არ მიმაჩნია, რომ გია ბარამიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას - პაატა ზაქარეიშვილი

08.08.26 19:57
არ მიმაჩნია, რომ გია ბარამიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას - პაატა ზაქარეიშვილი

ექსპერტი პაატა ზაქარეშვილი თვლის, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის მიერ აფხაზეთის ომზე გაკეთებულ განცხადებაზე ენმ-ის წარმომადგენლის  წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე არ უნდა აღიძრას.

როგორც ზაქარეიშვილი განმარტავს, ბარამიძის განცხადება რეალობიდანაა ამოვარდნილი: 

„გია ბარამიძე, ამ პროცესში არ მონაწილეობდა, როგორც კი შევთანხმდებოდით გაცვლაზე [ტყვეების], გია ბარამიძე, როგორც პარლამენტის წევრი ჩამოდიოდა და ესწრებოდა გაცვლებს, ანუ მისი ჩართულობა უფრო ფორმალური იყო ვიდრე, რეალური, ამიტომ მას არ შეიძლებოდა სცოდნოდა ის, რაც განაცხადა

ბოდიშიც მოიხადა და მეც ვეცადე რაღაცნაირად მეთქვა, რომ ასე ნამდვილად არ იყო, მაგრამ რომ ყოფილიყო, მას ეს არ ეცოდინებოდა, ვერ ეცოდინებოდა"- თქვა ექსპერტმა. 

ზაქარეიშვილის თქმით, ის  იმ კომისიის ხელმძღვანელად ითვლებოდა,  რომელიც ყოველდღიურად მუშაობდა ტყვეთა გაცვლაზე, მოლაპარაკებებზე, დევნილების გამოყვანაზე, გადმოსვენებაზე და ზოგადად, ჰუმანიტარულ საკითხებზე.

ამ კონტექსტში, ომის დასაწყისში, გია ბარამიძეც იყო ამ კომისიის წევრი, მაგრამ სულ მალე გახდა პარლამენტის წევრი და უკვე ყოველდღიური მუშაობიდან ამოვარდა, თბილისში იყო, მე სულ სოხუმში ვიყავი, მეტიც, ამ კომისიამ საბოლოო ჯამში ფუნქცია დაკარგა, რაც შევარდნაძემ გამოსცა განკარგულება, სანდრო კავსაძე იყო თავმჯდომარე, ბარამიძე იყო მოადგილე, მე ვიყავი წევრი, ოცამდე ადამიანი ვიყავით, ტიპური საბჭოთა კომისია იყო. ადგილზე, სოხუმში შეიქმნა კომისიასავით, სამუშაო ჯგუფი დავარქვათ ამას, გია ყარყარაშვილმა მომცა ოთახი. გია ბარამიძე, ამ პროცესში არ მონაწილეობდა, როგორც კი შევთანხმდებოდით გაცვლაზე[ტყვეების], გია ბარამიძე, როგორც პარლამენტის წევრი ჩამოდიოდა და ესწრებოდა გაცვლებს, ანუ მისი ჩართულობა უფრო ფორმალური იყო ვიდრე რეალური, ამიტომ მას არ შეიძლებოდა სცოდნოდა ის, რაც განაცხადა. ეს განცხადება არის წმინდა მისი აზრი, მოსაზრება აბსოლუტურად ამოვარდნილი რეალობიდან, ამის დადასტურება მინდოდა ამ გამოკითხვაზე. შეუძლებელია მისი განცხადება შეესაბამებოდეს სინამდვილეს. მთავარი სიმართლე, ერთადერთი, რაც თქვა გიამ - დისციპლინა ჩვენთან უფრო სუსტი იყო, ვიდრე აფხაზურ მხარესთან. ამას მართლაც ვეთანხმები, იქაურობა რუსული ჯარის ყაიდაზე იყო და უფრო მკაცრი დისციპლინა იყო, მაგრამ ამას არავითარი საერთო არ ჰქონდა ტყვეებთან. აფხაზურ მხარეს მართლა აჰყავდა მეტი ტყვე და არა იმიტომ, რომ დისციპლინა იყო მაგარი, არამედ იმიტომ რომ ტერიტორიებს იკავებდნენ, ჩვენ არც ერთი მსხვილი დასახლება არ აგვიღია. აფხაზებმა რუსებთან ერთად აიღეს მთელი გაგრის რაიონი და ბიჭვინთა... საბოლოო ჯამში მთელი აფხაზეთი დავკარგეთ - სოხუმი და გამოვედით. მათ ჩვენზე მეტი პატიმრები, ტყვეები, მძევლები ჰყავდათ მხოლოდ იმიტომ, რომ ტერიტორიებს იღებდნენ და ამ ტერიტორიებზე შერჩებოდათ ხელში ადამიანები. თამამად შემიძლია გითხრათ, აფხაზური მხრიდან უფრო მეტი ადამიანია ასეთ პირობებში დახოცილი, ვიდრე ქართული მხრიდან“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

კითხვაზე, შეიცავს თუ არა, გიორგი ბარამიძის განცხადება სისხლის სამართლის დანაშაულს, ზაქარეიშვილი უარყოფით პასუხს სცემს.

ჩემი განცდებით, ჩემი ხედვით, ამაში არანაირი სისხლის სამართლის ბრალი არ უნდა იყოს. ვთქვათ ასე, ადამიანის სისუსტეა, ისე თქვა, როგორც არ ფიქრობდა ალბათ, გიასთან არ მილაპარაკია, არ ვიცი, რა იგულისხმა, გუშინ ბოდიშის ტექსტიც დაწერა. ამ განცხადების გამო, არ მიმაჩნია, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას, ბოდიშიც მოიხადა და მეც ვეცადე რაღაცნაირად მეთქვა, ასე ნამდვილად არ იყო, მაგრამ რომ ყოფილიყო, მას ეს არ ეცოდინებოდა, ვერ ეცოდინებოდა. ეს ყველაფერი მე მეხებოდა, იქ ერთვებოდა პროკურატურა, ადგილობრივი, თბილისი, სანდრო კავსაძე, ცალკე გია ყარყარაშვილი, ომში იდეალური არაფერია, მაგრამ მასშტაბების შედარებაც კი არ შეიძლება ქართულ და აფხაზურ მხარესთან. კამანის შემდეგ აფხაზებმა სულ ცოტა 50 გვამი მომცეს, ორი მანქანით მომიყვანეს გვამები. როცა ალყაში ექცევი და ტყვია-წამალი გითავდება, რამდენიმე ადამიანი ცოცხალი მაინც რჩება, ინსტინქტი გაიძულებს, ჩაბარდე. კამანიდან არც ერთი ცოცხალი ადამიანი არ გამომიყვანია, ეს რას ნიშნავს? ვინც კი ჩაბარდა, ყველა დახოცეს. კამანში ჩაბარდა ადგილობრივი მღვდელი, სადაც მღვდელი ჩაბარდა, მრევლიც ჩაბარდა, ყველა დახოცეს. მე იმის თქმა არ მინდა, აფხაზები სასტიკები არიან და ჩვენ ანგელოზები, ისინი იკავებდნენ ტერიტორიებს და საშინლად იქცეოდნენ, ჩვენ არ ვიკავებდით ტერიტორიებს, ამიტომ ვერ ვიტყვი, მე როგორ მოვიქცეოდი, მაგრამ რაც არ ჩაგვიდენია, ჩვენს თავზე ვერ ავიღებ“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ოპოზციონერი პოლიტიკოსის წინააღმდეგ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მიხლით დაიწყო. 

საქმე ეხება, ბარამიძის მიერ იაგო ხვიჩიასთვის მიცემულ ინტერვიუს, სადაც ის პოლიტიკოსი ამბობს, რომ აფხაზეთში ომის დროს „ჩვენ ტყვეები არ გვყავდა, ჩვენებს ტყვეები არ აჰყავდათ, ჩვენები ხვრეტდნენ“.

ბარამიძემ განმარტება უკვე გააკეთა, თქვა, რომ მდგომარეობა, რომელზეც ის საუბრობს, მოგვიანებით, მისი ჩასვლის შემდეგ შეიცვალა “რომ არ შეცვლილიყო, ისინი ვერ შეძლებდნენ ქართველი 200 ტყვის გაცვლას სეპარატისტულ მხარესთან”.

ამასთან, გია ბარამიძე არ გამორიცხავს, რომ მას დააკავებენ. "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერს აქვს ეჭვი, რომ მის წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანიაა დაწყებული. ბარამიძე ამბობს, რომ აფხაზეთის ომის შესახებ გაკეთებულ მის განცხადებას პროპაგანდა კონტექსტიდან ამოგლეჯილად ავრცელებს. "თუ უნებლიედ გული ვატკინე ვინმეს, ბოდიშს ვუხდი"- დაწერა ბარამიძემ სოციალურ ქსელში.