გივი მიქანაძე განმარტავს, რა მოხდება, თუ მშობელი შვილს სავალდებულო სასკოლო ფორმას არ ჩააცმევს
განათლების მინისტრი გივი მიქანაძე განმარტავს, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მშობელი შვილს სავალდებულო სასკოლო ფორმას მიზანმიმართულად არ ჩააცმევს. მისი თქმით, თავდაპირველად მშობელთან არაერთგზის გასაუბრება გაიმართება, შინაგანაწესის განმეორებით დარღვევის შემთხვევაში კი შესაძლო დისციპლინურ ზომებზე გადაწყვეტილებას თავად სკოლა მიიღებს.
თუ ეს არის მიზანმიმართული ნაბიჯი, რომ "მე არ მინდა და არ ჩავაცმევ ჩემს შვილს ფორმას", რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში, პირველ რიგში, იწარმოებს აღმზრდელობითი კომპონენტი და მშობელთან იქნება არაერთგზის გასაუბრება ამ მიმართულებით.
სკოლაში არის შექმნილი დისციპლინური კომისიები და ეს არის მათი პრეროგატივა და გადასაწყვეტი. შინაგანაწესის არაერთგზის დარღვევიდან რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, ამას უკვე თვითონ სკოლა განსაზღვრავს, იმიტომ, რომ თითოეული სკოლა არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი და შესაბამისად, სკოლა განსაზღვრავს, კონკრეტულად რა დისციპლინური ზომები შეიძლება იქნას გამოყენებული.
ჩვენი მიზანია არა ის, რომ ბავშვი არ დავუშვათ სკოლაში, არამედ ბავშვი სკოლაში იყოს, მაგრამ დაემორჩილოს იმ სტანდარტებს და საერთო პრაქტიკას, რომელიც სკოლის შინაგანაწესით არის განსაზღვრული. ფორმა უნდა ეცვას ყველას, - ამბობს გივი მიქანაძე.
სასკოლო ფორმები, რომელიც 2026-2027 წლიდან დაწყებითი სკოლის მოსწავლეებისთვის სავალდებულო ხდება, 1 სექტემბრიდან გაიყიდება. პირველ ეტაპზე მხოლოდ პირველკლასელებისთვის და მისი შეძენა სპეციალურად გამოყოფილი სივრცეებში პირველიდან 14 თებერვლადმდე იქნება შესაძლებელი.