დაბეტონებული ქალაქი დიდი რაოდენობის წყალს ვეღარ ატარებს - ნიკა ჩერქეზიშვილი კალაძის პასუხისმგებლობაზე საუბრობს
"ძლიერი საქართველო- ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა ჩერქეზიშვილი დედაქალაქის დატბორვის შესახებ თბილისის მერიის განცხადებას არასეიოზულს უწოდებს.
"ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს კალაძის მისაღებში გადამწვარიყო ყავის აპარატი"- ამბობს ის "პირველების" ეთერში და აღნიშნავს, რომ ბოლო ერთ თვეში მინიმუმ 4-ჯერ დატბორილი ქუჩები ნიშნავს იმას, რომ სანიაღვრე სისტემა დატბორვას ვეღარ უძლებს, მიზეზი კი ოპოზიციონერის შეფასებით, არასწორი ურბანული პოლიტიკაა.
თბილისის მერია და პერსონალურად კახა კალაძე აგრძელებს თავის პოლიტიკას, ისინი თბილისის განვითარებას უყურებენ, როგორც კორპუსების ზრდას და ამას არ მოჰყვება ინფრასტრუქტურული განვითარება. კორპუსები თავისთავად არ არის პრობლემა, ქალაქი უნდა შენდებოდეს, მაგრამ მას აუცილებლად უნდა მოჰყვებოდეს გზა, სკოლა, საბავშვო ბაღი, სანიაღვრე სისტემა, გამართული საზოგადოებრივი ტრანსპორტი - ეს ყველაფერი კი სინამდვილეში არ ხდება. შენდება კორპუსები, მცირდება ბუნებრივი გრუნტი, მცირდება წყალგამტარები და ბუნებრივია, და ეს დაბეტონებული ქალაქი დიდი რაოდენობის წყალს ვეღარ ატარებს. ის სანიაღვრე სისტემები, როემლიც განახლდა, არც ის არის გათვლილი უხვ ნალექზე"- აცხადებს ჩერქეზიშვილი.
მისი თქმით, რეალური პრობლემა არის ის, რომ ქალაქს რეალური განვითარების გეგმა არ აქვს. "ვერავინ მეტყვის სად ვიქნებით 10-15 წელის შემდეგ, როცა უყურებ იმ პოლიტიკას, რასაც ატარებს "ქართული ოცნების" ხელისუფლება".
ჩერქეზიშვილი პასუხისმგებლობას მოქმედ მერს აკისრებს, რომელიც ამ თანამდებობას 9 წელია, იკავებს.
"კალაძე ისევ დაპირებებს გასცემს, არადა, მესამე ვადა არის ის დრო როცა ის შედეგებზე უნდა ლაპარაკობდეს"- თქვა მან.
რთული ღამე იყო გუშინ თბილისის მოსახლეობისთვის - კოკისპირული წვიმის შედეგად, მოქალაქეებს სახლების პირველი სართულები დაეტბორათ. ხალხი მთელი ღამე დახმარებას ითხოვდა. სამაშველო სამსახური გამოძახების გაზრდილი რაოდენობის გამო რიგ ადგილებზე ასვლას ვერ ახერხებდა, რის გამოც პლეხანოვზე, ხუდადოვის ქუჩის მოსახლეობამ გზაც კი გადაკეტა.
მოქალაქეები სოციალურ ქსელებში წერდნენ, რომ წყალი კორპუსის საძირკველიდანაც კი შედიოდათ სარდაფებში. ასევე წყალი შევიდა მეტროსადგურებში "რუსთაველი" და "ვაჟა ფშაველა".
კოკისპირული წვიმის შედეგად გზიდან ქვა-ღორღი ჩამოდიოდა, რის გამოც ავტომობილები მოძრაობას ვერ ახერხებდნენ.
განსაკუთრებით მძიმე ვითარება იყო თმარაშვილის გამზირზე, სადაც მანქანები ფაქტობრივად წყალში დაცურავდნენ.