მაჭავარიანი: ღარიბაშვილმა იცოდა ბრალის შესახებ და თემის ხელოვნურად პოლიტიზებას ცდილობდა

24.08.26 14:03
მაჭავარიანი: ღარიბაშვილმა იცოდა ბრალის შესახებ და თემის ხელოვნურად პოლიტიზებას ცდილობდა

"ოცნების" წევრი, ლევან მაჭავარიანი ფიქრობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა ახალი ბრალის შესახებ წინასწარ იცოდა და ციხიდან გამოგზავნილი წერილებით "თემის ხელოვნურად პოლიტიზებას ცდილობდა".

"ჩვენ კორუფციას აბსოლუტურად არავის არ ვაპატიებთ" - უთხრა დღეს ჟურნალისტებს მაჭავარიანმა ღარიბაშვილზე დასმული კითხვის საპასუხოდ. 

„ლოგიკურია, რომ ირაკლი ღარიბაშვილის წერილი ამ ბრალდებას დავაკავშიროთ. ლოგიკურია დავასკვნათ, რომ ის თემის ხელოვნურად პოლიტიზებას ცდილობდა, იცოდა რა, მის მიმართ კონკრეტული ბრალის შესახებ.

ვიდრე გამოძიება არ დასრულდება და სასამართლო განაჩენს არ გამოიტანს, მე ვერ ვიტყვი მას დანაშაული ჩადენილი აქვს თუ არა აქვს ჩადენილი, თუმცა ლოგიკა იმას გვკარნახობს, რომ ყველაფრისგან თავის დაზღვევა უნდოდა.

ძალიან ცუდია, რომ მან ამ მეთოდებით რაღაც ტიპის პოლიტიზება დაიწყო, რასაც ბრძოლასაც ვერ დავარქმევ და რაც მას ნამდვილად არ ეკადრება.

ჩვენ საქმით დავამტკიცეთ თუ როგორი მიდგომა გვაქვს კორუფციასთან დაკავშირებით. ჩვენთვის მნიშვნელობა არა აქვს როგორი თანამდებობის პირია ადამიანი - არის მაღალი თუ არამაღალი თანამდებობის პირი, ჩვენი ამჟამინდელი მინისტრია თუ გუნდის ყოფილი მინისტრია. აბსოლუტურად ყველასთან ერთნაირი მიდგომა გვაქვს“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

ირაკლი ღარიბაშვილს ახალი კორუფციული ბრალი წარუდგინეს - საქმე ჯარის ძარცვის საქმეზე დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ეხება. ამის შესახებ გენერალური პროკურორის მოადგილემ ამირან გულუაშვილმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

ირკვევა, რომ გამოძიებასთან თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ნათესავმა, მსჯავრდებულმა ვასილ მხეიძემ ითანამშრომლეს.

პროკურატურის ინფომრაციით, ჯარის ძარცვიდან მიღებულ ქრთამს ჯუანშერ ბურჭულაძე ყოფილ პრემიერთან იყოფდა. საუბარია 1 500 000 ლარზე, რომლის ნახევარი ქრთამის სახით თავად დაიტოვა ბურჭულაძემ, ნახევარი კი ირაკლი ღარიბაშვილს რამდენიმე ეტაპად ასევე ქრთამის სახით ხელზე გადასცა.

ახალი კორიფციული ბრალი, რომელიც ღარიბაშვილს წარედგინა 11-15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ცნობისთვის, "შაბათის ეთერის" გამომძიებელმა ჟურნალისტებმა ირაკლი ღარიბაშვილის გვარი ჯარის ძარცვის საქმეში ერთი წლის წინ იპოვეს, მას ხელი ბიზნესმენმა ზურა ტუკვაძემ დაადო, რომელიც ნუნუკა თამაზაშვილის ნათესავის ყოფილი ქმარია. 

 

მსგავსი სიახლეები