ცნობილია, როდის ჩაინიშნა ირაკლი ღარიბაშვილის პროცესი სასამართლოში - ვის დაეწერა ექს-პრემიერის საქმე
თბილისის საქალაქო სასამართლოში ირაკლი ღარიბაშვილის პროცესი დღეს ჩაინიშნა - "პირველების" ინფორმაციით, ზუსტად 13:00 საათზე ბადრაგმა ექს-პრემიერი რუსთავის ციხიდან სასამართლოში უნდა მიიყვანოს, თუმცა უცნობია დათანხმდება თუ არა ღარიბაშვილი თავისივე პროცესზე დასწრებას.
ადვოკატები წინასწარ არ ამბობენ, მივა თუ ყოფილი პრემიერი თავის სასამართლოზე.
- ცნობისთვის, თუ დაპატიმრებული ექს-მაღალჩინოსანი დღევანდელ პროცესს დაესწრება, მას შეუძლია სიტყვა მოითხოვოს, რადგან სასამართლომ ახალი საქმის არსებითად განასხილველად გადაცემაზე უნდა იმსჯელოს.
"პირველებისთვის" ასევე ცნობილი ხდება, რომ საქმე მოსამართლე ფიქრია სიქსტურაშვილს დაეწერა.
ირაკლი ღარიბაშვილს გუშინ ახალი კორუფციული ბრალი წარუდგინეს - საქმე ჯარის ძარცვის საქმეზე დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ეხება.
პროკურატურა ამბობს, რომ გამოძიებასთან თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ნათესავმა, მსჯავრდებულმა ვასილ მხეიძემ ითანამშრომლეს.
გამოძიების თანახმად, ჯარის ძარცვიდან მიღებულ ქრთამს ჯუანშერ ბურჭულაძე ყოფილ პრემიერთან იყოფდა. საუბარია 1 500 000 ლარზე, რომლის ნახევარი ქრთამის სახით თავად დაიტოვა ბურჭულაძემ, ნახევარი კი ირაკლი ღარიბაშვილს რამდენიმე ეტაპად ასევე ქრთამის სახით ხელზე გადასცა.
ახალი კორიფციული ბრალი, რომელიც ღარიბაშვილს წარედგინა 11-15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ცნობისთვის, "შაბათის ეთერის" გამომძიებელმა ჟურნალისტებმა ირაკლი ღარიბაშვილის გვარი ჯარის ძარცვის საქმეში ერთი წლის წინ იპოვეს, მას ხელი ბიზნესმენმა ზურა ტუკვაძემ დაადო, რომელიც ნუნუკა თამაზაშვილის ნათესავის ყოფილი ქმარია.