ზურაბიშვილი: ვერ გამოვრიცხავთ, რომ საქართველოში შემოსულ რუსებს შორის დესტაბილიზაციის მიზნით მოქმედი პირებიც არიან
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების ნაკადზე კონტროლის გამკაცრების აუცილებლობაზე საუბრობს. მისი განცხადებით, ჯერ კიდევ 2022 წელს, რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ საქართველოში რუსების მასობრივი შემოსვლის ფონზე, ხელისუფლებას უსაფრთხოების საბჭო უნდა მოეწვია და ერთწლიანი უვიზო რეჟიმი სამთვიანი ვადით შეეცვალა.
ზურაბიშვილი ამბობს, რომ სახელმწიფო დღესაც სათანადოდ ვერ აკონტროლებს, სად და რა საქმიანობას ეწევიან საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეები და, მისი შეფასებით, მათ შორის დესტაბილიზაციის მიზნით მოქმედი პირების არსებობაც ვერ გამოირიცხება.
მე 2022 წელს პირველად, როცა პირველი მობილიზაციის ფონზე წამოვიდა ის ძალიან დიდი ტალღა რუსების, მაშინაც ვამბობდი, რომ ჯერ ერთი, უსაფრთხოების საბჭო უნდა შემდგარიყო და შეესწავლა ეს საკითხი და ჩემი წინადადება იყო, რომ ის ერთწლიანი ვიზა, რომლის გაგრძელება ძალიან მარტივია, შეგვეცვალა 3 თვიანი ვიზით, რაც არ არის არანაირად აკრძალვა შემოსვლის, მაგრამ მოგვცემდა ჩვენ და ჩვენს უწყებებს საშუალებას, რომ რაღაც კონტროლი განეხორციელებინა ამ ნაკადზე. ჩვენ ხომ არაფერს ვაკონტროლებთ, არ ვიცით სად მუშაობენ, რას მუშაობენ - არაფერი კონტროლდება, მხოლოდ ჩვენზეა კონტროლი, ვინ რომელ ტროტუარზე დადგება. და, ამათ შორის რომ არიან ვიღაცეები, ვინც იმისთვის არიან წამოსული, რომ რაღაც დესტაბილიზაციას ემსახურონ, ეს ვერაფრით გამორიცხავს ამას და ვინც იცის რუსული სტრატეგია, ეს არის წესი რუსული შესვლის სხვადასხვა ქვეყნებში, - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.