ღარიბაშვილის მხრიდან ეპისტოლარული მასკარადის დადგმის მცდელობა საკუთარი თავის დაცვის მცდელობა იყო - გორდულაძე
„როგორც ჩანს, ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან ეპისტოლარული მასკარადის დადგმის მცდელობა საკუთარი თავის დაცვის მცდელობა იყო", - ასე ეხმაურება ირაკლი ღარიბაშვილის ახალ ბრალს „ქართული ოცნების“ დეპუტატი, არჩილ გორდულაძე,
გორდულაძის თქმით, სწორედ ამ დანაშაულის გადასაფარად ცდილობდა ღარიბაშვილი წერილების მეშვეობით თავის გადარჩენას
"სამართლებრივი საქმის პოლიტიზების ნებისმიერი მცდელობა კრახისთვის არის განწირული" - ამბობს გორუდლაძე.
პოლიტიკაში ჩართულ ადამიანებს, თანამდებობის პირებს საკუთარი დანაშაულის გადასაფარად ხშირად სჩვევიათ ხოლმე პოლიტიკური ინსინუაციების წარმოება, რაც ვნახეთ კიდეც.
უმძიმესია, როცა საუბარი გვაქვს უმაღლეს თანამდებობის პირზე, ჩვენი გუნდის მაშინდელ ლიდერზე და პრემიერ-მინისტრზე, რომელიც როგორც აღმოჩნდა, კორუფციულ დანაშაულში პირდაპირ იყო ჩართული. სწორედ ამ დანაშაულის გადასაფარად წერილების მეშვეობით თავის გადარჩენას ცდილობდა.
ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი წარდგენილი აქვს მიმდინარე წლის იანვრიდან და მსჯავრდადებულია მძიმე დანაშაულში - უკანონო შემოსავლის მიღებაში. ასევე მისთვის, როგორც კონკრეტულ დანაშაულში ჩართული პირისთვის ცნობილი იყო, რომ გამოძიება მიმდინარეობდა სხვა დანაშაულთან მიმართებით, რომელიც მძიმე კორუფციული ხასიათის დანაშაულია. აქედან გამომდინარე, საკუთარი თავი რომ გადაერჩინა, ისეთი წერილები გაავრცელა, რომლებიც ერთმანეთს ეწინააღმდეგება.
ადამიანი როცა იტყუება, ერთმანეთში ირევა მის მიერ გავრცელებული სხვადასხვა მოგონილი ინფორმაცია. ახლა მას ბრალი აქვს წარდგენილი, რაც დღევანდელი ბრიფინგიდან გამომდინარე დადასტურებულია. მისი მცდელობა საკუთარი თავის გადარჩენა და პასუხისმგებლობიდან გაქცევა იყო.
რა პოლიტიკაში დაბრუნებაზე და რა პოლიტიკურ ბრძოლაზე შეიძლება იყოს საუბარი, როცა ადამიანს თავადვე აქვს აღიარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობის არალეგალური თანხების მიღება, რაც არ იყო დეკლარირებული და საზოგადოებისთვის ცნობილი. როცა ადამიანს ასეთი დანაშაული აქვს აღიარებული, წესით და რიგით, მას პოლიტიკაში არაფერი ესაქმება. დანარჩენი ინსინუაციებია, რაც მან საკუთარი თავის გადასარჩენად დაიწყო, რადგან იცოდა, მის მიმართ სხვა სავარაუდო დანაშაულის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების შესახებ.
ყველას ნათქვამი, იქნება ეს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ თუ კონკრეტულად ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან არის მცდელობა იმისა, რომ სისხლის სამართლის საქმის წარმოებაში პოლიტიკა შეიტანონ. სამართლებრივი საქმის პოლიტიზების ნებისმიერი მცდელობა კრახისთვის არის განწირული, რადგან ასეთი საქმეები სტრასბურგის სასამართლოში მიდის ხოლმე, სადაც ყოველთვის დასტურდება, რომ როგორც სამართალდამცავი ორგანოების, ასევე სასამართლოს სისტემის საქმიანობა სრულად შესაბამისობაშია როგორც საქართველოს კონსტიტუციასთან, ისე ქართულ კანონმდებლობასა და ევროპული სასამართლოს პრაქტიკასთან“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
ირაკლი ღარიბაშვილს ახალი კორუფციული ბრალი წარუდგინეს - საქმე ჯარის ძარცვის საქმეზე დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ეხება. ამის შესახებ გენერალური პროკურორის მოადგილემ ამირან გულუაშვილმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ირკვევა, რომ გამოძიებასთან თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ნათესავმა, მსჯავრდებულმა ვასილ მხეიძემ ითანამშრომლეს.
პროკურატურის ინფომრაციით, ჯარის ძარცვიდან მიღებულ ქრთამს ჯუანშერ ბურჭულაძე ყოფილ პრემიერთან იყოფდა. საუბარია 1 500 000 ლარზე, რომლის ნახევარი ქრთამის სახით თავად დაიტოვა ბურჭულაძემ, ნახევარი კი ირაკლი ღარიბაშვილს რამდენიმე ეტაპად ასევე ქრთამის სახით ხელზე გადასცა.
ახალი კორიფციული ბრალი, რომელიც ღარიბაშვილს წარედგინა 11-15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ცნობისთვის, "შაბათის ეთერის" გამომძიებელმა ჟურნალისტებმა ირაკლი ღარიბაშვილის გვარი ჯარის ძარცვის საქმეში ერთი წლის წინ იპოვეს, მას ხელი ბიზნესმენმა ზურა ტუკვაძემ დაადო, რომელიც ნუნუკა თამაზაშვილის ნათესავის ყოფილი ქმარია.