა იყოს სავსე.
„ძლიერი საქართველო - ლელოსს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უნფორმაციით, კუპრაძემ ვეფხია კასრაძის ღვაწლიც გაიხსენა და თქვა, რომ "მან მთელი ცხოვრება ომის შედეგად დაზიანებული მიწა-წყლის აღდგენას მიუძღვნა, თუმცა დღეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში პატიმრობაში იმყოფება".
ერგნეთში ფუნქციონირებს ოკუპაციის მუზეუმიც, რომელიც 2019 წელს ლია ჩლაჩიძემ საკუთარ სახლში გახსნა. მუზეუმში დაცული ექსპონატები, ფოტოები და პირადი ნივთები 2008 წლის აგვისტოს ომის მძიმე რეალობას აცოცხლებს და იმ ისტორიებს ინახავს, რომლებიც ადგილობრივებმა საკუთარ თავზე გადაიტანეს.
ლია ჩლაჩიძე ამბობს, რომ სოფელი წლიდან წლამდე იცლება. მისი თქმით, მოსახლეობა სულ უფრო მცირდება, სკოლებში ბავშვები აღარ არიან, ხოლო ხელისუფლების მხარდაჭერა პრაქტიკულად არ იგრძნობა. მიუხედავად ამისა, იგი მიიჩნევს, რომ ოკუპაციისა და ომის ისტორიის შენარჩუნება აუცილებელია, რათა მომავალმა თაობებმა იცოდნენ, რა გადაიტანა ამ სოფელმა.
კოალიციის წარმომადგენლების განცხადებით, ერგნეთი მხოლოდ წარსულის ტკივილის სიმბოლო არ უნდა იყოს. მათი შეფასებით, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების გაძლიერება ქვეყნის უსაფრთხოების, დემოგრაფიული მდგრადობისა და ეროვნული ინტერესების ნაწილია, ხოლო ამ სოფლებში ადამიანების დაბრუნება და ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნა სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი ამოცანა უნდა გახდეს"- წერია ინფორმაციაში.