საქართველოს ფინანსთა მინისტრმა თანამდებობა დატოვა

01.04.21 05:26
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა თანამდებობა დატოვა

ივანე მაჭავარიანი, რომელიც ფინანსთა მინისტრისა და ვიცე-პრემიერის პოსტს იკავებდა, თანამდებობიდან გადადგა. საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ მან სოცილურ ქსელში დაწერა:

მინდა, გაცნობით ჩემი გადაწყვეტილება, დავტოვო ვიცე-პრემიერისა და ფინანსთა მინისტრის თანამდებობა. უნდა ვთქვა, რომ ფინანსთა მინისტრად სამწლიანი მუშაობის შემდეგ თანამდებობიდან წასვლას ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს ვგეგმავდი, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ წინ გველოდა 2021 წლის კრიზისული ბიუჯეტის დამტკიცების პროცედურა, ასევე, მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პროგრამის დასრულების თაობაზე, მიზანშეწონილად ჩავთვალე, ეს გადაწყვეტილება რამდენიმე თვით გადამედო - დაწერა ივანე მაჭავარიანმა სოციალურ ქსელში

ვანო მაჭავარიანმა განაცხადა, რომ მისთვის პატივი იყო, ემუშავა ,,ქართული ოცნების" პოლიტიკურ გუნდთან. ის მადლობას უხდის ხელისუფლებასა და სამინისტროს თანამშრომლებს.

ვანო მაჭავარიანი ფინანსთა მინისტრის პოსტზე 2018 წელს დაინიშნა. ვიცე-პრემიერის პოსტს კი  2021 წლის 25 თებერვლიდან იკავებდა. ტვ პირველის ინფორმაცით, ივანე მაჭავარიანს თანამდებობიდან წასვლა გაცილებით ადრე სურდა, მაგრამ ირაკლი ღარიბაშვილმა  მისი შეკავება დაწინაურებით სცადა და სწორედ ამიტომ ვიცე-პრემიერად დანიშნა. ფაქტია, რომ მაჭავარიანმა გადაწყვეტილება არ შეცვალა. ფინანსთა უკვე ყოფილი მინისტრი საჯარო სივრცეში და არც კამერებთან ბოლო პერიოდში აღარ ჩნდებოდა.