მომავალში, ჩვენ უნდა ველოდოთ საკანალიზაციო კოლექტორების გაჭედვას და ამ მასების ქუჩაში გადმოსვლას - ჩერქეზიშვილი
სანიაღვრე სისტემა დატბორვას ვეღარ უძლებს - ასე ეხმაურება "ძლიერი საქართველო- ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი, ჩერქეზიშვილი თბილისის წვიმისგან დატბორვას.
მისი თქმით, ყველაფერი იქეთკენ მიდის, რომ მომავალში, ჩვენ უნდა ველოდოთ საკანალიზაციო კოლექტორების გაჭედვას და პირდაპირ ამ მასების ქუჩაში გადმოსვლას.
დატბორვის მიზეზი არის ის, რომ კორპუსებმა და დაბეტონებულმა სივრცეებმა შეჭამა ქალაქი - ამბობს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი.
თბილისის მერიისთვის, კახა კალაძისთვის პრიორიტეტი არ არის ადამიანი და პრიორიტეტი არის სამშენებლო სექტორი. რაც შეიძლება მეტი ფულის შოვნა - აი ამაზე არის აწყობილი მთელი პოლიტიკა და ეს არის სწორედ მიზეზი იმისა, რომ ყოველი წვიმის დროს თბილისი იტბორება. გუშინ ვნახეთ ჩვენ მერიის განცხადება, რომელიც უფრო ნიშნავდა იმას, რომ თითქოს ოფისში ყავის აპარატი გაუფუჭდათ - "გარკვეული პრობლემა" შეიქმნაო. როგორ შეიძლება "გარკვეული პრობლემა" დაარქვა იმას, რომ ყოველი წვიმის დროს, ფაქტობრივად მთელი ქალაქი იტბორება და ამის მიზეზი არის, რომ, კორპუსებმა და დაბეტონებულმა სივრცეებმა შეჭამა ქალაქი, აღარ დარჩა ბუნებრივი გრუნტი, მკვეთრად შემცირდა, რომ შეიწოვოს ეს წვიმის წყალი. სწორედ ამის გამო, წყალს წასასვლელი არსად აღარ აქვს და გროვდება. ბუნებრივია, შემდეგ სანიაღვრე სისტემა დატბორვას ვეღარ უძლებს. მომავალში, ჩვენ უნდა ველოდოთ, საკანალიზაციო კოლექტორების გაჭედვას და პირდაპირ ამ მასების ქუჩაში გადმოსვლას. ყველაფერი აქეთკენ მიდის", - აცხადებს ნიკა ჩერქეზიშვილი.
რთული ღამე იყო გუშინ თბილისის მოსახლეობისთვის - კოკისპირული წვიმის შედეგად, მოქალაქეებს სახლების პირველი სართულები დაეტბორათ. ხალხი მთელი ღამე დახმარებას ითხოვდა. სამაშველო სამსახური გამოძახების გაზრდილი რაოდენობის გამო რიგ ადგილებზე ასვლას ვერ ახერხებდა, რის გამოც პლეხანოვზე, ხუდადოვის ქუჩის მოსახლეობამ გზაც კი გადაკეტა.
მოქალაქეები სოციალურ ქსელებში წერდნენ, რომ წყალი კორპუსის საძირკველიდანაც კი შედიოდათ სარდაფებში. ასევე წყალი შევიდა მეტროსადგურებში "რუსთაველი" და "ვაჟა ფშაველა".
კოკისპირული წვიმის შედეგად გზიდან ქვა-ღორღი ჩამოდიოდა, რის გამოც ავტომობილები მოძრაობას ვერ ახერხებდნენ.
განსაკუთრებით მძიმე ვითარება იყო თმარაშვილის გამზირზე, სადაც მანქანები ფაქტობრივად წყალში დაცურავდნენ.