"რომეო მიქაუტაძემ აღიარა, რომ ბიზნესი, ფაქტობრივად ხარკს უხდის ივანიშვილის რეჟიმს" - შეფასებები ოპოზიციაში

15.08.26 13:31
"რომეო მიქაუტაძემ აღიარა, რომ ბიზნესი, ფაქტობრივად ხარკს უხდის ივანიშვილის რეჟიმს" - შეფასებები ოპოზიციაში

სად მიდიოდა ბიზნესიდან აღებული ფული - ეკონომიკის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნის, რომეო მიქაუტაძის სკანდალურმა ჩვენებამ ახალი კითხვები და ეჭვები გააჩნია. მსჯავრდებულმა ექს-მაღალჩინოსანმა გუშინ ლილუაშვილის წინააღმდეგ მიცემული ჩვენებისას თქვა რომ ბიზნესმენებს ფულს ართმევდა და ლილუაშვილთან მიჰქონდა. 

ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერის, ლაშა ფარულავას თქმით, მისი ჩვენებით მიქაუტაძემ ფაქტობრივად აღიარა, რომ "ბიზნესი, ფაქტობრივად ხარკს უხდის ივანიშვილის რეჟიმს".

ფარულავა საუბრობს "ოცნების" შავ სალაროზე". 

"შავ სალაროში გროვდება ფული, ამ სალაროს ფაქტობრივი ფუნქციონერი იყო ლილუაშვილი. როგორც ჩანს, მან ფული მოუტეხა ივანიშვილს და აღმოჩნდა ციხეში" - ამბობს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი. 

რომეო მიქაუტაძემ აღიარა ის პრაქტიკა, რომელიც არის ჩამოყალიბებული საქართველოში, როდესაც ბიზნესი, ფაქტობრივად ხარკს უხდის ივანიშვილის რეჟიმს. შავ სალაროში გროვდება ფული, ამ სალაროს ფაქტობრივი ფუნქციონერი იყო ლილუაშვილი. როგორც ჩანს, მან ფული მოუტეხა ივანიშვილს და აღმოჩნდა ციხეში. აი, ამას არკვევენ ახლა, სად წავიდა ეს ფული, თუმცა, ეს პრაქტიკა და ეს დამოკიდებულება "ქართული ოცნების" მხრიდან არ შეცვლილა. არა მხოლოდ არ შეცვლილა, არამედ გაძლიერდა. ბიზნესი არის არნახული წნეხის ქვეშ და ბიზნესს უწევს ფულის მიტანა ივანიშვილთან", - ამბობს ლაშა ფარულავა.

ის, რომ "შავი სალარო" არსებობს, ეს პრაქტიკა არახალია "ლელო-ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილისთვის.

პოლიტიკოსი საუბრობს ასევე "ოცნების" შიგნით კლანურ დაპირისპირებაზეც". 

ის, რომ რაღაც შავი სალაროც არსებობს, რომლის შევსებაც ევალება ბიზნესს, მე ვფიქრობ, რომ ყველასთვის ცნობილი ფაქტია. ამ შემთხვევაში, უბრალოდ შიდა-კლანური გარჩევების პროცესში გახდა მათთვის აუცილებელი, რომ გასაჯაროვება მომხდარიყო - სად მიდიოდა ეს ფული. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს პრაქტიკა დღესაც გრძელდება, უბრალოდ ახლა ალბათ ჩანაცვლდა მიმღები. არანაირი კორუფციასთან ბრძოლა "ოცნების" პირობებში არ მიმდინარეობს. მიმდინარეობს შიდა კლანური ბრძოლები, რესურსების გადასანაწილებლად და ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა ამ ფაქტით", - აცხადებს სალომე სამადაშვილი.

პარტია "ჯერ საქართველოს" დამფუძნებელს კი ბიზნესისგან აინტერესებს, როდემდე აპირებენ "მდუმარე მორჩილებაში ყოფნას".

ამ სისტემაში ფულის მიტან-მოტანა არ დასრულდება მანამ, სანამ ბიზნესი არ მოიღებს თავმოყვარე ბიზნესის ხმა - აცხადებს ყიფიანი. 

მორიგ ჯერზე ვიხილეთ მხილება  - რა დაუწერელ წესებს ექვემდებარება ბიზნესის კეთება საქართველოში. მათ ეს აკმაყოფილებთ? მათ ასეთ ვითარებაში მძევლობა აკმაყოფილებთ? მთავარი კითხვა ქართულ ბიზნესს უნდა დავუსვათ - რამდენად მზად არიან შეეგუონ ამ ვითარებას და მდუმარე მორჩილებაში იყვნენ? ამ სისტემაში ფულის მიტან-მოტანა არ დასრულდება მანამ, სანამ ბიზნესი არ მოიღებს თავმოყვარე ბიზნესის ხმას", - აცხადებს ვიქტორ ყიფიანი. 

მსჯავრდებულმა რომეო მიქაუტაძემ აღიარა, რომ წლების განმავლობაში ბიზნესსექტორისგან ფულის მიღებაში თავადაც აქტიურად მონაწილეობდა.

ეკონომიკის სამინისტროს ყოფილმა მაღალჩინოსანმა, რომელიც სუს-ის ყოფილი ბოსის სისხლის სამართლის საქმეში ერთ-ერთი მთავარი მოწმეა, გუშინდელ სასამართლოზე ლილუაშვილს ქრთამის აღებაში ხელი პირდაპირ დაადო. მიქაუტაძის თქმით, ის თავად დადიოდა ბიზნესმენებთან და „სახელმწიფო ინტერესების დაცვის“ საბაბით მათ დიდი ოდენობით ფულს სთხოვდა. რაც მთავარია, როგორც მიქაუტაძე აცხადებს, თანხის მიღების შემდეგ მთელი ეს ქეში ფული ჩემოდნებით გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა.