თბილისი ისევ დაიტბორა - ლაშა ფარულავა კახა კალაძის პასუხისმგებლობაზე საუბრობს
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ლაშა ფარულავას განცხადებით, ყოველ ჯერზე თბილისის დატბორვაზე პასუხისმგებელი არის მერი კახა კალაძე.
ფარულავა ამბობს, რომ ამ საკითხზე ახლა გამოძიება უნდა იწყებოდეს და პირველი, ვინც პროკურატურაში უნდა იკითხებოდეს, სწორედ კახა კალაძე უნდა იყოს.
როდესაც 14 წელია ხელისუფლებაში იმყოფება "ქართული ოცნება" - მაგალითად კალაძე 9 წელია მერია, სხვას ვერ გადააბრალებენ. ეს ნიშნავს იმას, რომ არა მხოლოდ უპასუხისმგებლო არის კალაძე, არამედ კორუმპირებულია და ამ კორუფციის ნიშნებს ვხედავთ ყოველი წვიმის დროს თბილისის ქუჩებში. დატბორილია ყოველი წვიმის დროს თბილისის ქუჩები და ამორტიზირებულია სანიაღვრე არხები. ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი? ცხადია არის კახა კალაძე და არ ავინმე სხვა. რა თქმა უნდა, გამოძიება უნდა იწყებოდეს და პირველი, ვინც უნდა იკითხებოდეს პროკურატურაში, არის კახა კალაძე", - ამბობს ლაშა ფარულავა.
რთული ღამე იყო გუშინ თბილისის მოსახლეობისთვის - კოკისპირული წვიმის შედეგად, მოქალაქეებს სახლების პირველი სართულები დაეტბორათ. ხალხი მთელი ღამე დახმარებას ითხოვდა. სამაშველო სამსახური გამოძახების გაზრდილი რაოდენობის გამო რიგ ადგილებზე ასვლას ვერ ახერხებდა, რის გამოც პლეხანოვზე, ხუდადოვის ქუჩის მოსახლეობამ გზაც კი გადაკეტა.
მოქალაქეები სოციალურ ქსელებში წერდნენ, რომ წყალი კორპუსის საძირკველიდანაც კი შედიოდათ სარდაფებში. ასევე წყალი შევიდა მეტროსადგურებში "რუსთაველი" და "ვაჟა ფშაველა".
კოკისპირული წვიმის შედეგად გზიდან ქვა-ღორღი ჩამოდიოდა, რის გამოც ავტომობილები მოძრაობას ვერ ახერხებდნენ.
განსაკუთრებით მძიმე ვითარება იყო თმარაშვილის გამზირზე, სადაც მანქანები ფაქტობრივად წყალში დაცურავდნენ.