მამუკა მდინარაძე თანამდებობას და პოლიტიკას ტოვებს
"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, ვიცე-პრემიერი და რეგიონული განვითარების მინისტრი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ პოლიტიკიდან მიდის. მდინარაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ რამდენიმე წუთის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
მან მადლობა გადაუხადა "ქართული ოცნების" წევრებს და ლიდერებს, მათ შორის ბიძინა ივანიშვილს.
მდინარაძე ამბობს, რომ საკუთარი გადაწყვეტილების სისწორეში ივანიშვილი უკვე დაარწმუნა.
მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო თანამდებობა, პრინციპში პოლიტიკაც. ბევრი საუბარი რომ არ გავაგრძელო ამ თემასთან დაკავშირებით, შემიძლია გითხრათ, ჩემთვის ეს ათი წელი, რომელიც პოლიტიკაში ვიყავი, იყო შრომის, სამშობლოს ერთგულების და მეგობრებთან ერთად დიდი საქვეყნო საქმის კეთების ათი წელი, ერთი ბედნიერება "ქართული ოცნების" გუნდთან ერთად ამ სამსახურში ყოფნა.
მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო "ქართული ოცნების" თითოეულ ჯარისკაცს, თითოეულ წევრს, თითოეულ ლიდერს, ბატონი ბიძინა ივანიშვილიდან დაწყებული, დამთავრებული რიგითი ჯარისკაცებით, როგორც ჩვენ ამ დიდ ოჯახში ვეძახით ხოლმე იმიტომ, რომ თითოეულ მათგანს თავისი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოს დამოუკიდებლობის, მისი იმ დონეზე მიყვანის საქმეში, რა დონეზეც დღეს ამაყად შეგვიძლია ვთქვათ, არასდროს საქართველოში არ იყო სიტუაცია, რომ გადაწყვეტილებები მიიღებოდა აქ, ქართველების, ქართველი ხალხის და ჩვენი სამშობლოს შესახებ და დღეს ეს სიტუაცია ნამდვილად გვაქვს. [...]
მადლობას ვუხდი, რა თქმა უნდა, ჩემ ოჯახს, რომელსაც მინდა მეტი ყურადღება მივაქციო..." - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
გადადგომისა და პოლიტიკიდან წასვლის განცხადებას წინ უსწრებდა პატიმრობაში მყოფი ექს-პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის წერილი.
ღარიბაშვილმა მის თანაპარტიელს, მამუკა მდინარაძეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით, უკანონო გარიგების შუამავლობაში დასდო ბრალი. მდინარაძემ შუამავლობა კამერების წინ უარყო და თქვა, რომ ექს-პრემიერი, ორ დღეში გამოქვეყნებულ ორ წერილში, "ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებს".
შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძემ 29 ივლისს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ იქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებდა. მანამდე კი რეგიონული განვითარების სამინისტროს უხელმძღვანელებდა.
"ქართული ოცბნების" გადაწყვეტილებით, უქმდება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაც, რომელიც რამდენიმე თვის წინ შეიქმნა და რომელსაც სუს-იდან გადმოყვანილი მამუკა მდინარაძე ხელმძღვანელობდა.
მამუკა მდინარაძეს თანამდებობიდან გაშვების წინა დღეს ირაკლი კობახიძემ გენერალ-მაიორის წოდება მიანიჭა. ეს მდინარაძის მე-6 წოდებაა ბოლო 7 თვის განმავლობაში.