"ის, რომ პოლიესტერი დამაზიანებელია, მოგონილი სპეკულაციაა" - მიქანაძე სასკოლო ფორმების ხარისხსა და ღირებულებაზე საუბრობს
განათლების მინისტრი გივი მიქანაძე სასკოლო ფორმების ფასსა და ხარისხთან დაკავშირებით გამოთქმულ ბრალდებებს „სპეკულაციას“ უწოდებს და აცხადებს, რომ 95-ლარიანი კომპლექტის ღირებულებაში წარმოების, ტრანსპორტირებისა და ლოჯისტიკის ხარჯებია გათვალისწინებული და ფასი მოგებაზე ორიენტირებული არ არის.
მინისტრის თქმით, მშობლები ვალდებული არ არიან ფორმა სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ პუნქტებში შეიძინონ - მისი გამოწერა ან შეკერვაც შეუძლიათ, თუმცა უნიფორმა დადგენილ დიზაინს, ქსოვილსა და სხვა კრიტერიუმებს ზუსტად უნდა შეესაბამებოდეს.
ასეთი წინასწარი განცხადებების გაკეთება არის მიზანი კონკრეტული ადმაიანების და ჯგუფების იმისთვის, რომ საზოგადოებაში მცდარი წარმოდგენები შექმნას. რაც შეეხება ფორმის ფასს, ამ ფასში არის როგორც დამზადება-შეკერვის, ასევე ტრანსპორტირების და ლოჯისტიკასთან დაკავშირებული ფასი ასახული და მოგებაზე არაა ორიენტირებული. მინიმალურ ფასში არის მოცემული ძალიან მაღალი ხარისხის ტანსაცმელი. ეს არის მსოფლიოში აღიარებული შვეიცარული კომპანიის მიერ გაკეთებული დასკვნა, რომლითაც პირდაპირ მიუთითებს, რომ ხარისხი არის იმ სტანდარტების შესაბამისი, რაც სკოლის მოსწავლეს შეიძლება რომ ეცვას. იმით სპეკულირება, რომ თითქოსდა პოლიესტერი დამაზიანებელია, ეს არის მოგონილი. ჩინურ ვებგვერდებზე რა რა ღირს, ეს კიდევ საკითხავი და მოსაკვლევია. ჩვენ, ამიტომაც, ძალიან მარტივად ვთქვით თავიდანვე, რომ არ არის სავალდებულო, რომ ჩვენგან შეიძინოთ ეს ფორმები, მათ შეუძლიათ, რომ გამოიწერონ ეს ფორმები, მაგრამ აქ ძალიან მნიშნელოვანია, რომ ეს ფორმა, რასაც გამოიწერენ, უნდა იყოს იდენტური იმ კრიტერიუმებისა და იმ დიზაინის, იმ ნაჭრის და მოყვანილობისა, რომელიც დადგენილია შესაბამისი ნორმატიული აქტით. ასევე, მათ შეუძლიათ, შეაკერინონ ეს ფორმები, - ამბობს გივი მიქანაძე.
სასკოლო ფორმები, რომელიც 2026-2027 წლიდან დაწყებითი სკოლის მოსწავლეებისთვის სავალდებულო ხდება, 1 სექტემბრიდან გაიყიდება. პირველ ეტაპზე მხოლოდ პირველკლასელებისთვის და მისი შეძენა სპეციალურად გამოყოფილი სივრცეებში პირველიდან 14 თებერვლადმდე იქნება შესაძლებელი.
რა ეღირება ფორმა მათთვის, ვისაც უფასოდ არ გადასცემენ:
- ბიჭის პიჯაკი - 45 ლარი;
- ბიჭის შარვალი - 25 ლარი;
- გოგოს პიჯაკი - 45 ლარი;
- გოგოს შარვალი - 25 ლარი;
- გოგოს ქვედაბოლო - 25 ლარი.
- ერთი ბავშვის სასკოლო ფორმა, რომელშიც შევა პიჯაკი და ორი შარვალი ან შარვალი და კაბა 95 ლარი ეღირება.
ასევე, შეგახსენებთ, რომ მოძრაობა „სართული“ ხელისუფლებას სასკოლო უნიფორმების შესყიდვასთან დაკავშირებით სავარაუდო კორუფციაში ადანაშაულებს. ორგანიზაციის მტკიცებით, ფორმა, რომელიც სკოლებში პირველი სექტემბრიდან უნდა შევიდეს, მის რეალურ ღირებულებაზე დაახლოებით ოთხჯერ ძვირად გაიყიდება.