"საქართველომ ეროვნული ინტერესები „დასავლურ დიქტატზე“ მაღლა დააყენა" - ირანული მედია "ოცნებას" აქებს

24.08.26 09:57
"საქართველომ ეროვნული ინტერესები „დასავლურ დიქტატზე“ მაღლა დააყენა" - ირანული მედია "ოცნებას" აქებს

ირანული მედია საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას აქებს. საუბარია გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც "ოცნება" ირანის წინააღმდეგ დაწეებულ სანქციებს არ შეუერთდა.

„Tehran Times“-მა ვრცელი სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც „ქართული ოცნების“ დეპუტატ თენგიზ შარმანაშვილს ციტირებს და თბილისის პოზიციას „დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის“ გამოვლინებად აფასებს.

გამოცემა წერს, რომ საქართველომ უარი თქვა ევროკავშირის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწესებული ახალი შემზღუდავი ზომების მხარდაჭერაზე და ამ გადაწყვეტილებით, მათი შეფასებით, ეროვნული ინტერესები „დასავლურ დიქტატზე“ მაღლა დააყენა.

„Tehran Times“-ს მოჰყავს თენგიზ შარმანაშვილის განცხადებაც, რომლის თანახმად, საერთაშორისო პოლიტიკაში საქართველოს გადაწყვეტილებები მხოლოდ ერთი კრიტერიუმით უნდა განისაზღვროს - შეესაბამება თუ არა კონკრეტული ნაბიჯი ქვეყნის ინტერესებს.

ირანული გამოცემა თბილისის გადაწყვეტილებას უფრო ფართო გეოპოლიტიკურ კონტექსტშიც განიხილავს და წერს, რომ საქართველოს უარი ევროკავშირის შემზღუდავი ზომების აღსრულებაზე ხაზს უსვამს თეირანსა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის „კონსტრუქციული და პრაგმატული ურთიერთობების სასიცოცხლო მნიშვნელობას“.

სტატიის ავტორები ამტკიცებენ, რომ ირანსა და საქართველოს შორის ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობა ბოლო წლებში გაფართოვდა და ურთიერთპატივისცემასა და რეგიონულ კავშირებზე დაფუძნებული თანამშრომლობა ქვეყნებისთვის უფრო მომგებიანია, ვიდრე, როგორც გამოცემა წერს, „ცალმხრივი ევროპული დიქტატისადმი დამორჩილება“.

„ეროვნული ინტერესების დასავლურ დიქტატზე მაღლა დაყენებით, საქართველო უერთდება მზარდ მრავალპოლუსიან კონსენსუსს, რომელიც რეგიონულ საქმეებში უკანონო გარე ჩარევას უარყოფს“, — წერს „Tehran Times“.

მსგავსი სიახლეები