სააკაშვილი ბარამიძის განცხადებას და პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებას ეხმაურება
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის მიერ აფხაზეთის ომზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
საუბარია განცხადებაზე, რაზეც პროკურატურამ გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის მუხლებით დაიწყო.
როგორც სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ გვერდზე სააკაშვილი წერს, მას არასდროს სმენია ქართველების მიერ ტყვეების დახვრეტაზე.
„მე და გიორგი ბარამიძე ძალიან დიდი ხნის მეგობრები და თანამებრძოლები ვართ. ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პატრიოტია, რომელსაც ოდესმე შევხვედრივარ და აფხაზეთის ომის დროს, ერთად ვმუშაობდით ტყვეების გაცვლაზე. ერთად ვართ ნამყოფი სოხუმშიც და გუდაუთაშიც, სადაც კინაღამ ჩვენ თვითონ აგვიყვანეს ტყვედ.
მე, მინიშნებაც კი არ მსმენია ქართველების მიერ ტყვეების დახვრეტაზე და დარწმუნებული ვარ, ეს არ შეესაბამება სიმართლეს. აი, ქართველების წინააღმდეგ ჩადენილი იქნა წარმოუდგენელი სამხედრო დანაშაულები აფხაზეთშიც და ცხინვალშიც. ცხინვალის შემთხვევაში ეს დადასტურებულია ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ. ჩვენ, აუცილებლად აღვადგენთ აფხაზეთზე კონტროლს და ჩვენს წინააღმდეგ ჩადენილი არავის, არაფერი შერჩება.
რაც შეეხება ქართველების სამხედრო დანაშაულებში დადანაშაულებას, ამას ივანიშვილის დავალებით აქტიურად აკეთებდნენ წულუკიანი, რომელმაც ხელოვნურად მოახდინა გამოძიების პროვოცირება 2008 წლის ომზე და ასევე „ქოცების“ დასმული პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომლის გამონათქვამები რუსებმა წარადგინეს ქართველების წინააღმდეგ მტკიცებულებებად.
გიორგიმ რაღაც არასწორად ჩამოაყალიბა, მაგრამ მას წიხლი ნამდვილად არ ეკუთვნის ივანიშვილის ღალატზე დაფუძნებული დიქტატურის მსახურებისგან, რომელთაც უთავმოყვარეობა აიყვანეს სახელმწიფო პოლიტიკის რანგში“, - წერს სააკაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ოპოზციონერი პოლიტიკოსის წინააღმდეგ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მიხლით დაიწყო.
საქმე ეხება, ბარამიძის მიერ იაგო ხვიჩიასთვის მიცემულ ინტერვიუს, სადაც ის პოლიტიკოსი ამბობს, რომ აფხაზეთში ომის დროს „ჩვენ ტყვეები არ გვყავდა, ჩვენებს ტყვეები არ აჰყავდათ, ჩვენები ხვრეტდნენ“.
ბარამიძემ განმარტება უკვე გააკეთა, თქვა, რომ მდგომარეობა, რომელზეც ის საუბრობს, მოგვიანებით, მისი ჩასვლის შემდეგ შეიცვალა “რომ არ შეცვლილიყო, ისინი ვერ შეძლებდნენ ქართველი 200 ტყვის გაცვლას სეპარატისტულ მხარესთან”.
ამასთან, გია ბარამიძე არ გამორიცხავს, რომ მას დააკავებენ. "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერს აქვს ეჭვი, რომ მის წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანიაა დაწყებული. ბარამიძე ამბობს, რომ აფხაზეთის ომის შესახებ გაკეთებულ მის განცხადებას პროპაგანდა კონტექსტიდან ამოგლეჯილად ავრცელებს. "თუ უნებლიედ გული ვატკინე ვინმეს, ბოდიშს ვუხდი"- დაწერა ბარამიძემ სოციალურ ქსელში.