ზურაბიშვილი აფხაზეთში საწვავის მიწოდებაზე: უნდა დამტკიცდეს, რომ ბენზინი მოსახლეობას მოხმარდა და არა რუსულ სამხედრო ბაზებს

27.08.26 11:39
ზურაბიშვილი აფხაზეთში საწვავის მიწოდებაზე: უნდა დამტკიცდეს, რომ ბენზინი მოსახლეობას მოხმარდა და არა რუსულ სამხედრო ბაზებს

 

 

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის მიწოდების საკითხზე გამჭვირვალობასა და კონტროლს მოითხოვს. მისი განცხადებით, თუ საწვავის მიწოდება ჰუმანიტარულ მიზანს ემსახურებოდა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობის შემსუბუქებას ისახავდა მიზნად, ასეთი ნაბიჯი მისაღებია, თუმცა ხელისუფლებამ უნდა დაადასტუროს, რომ ბენზინი მოსახლეობის საჭიროებებს მოხმარდა და არა აფხაზეთში განთავსებულ რუსულ სამხედრო ბაზებსა და სამხედროებს. 

თუკი ეს არის ჰუმანიტარული ნაბიჯი, მე ვთქვი და გავიმეორებ, ძალიან მისაღებია, რომ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ცხოვრობენ აფხაზეთში, რომელიც არის საქართველოს ტერიტორიის ნაწილი, შევუმსუბუქოთ ის მდგომარეობა, რომელიც შეიქმნა იქ არა მათი ბრალით, არამედ რუსეთის გამო. მაგრამ ეს იმა ნიშნავს, რომ ჩვენ ეს უნდა ვაკონტროლოთ, შეგვეძლოს იმის დამტკიცება, რომ ეს ბენზინი მართლაც მიდის მოსახლეობის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად და არა რუსული ბაზების და რუსი სამხედროების, რომლებიც არიან ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი და რომლებიც არიან აგრესორები აფხაზეთში ისევე, როგორც უკრაინაში. ამიტომ დაგვიმტკიცოს, რომ ეს ჰუმანიტარული ნაბიჯი იყო და ვინ  მიიღო და როგორ დარიგდა, ვინ იყო ჩვენი მხრიდან გამაკონტროლებელი იმის, თუ სად მიდიოდა ეს ბენზინი, - ამბობს ზურაბიშვილი.