"ბიზნესის რეკეტის აღიარება" - შეფასებები ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის სკანდალური ჩვენების შემდეგ
"ბიზნესის რეკეტის აღიარება" - ამ შეფასებას აკეთებენ კორუფციის მკვლევარები და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის სკანდალური ჩვენების შემდეგ. სასამართლო პროცესზე რომეო მიქაუტაძემ თქვა, რომ დიდი ფული, რომელსაც ბიზნესიდან ქრთამის სახით იღებდა, გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა.
კორუფციის მკვლევარებს ეჭვი აქვთ, რომ ფული მხოლოდ ლილუაშვილთან არ რჩებოდა. ასეთი შავი ფულით, ქარტული ოცნების შავი სალარო ივსებოდა. ადრე თუ გვიან, მკვლევარების მოლოდინით, ბიზნესი ალაპარაკდება და იტყვის, ვის რჩენას აიძულებდნენ.
წესით, ახლა გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ჯამში რა ოდენობის ქრთამი მივიდა ბიზნესიდან ლილუაშვილთან და სად წაიღო ეს თანხა სუს-ის ყოფილმა უფროსმა.
რომეო მიქაუტაძე ენერგეტიკის სექტორს კურირებდა. ამიტომ, ოპოზიციას ეჭვი აქვს, რომ მხოლოდ ეს ერთადერთი დარგი არ ყოფილა, საიდანაც ბიზნესს ხარკის გადახდა უწევდა. მათი თქმით, ეს საბოლოოდ ხალხის ჯიბიდან ამოღებული ფულია, რადგან მილიონები, რომელსაც ჩემოდნით აგზავნიდნენ, საბოლოოდ, სწორედ იმ ფასებზე აისახებოდა, რომელსაც ამა თუ იმ პროდუქტსა და მომსახურებაში საზოგადოება იხდიდა.