კოალიცია „ცვლილებისთვის“ ცოტნე მირცხულავასა და გაბრიელ კობაიძისთვის ბრალის წაყენებას "აბსურდულს" უწოდებს

09.08.26 20:56
კოალიცია „ცვლილებისთვის“ ცოტნე მირცხულავასა და გაბრიელ კობაიძისთვის ბრალის წაყენებას "აბსურდულს" უწოდებს

2024 წელს ნიკა მელიას საარჩევნი კამპანიის დროს მომხდარ ინციდენტზე ,,ახალის” წევრის, ცოტნე მირცხულავასა და პარტიის თანათავმჯდომარის დაცვის წევრის, გაბრიელ კობაიძისთვის ბრალის წაყენებას "კოალიცია ცვლილებებში" აბსურდულად აფასებენ.

მათი თქმით,  წლების შემდეგ აღნიშნული საქმის წინ წამოწევა ემსახურება კრიტიკულად განწყობილი ადამიანების დაშინებასა და გაჩუმებას, რაც არ მუშაობს.

"დღეს, საქართველოს პროკურატურად წოდებულმა უწყებამ, სრულიად უკანონოდ, სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლით ბრალი წარუდგინა პარტია ,,ახალის” წევრს, ცოტნე მირცხულავასა და პარტიის თანათავმჯდომარის დაცვის წევრს, გაბრიელ კობაიძეს. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2024 წლის 11 აგვისტოს სამტრედიაში წინასაარჩევნო კამპანიის დროს ნიკა მელიას პირდაპირ ეთერში თავს დაესხა “ქართული ოცნების” მიერ მოგზავნილი ე.წ. ტიტუშკა.

საქმის აბსურდულობას ხაზს უსვამს ის ფაქტიც, რომ 126-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაული გულისხმობს წინასაარჩევნო ღონისძიების დროს ძალადობას, რაც სწორედ “ქართული ოცნების” მოგზავნილმა მოძალადემ განახორციელა.

წლების შემდეგ აღნიშნული საქმის წინ წამოწევა ემსახურება კრიტიკულად განწყობილი ადამიანების დაშინებასა და გაჩუმებას, რაც ფაქტია, არ მუშაობს.

ერთიანობით, სიმტკიცით გავიმარჯვებთ!", - წერია განცხადებაში.

  • გამოძიება 2 წლის შემდეგ - პროკურატურამ ნიკა მელიას თავდასხმის საქმეზე ბრალდება მის თანაგუნდელ ცოტნე მირცხულავას და დაცვის წევრ გაბრიელ კობაიძეს წარუდგინა.
  • ორი წლის წინ, როდესაც სამტრედიაში, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი საარჩევნო კამპანიას ატარებდა საბა ნიკოლეიშვილი თავს დაესხა და სახეში მუშტი ჩაარტყა, მოძალადე მელიას თანაგუნდელებმა გაანეიტრალეს, 2 წლის შემდეგ კი პროკურატურამ დაზარალებულის მხარის გასამართლება გადაწყვიტა.

 

მსგავსი სიახლეები