საიდან იცოდა ღარიბაშვილმა წინასწარ, რომ მას შესაძლოა ბრალი წარდგენოდა? - ლევან სამუშია
"ძლიერი საქართველოს" წევრი, ლევან სამუშია ირაკლი ღარიბაშვილისთვის ახალი კორუფციული ბრალის წარდგენას „ქართულ ოცნებაში“ მიმდინარე კლანურ დაპირისპირებას უკავშირებს და აცხადებს, რომ სწორედ ამ დაპირისპირების შედეგად ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან დაკავშირებული კორუფციული ფაქტები ზედაპირზე ამოდის. მისი თქმით, ყოფილი პრემიერისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის წინააღმდეგ გაჟღერებული ბრალდებები აჩვენებს, „რა კორუფციაში ჩაახრჩო ქვეყანას „ქართულმა ოცნებამ“.
სამუშია ასევე სვამს კითხვას, ხომ არ გამოიყენება მართლმსაჯულება კლანური ანგარიშსწორებისა და ზეწოლის ინსტრუმენტად.
"ქართული ოცნება" არის კორუფციის დიდოსტატთა კრებული, "ქართული ოცნება" არის პოლიტიკური გუნდი, რომელმაც მშვიდობის სახელით ქვეყანას უბედურება მოუტანა. უბედურებაა ის კორუფცია, რა კორუფციაშიც ჩაახრჩო ეს ქვეყანა. ჩვენ ვხედავთ დღეს კლანებს შორის დაპირისპირებას და ამ დაპისპირების შედეგად ამოტივტივდა ის კორუფციული ფაქტები ზედაპირზე, რა კორუფციულ ფაქტებსაც ვხედავთ: სუსის უფროსი დაკავებულია იმის გამო, რომ ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს ჩემოდნებით თანხა მიჰქონდა, დღეს ვხედავთ, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ყოფილ თავდაცვის მინისტრთან ერთად, გვეუბნება პროკურატურა, რომ ჯარს ძარცვავდაო. ეს არის ის რეალობა, რა რეალობაშიც "ქართული ოცნება" საზოგადოებას ამყოფებს და არის კიდევ მეორე კითხვა, ხომ არ ხდება სამართლის გამოყენება, ამ შემთხვევაში, კლანური ინტერესებიდან გამომდინარე, ზეწოლისთვის, ვინაიდან, საიდან იცოდა მაშინ ღარიბაშვილმა წინასწარ, რომ მას შესაძლოა ბრალი წარდგენოდა და არის თუ არა რეალობა წერილთან დაკავშირებით, ვინაიდან ჩვენ ვხედავთ, რომ ის მოყვანილი ფაქტები, დღეს უკვე რეალობად იქცა, - ამბობს ლევან სამუშია.
ირაკლი ღარიბაშვილს ახალი კორუფციული ბრალი წარუდგინეს - საქმე ჯარის ძარცვის საქმეზე დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ეხება. ამის შესახებ გენერალური პროკურორის მოადგილემ ამირან გულუაშვილმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ირკვევა, რომ გამოძიებასთან თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ნათესავმა, მსჯავრდებულმა ვასილ მხეიძემ ითანამშრომლეს.
პროკურატურის ინფომრაციით, ჯარის ძარცვიდან მიღებულ ქრთამს ჯუანშერ ბურჭულაძე ყოფილ პრემიერთან იყოფდა. საუბარია 1 500 000 ლარზე, რომლის ნახევარი ქრთამის სახით თავად დაიტოვა ბურჭულაძემ, ნახევარი კი ირაკლი ღარიბაშვილს რამდენიმე ეტაპად ასევე ქრთამის სახით ხელზე გადასცა.
- გამოძიებით დადგინდა, რომ შესყიდვებში მონაწილე ბიზნესმენმა რამდენიმე ეტაპად ვასილ მხეიძეს ნაღდი ფულის სახით გადასცა მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულებების დაახლოებით 10% - 1 900 000 ლარი, საიდანაც ამ უკანასკნელმა პირადი სარგებლის სახით დაიტოვა 400 000 ლარი, ხოლო დარჩენილი თანხა სრულად გადასცა ჯუანშერ ბურჭულაძეს. ამ უკანასკნელმა ქრთამის სახით მიღებული 1 500 000 ლარიდან, 750 000 ლარი დაიტოვა თავად, ხოლო თანხის მეორე ნახევარი - 750 000 ლარი რამდენიმე ეტაპად ასევე ქრთამის სახით ხელზე გადასცა ირაკლი ღარიბაშვილს.
ახალი კორიფციული ბრალი, რომელიც ღარიბაშვილს წარედგინა 11-15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.