ღარიბაშვილი, რომელმაც ბრძოლა დააანონსა, სასამართლოზე არ მივიდა - დუმს მისი ადვოკატიც
ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც გუშინ ციხიდან ბრძოლა დააანონსა, სასამართლოზე არ მივიდა - დუმს მისი ადვოკატიც. მიხეილ შაყულაშვილმა სასამართლოს ეზო ისე დატოვა, რომ მედიას არცერთ კითხვაზე არ უპასუხა.
"კომენტარის გარეშე" - ეს იყო უფლებადამცველის დღევანდელი სათქმელი ყველა დასმულ კითხვაზე.
გუშინ ირაკლი ღარიბაშვილი ოჯახმა პოლიტიკურ პატიმრად გამოაცხადა და სამართლებრივი ბრძოლაც დააანონსა, ამიტომ პოლიტიკურ წრეებში არსებობდა მოლოდინი, რომ წერილების შემდეგ, დაკავებული ექს-მაღალჩინოსანი განსასჯელის სკამიდან ალაპარაკდებოდა.
ირაკლი ღარიბაშვილის ახალ სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს, 11:00 საათზე გაიმართება. ახლა მთავარი კითხვაა, დაესწრება თუ არა მომავალ სხდომას მსჯავრდებული ყოფილი პრემიერი.
- ირაკლი ღარიბაშვილს გუშინ ახალი კორუფციული ბრალი წარუდგინეს - საქმე ჯარის ძარცვის საქმეზე დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ეხება.
პროკურატურა ამბობს, რომ გამოძიებასთან თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ნათესავმა, მსჯავრდებულმა ვასილ მხეიძემ ითანამშრომლეს.
გამოძიების თანახმად, ჯარის ძარცვიდან მიღებულ ქრთამს ჯუანშერ ბურჭულაძე ყოფილ პრემიერთან იყოფდა. საუბარია 1 500 000 ლარზე, რომლის ნახევარი ქრთამის სახით თავად დაიტოვა ბურჭულაძემ, ნახევარი კი ირაკლი ღარიბაშვილს რამდენიმე ეტაპად ასევე ქრთამის სახით ხელზე გადასცა.
ახალი კორიფციული ბრალი, რომელიც ღარიბაშვილს წარედგინა 11-15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ცნობისთვის, "შაბათის ეთერის" გამომძიებელმა ჟურნალისტებმა ირაკლი ღარიბაშვილის გვარი ჯარის ძარცვის საქმეში ერთი წლის წინ იპოვეს, მას ხელი ბიზნესმენმა ზურა ტუკვაძემ დაადო, რომელიც ნუნუკა თამაზაშვილის ნათესავის ყოფილი ქმარია.