ენმ-ს ბრიფინგი - ირაკლი ფავლენიშვილი: ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტი მორდორის კარიბჭედ აქცია ივანიშვილმა
"ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტი მორდორის კარიბჭედ აქცია ივანიშვილმა" - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ფავლენიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, რუსები "ქართული ოცნების" მიერ გამარტივებული წესებით იღებენ მოქალაქეობას და სწორედ ასე ხდება ქართველების ჩანაცვლება.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ აუცილებელია "ქართულ ოცნებას" არ ავასრულებინოთ "მათი მზაკვრული ჩანაფიქრი - საქართველო ქართველების გარეშე".
ვიმყოფებით ლარსის გამშვებ პუნქტთან, რომელიც მორდორის კარიბჭედ აქცია ივანიშვილმა და მისმა რეჟიმმა. სწორედ აქედან შემოდის უკონტროლოდ, ოკუპანტი ქვეყნის, რუსეთის მოქალაქეთა უდიდესი ნაწილი. ისინი მოდიან ჩვენ ქვეყანაში და იღებენ მოქალაქეობას ძალიან მარტივად, "ოცნების" მიერ გამარტივებული პროცედურებით. სწორედაც, რომ ასე ხორციელდება ქართველების ჩანაცვლება, ასი ათასობით ქართველი ტოვებს ჩვენ ქვეყანას უპერსპექტივობის და სიღარიბის გამო, ასი ათასობით რუსი შემოდის, ათი ათასობით მათგანს უკვე მისცეს მოქალაქეობა, კიდევ უფრო მეტს მისცემენ მომავალში, თუ მალე არ გავისტუმრეთ ივანიშვილი და მისი რეჟიმი.
მე შეგახსენებთ, რომ ეს ხალხი ეუფლება დომინანტურ მდგომარეობას უძრავი ქონების ბაზარზე, ეს ხალხი ეუფლება მათ შორის დიდძალ ქონებას, ბიზნესს და საფრთხეს უქმნის ქართულ სახელმწიფოებრიობას. ამიტომაც აუცილებელია, იმისთვის, რომ გადავრჩეთ, აუცილებელია იმისთვის, რომ არ ავასრულებინოთ მათი მზაკვრული ჩანაფიქრი - საქართველო ქართველების გარეშე, ამისთვის აუცილებელია მალე მოვახდინოთ ამ სისტემის დემონტაჟი, მალე მოვახდინოთ ამ იმპერიის საცეცების დამარცხება საქართველოში და დავიწყოთ ისევ სახელმწიფოებრივი ცხოვრება, რომელიც ყველა მორდორის კარიბჭეს ჩაახშობს ჩვენი ქვეყნისთვის," - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ბესო შენგელიას თქმით, ბიძინა ივანიშვილი 2028 წლის არჩევნებისთვის ემზადება და ქვეყანაში რაც შეიძლება მეტი რუსის ჩამოყვანა და მათთვის მოქალაქეობის მიცემა უნდა.
ლარსის გამშვები სასაზღვრო პუნქტი მხოლოდ სასაზღვრო პუნქტი არ არის, ეს გახლავთ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ფილტრი, დღეს ეს ფილტრი ივანიშვილის რეჟიმს აქვს მოხსნილი, დღესდღეობით, მხოლოდ სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, 28 ათასზე მეტმა რუსეთის მოქალაქემ მიიღო საქართველოს მოქალაქეობა. ივანიშვილი ემზადება 2018 წლის არჩევნებისთვის და რაც შეიძლება მეტი რუსის ჩამოყვანა უნდა სწორედ აქ ლარსის სასაზღვრო პუნქტიდან და ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ეს რეჟიმი დავამარცხოთ, გავუშვათ და საქართველო ეკუთვნოდეს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ, ეროვნულ ადამიანებს, ვისაც გვინდა ამ ქვეყანაში ცხოვრება," - ამბობს ბესო შენგელია.