„ოცნებას“ სალაპარაკო არაფერი დარჩენია - გალდავა კობახიძის ბრიფინგს პროპაგანდისტულს უწოდებს

18.08.26 13:40
„ოცნებას“ სალაპარაკო არაფერი დარჩენია - გალდავა კობახიძის ბრიფინგს პროპაგანდისტულს უწოდებს

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრი ლანა გალდავა ირაკლი კობახიძის მიერ გეორგიევსკის ტრაქტატსა და ერეკლე მეორის გადაწყვეტილებაზე გამართულ ბრიფინგს ეხმაურება და აცხადებს, რომ ხელისუფლება ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური და პოლიტიკური პრობლემებიდან ყურადღების გადატანას ისტორიულ თემებზე საუბრით ცდილობს.

გალდავას შეფასებით, იმ ფონზე, როდესაც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობები შეჩერებულია, ქვეყანაში კი კორუფციის, ნეპოტიზმისა და მძიმე სოციალური პრობლემების საკითხები დგას, „ქართული ოცნების“ მიერ მსგავსი ბრიფინგების გამართვა პროპაგანდისტულ მიზანს ემსახურება.

„როდესაც შეჩერებულია სტრატეგიული პარტნიორობები, როდესაც ქვეყანა იხრჩობა კორუფციასა და ნეპოტიზმში, როდესაც ქვეყანაში არის ნარკოპანდემია, როდესაც ქვეყანაში არის უამრავი სოციალურად დაუცველი, მოსახლეობას არ აქვს ელემენტარულად ყოველდღიურად გადაადგილების, საჭმლის ფული, პენსიონერებს აქვთ არჩევანი იყიდონ მედიკამენტი თუ გადაიხადონ კომუნალური გადასახადი, ან იყიდონ ყოველდღიურად პური, ამ დროს, რა თქმა უნდა, „ქართული ოცნებისთვის“ საუკეთესო გამოსავალი არის ბელეტრისტიკა, რაღაც ახალი პროპაგანდისტული ბრიფინგების ჩატარება, არაფრის მთქმელი, რაც თავის მხრივ, კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ „ქართულ ოცნებას“ სალაპარაკო არაფერი დარჩენია, გარდა იმისა, რომ ისტორიულ ექსკურსში გადაეშვან, ისიც პროპაგანდისტული მიზნით“, - განაცხადა ლანა გალდავამ.

მსგავსი სიახლეები